ბაჩანა არაბული ცეცაძესთან - ვის ემშვიდობება თბილისის "დინამო"

AutoSharing Option
ბოლო დღეებში თბილისის "დინამოს" ახალწვეულებზე ვწერთ. ჯერჯერობით, არაფერი გვითქვამს გუნდიდან წამსვლელებზე.

უკვე დაიწერა, რომ საქართველოს ჩემპიონს დატოვებენ სლოვაკი მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკა, ნახევარმცველი გიორგი ჯანელიძე, მცველი გიორგი გურული და ოთარ კაკაბაძე, რომელსაც ესპანური "ხიმნასტიკი" ეპატიჟება და კონტრაქტი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაფორმდება.

არის ალბათობა, "დინამო" მეორე მეკარემ, გიორგი ბეგაშვილმაც დატოვოს. იყო ვარიანტი, საქართველოს ჩემპიონსა და თასის მფლობელს "ჩიხურას" ბოსნიელი კარის დარაჯი დინო ჰამზიჩი მიეწვია, მაგრამ ბათუმის "დინამოს" სერბი თავდამსხმელის, ნიკოლა კომაზეცის მსგავსად, საქართველოში დარჩენა აღარც ჰამზიჩს სურს.

შევიტყვეთ, რომ გიორგი გურული კარიერას
ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს. 27 წლის მცველმა დიდ ფეხბურთში კარიერა 2005 წელს სწორედ "ტორპედოში" დაიწყო, სადაც 8 წლის (2005-07, 2009-13) განმავლობაში თამაშობდა.

სიახლეა ისიც, რომ გუნდის დატოვებას აპირებს ბაჩანა არაბულიც. მისი ახალი ნავსაყუდელი, სავარაუდოდ, "სამტრედია" იქნება, სადაც მას გია ცეცაძე იწვევს. 22 წლის ფორვარდი სწორედ სამტრედიელთა ამჟამინდელი მწვრთნელის ხელში გაიზარდა და გამოჩნდა. გია გეგუჩაძემ არაბული "ცხინვალიდან" "დინამოში" მიიყვანა და ხშირად ათამაშებდა კიდეც, განსხვავებით იურაი იარაბეკისგან, რომელიც ამ თავდამსხმელს ნაკლებად ენდობოდა.

გადაწყვეტილია, რომ გუნდს დატოვებს შემტევი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძეც. ეს ნიჭიერი ფეხბურთელი თბილისელთა ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა. "დინამოს" სურს, ლობჟანიძემ სეზონი სათადარიგოთა სკამზე არ გაატაროს და სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. ამიტომ მას იჯარით საჩხერის "ჩიხურაში" გაუშვებენ, სადაც სოსო ფრუიძის გუნდს ევროპალიგაზე და გარდამავალ ჩემპიონატში დაეხმარება.

ზაზა ჭელიძეს კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით ჰქონდა გაფორმებული. ამ ხელშეკრულების პირველი ნაწილი მაისში ამოიწურა. "დინამომ" ჭელიძეს დარჩენა შესთავაზა და 28 წლის უნივერსალი მომავალ სეზონსაც თბილისურ კლუბში დაიწყებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული