სერიოზული ამბავი: გორის "დილას" შეძენა სოლიდურ ებრაულ ბიზნესჯგუფს სურს

AutoSharing Option
"დილა" სულ მალე ჩაერთვება ევროპალიგის გათამაშებაში. მართალია, გორელები პირველ ეტაპზე განთესილთა შორის არიან, მაგრამ ეს სულაც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ გუნდი ამ ეტაპს გადალახავს...

არცთუ სახარბიელო დღევანდელობა
არაერთხელ დაგვიწერია - " დილაში" ამჟამად უმძიმესი ფინანსური მდგომარეობაა. თუ არაფერი შეიცვალა, ევროტურნირების დაწყებამდე ან ევროასპარეზიდან გავარდნის შემდეგ გუნდს დატოვებენ ლიდერები - ოთარ მარცვალაძე, გუგა ფალავანდიშვილი, დავით კვირკველია, ირაკლი ძარია და სხვები.

ამ ეტაპზე ფეხბურთელებს გუნდში მთავარი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის თხოვნა და პატივისცემა აკავებთ, მაგრამ ყველა დაგვეთანხმება, რომ 500-ლარიან კონტრაქტზე მთელი სეზონის განმავლობაში
გამოცდილი ფეხბურთელი ვერ ითამაშებს.

"დილას" ლიდერებს კი ვარიანტები საკმაოდ აქვთ. მაგალითად, მარცვალაძეს ერთ-ერთი უცხოური გუნდი იწვევს. რაც შეეხება კვირკველიას, ბათუმის "დინამოში" მისი გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია, თუმცა ფეხბურთელმა ანგარიში გაუწია "დილას" ხელმძღვანელობის თხოვნას და ევროთასებზე გორულ კლუბს შეეშველება.

ახალწვეულია ფლანგის ნახევარმცველი გრიგოლ დოლიძე. ის გორულ კლუბში ადრე უკვე თამაშობდა. ერთი კია: დიდი ალბათობით, ევროთასების შემდეგ დოლიძეც დატოვებს გუნდს და თავის გზას მონახავს.

ფრიად სანდო წყარომ გაგვიმხილა, რომ "დილას" ევროთასებისთვის ქუთაისის "ტორპედოდან" ორი ფეხბურთელის დამატება სურდა. მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა გიორგი ქიმაძისა და როინ კვასხვაძის ტრანსფერები. არადა, ეს ფეხბურთელებიც მხოლოდ ევროთასებზე დაეხმარებოდნენ "დილას", რაც შედარებით გააძლიერებდა გორელთა პოტენციალს. საბოლოო ჯამში, ქიმაძე და კვასხვაძე ქუთაისურ კლუბში დარჩნენ.

ამასობაში, "დილამ" პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და "სამტრედიასთან" შინ 0:2 დამარცხდა. სოსიაშვილის გუნდში ითამაშა კამერუნის 23-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ჯენგ-ჯენგ კრისტიანმა. გუშინ კი გავიგეთ, რომ გორელთა მთავარმა მწვრთნელმა საჭიროდ არ ჩათვალა აფრიკელი ფეხბურთელის გუნდში დატოვება.

გორელები შეკრებას 17 ივნისიდან იწყებენ. მომდევნო ამხანაგურ მატჩს "დილა" 18 ივნისს, თბილისში, "მიხეილ მესხზე", აზერბაიჯანულ "გაბალასთან" გამართავს, 20 ივნისს საკუთარ მოედანზე "ვიტ ჯორჯიას" მიიღებს, ხოლო 23 ივნისს სომხურ "შირაქს" უმასპინძლებს.

სინათლე გვირაბის ბოლოს
ამასობაში, გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს. როგორც სანდო წყარომ შეგვატყობინა, "დილას" შეძენით სერიოზული ებრაული ბიზნესჯგუფი დაინტერესდა. ეს არის ოთხკაციანი ჯგუფი და ისინი უკვე შეხვდნენ როგორც "დილას" წარმომადგენლებს, ისე შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს.

მოგეხსენებათ, "დილა" ამჟამად სახელმწიფო ბალანსზეა, სახელმწიფოს კი ძალიან უნდა აწყობდეს კლუბში სოლიდური კერძო ინვესტორის გამოჩენა. ჯერ ერთი, ამით ის ტვირთს შეიმსუბუქებს და მეორეც - ქართულ ფეხბურთში ახალი კერძო ინვესტორი თუ გამოჩნდა, ამ საქმეში წვლილს სახელმწიფოც გაიღებს.

ჩვენი ინფორმაციით, ებრაელი ბიზნესმენები მზად არიან, კლუბიც დააფინანსონ და ინფრასტრუქტურაც განაახლონ. იგეგმება ფეხბურთელების საცხოვრებელი კორპუსის, საცურაო აუზის, კვების ბლოკის მშენებლობა და ასე შემდეგ...

გარდა ამისა, მისასალმებელია ებრაელი ბიზნესმენების ნებაც - ისინი მზად არიან, სახელმწიფოს კლუბზე კონტროლის მექანიზმი მაინც დაუტოვონ.

მას შემდეგ, რაც ჩვენი ინფორმაცია "დილაში" დაგვიდასტურეს, "ლელო" დაუკავშირდა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს, სოსო ოქრომელიძეს, რომელმაც "დილასა" და, ზოგადად, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დამაიმედებელი ინფორმაცია მოგვაწოდა:

"მოლაპარაკება მიმდინარეობს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მივიდეთ ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც გაახარებს "დილას" და ქართული ფეხბურთის ქომაგს.

ვმსჯელობთ, როგორ შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი. არაფერია გამორიცხული. ეგაა, სახელმწიფომ კლუბზე კონტროლის რაღაც მექანიზმი მაინც უნდა შეინარჩუნოს, რადგან, თავადაც იცით, სახელმწიფოს მხრიდან ხდება კლუბების დახმარება", - გვითხრა ოქრომელიძემ.

* * *
დიდი იმედი გვაქვს, რომ ქართულ საკლუბო ფეხბურთს კიდევ ერთი კერძო ინვესტორი დაემატება, მათი რაოდენობა დღეს ხომ ასე მცირეა. იმისიც გვჯერა, რომ სახელმწიფოს მესვეურები ყველანაირად შეუწყობენ ხელს ფეხბურთით დაინტერესებულ ებრაელ ბიზნესმენებს.

რაც მთავარია, იმისიც გვჯერა, რომ პოტენციურ ინვესტორებს მართლა გულით უნდათ საქმის კეთება...

გორული ფეხბურთის ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როცა ინვესტორს კლუბის შეძენა ნდომებია და მთელი რიგი არცთუ ობიექტური მიზეზების გამო გარიგება ჩაშლილა. გვინდა გვჯეროდეს, რომ ახლა ასე აღარ მოხდება და საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთი ძლიერი და წელში გამართული კლუბი იქნება, მანამდე კი ამ კლუბს ქვეყნის ღირსება ევროტურნირებში აქვს დასაცავი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 51 /
ჩავჩუმდა ხო ეს საქმე? "კონტროლის მექანიზმები" გეჭიროთ მაგრად, არ გაგივარდეთ ხელიდან
ირისტონ
11:28 23-06-2016
0
ლევან-დოვკო მეგობარო, შენი ნათქვამიდან ისე გამოდის, რომ იმიტომ ყიდულობენ დილას, რომ გორზე და გორის ფეხბურთზე ამოსდით მზე და მთვარე!
-განა შეიძლება სულ, მთელი სიცოცხლე ცრუობდეს ადამიანი?
Shoda
14:35 17-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული