დინამო (ბთ)-ლოკომოტივი 1:0 - დამძიმებული "ლოკომოტივი"

AutoSharing Option
ქობულეთში ერთმანეთს ის ორი გუნდი შეხვდა, მეორე წრე ცუდად რომ ჩაატარა. პირველი ტაიმი მძიმე სანახავი გამოდგა. თითქოს, ფეხბურთელებს თამაში მიუსაჯეს, არც მოძრაობა ჩანდა, ტემპზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

ბათუმელებს სწრაფი შეტევების ორგანიზება უჭირდათ, სტუმრებს კი - კონტრშეტევების.

თუმცა მასპინძლებმა რამდენიმე ეპიზოდში აზრიანად ითამაშეს და სწორედ მაშინ გაიტანეს: 22-ე წუთზე ვაკო თევდორაძემ, რომელიც საერთო ფონზე ეფექტური თამაშით გამოირჩეოდა, ბურთთან ერთი შეხების შემდეგ მეკარესთან პირისპირ დატოვა თემურ შონია, რომელმაც ლოგიკურად დააგვირგვინა შეტევა - 1:0.

სხვაობის გაზრდა შეეძლო ნიკოლა კომაზეცს, რომელიც დასარტყმელ პოზიციაზე იმავე
თევდორაძემ დატოვა, მაგრამ სერბმა თავდამსხმელმა ბურთი კარს ააცილა.

კიდევ ერთი მომენტი ტაიმის მიწურულს შეიქმნა, როცა შონიამ საკუთარ საჯარიმოსთან მოიგერია ბურთი, რომელიც თბილისელთა ნახევარზე პაპუნა ფონიავამ მიიღო, საჯარიმომდე მცველს გასცდა და... ახლო მანძიდან ბურთი ძელს მოარტყა!

"ლოკომოტივი" მხოლოდ მეორე ტაიმში გამოცოცხლდა და შეუტია. ამ დროისთვის ბათუმელებს თამაშის ხალისი აშკარად არ ეტყობოდათ. თუმცა ჟერარ სარაგოსა მულეტის გუნდი ბურთის აზრიანად და სწრაფად გათამაშებას ვერ ახერხებდა.

მხოლოდ თამაშის ბოლოს მოახერხეს თბილისელებმა ორი რეალური საგოლე მომენტის შექმნა. პირველ შემთხვევაში, მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი გეგა დიასამიძემ კარში ახლო მანძილიდან გააგზავნა, მაგრამ ბათუმელთა დებიუტანტმა მეკარე რომან ტაკიძემ მოიგერია, კუთხურის გათამაშების შემდეგ კი მასპინძლები ძელმა იხსნა.

ბათუმელებიდან თავის გამოჩენა არჩილ ტვილდიანს შეეძლო, თევდორაძემ კი მოედნის ცენტრიდან სცადა გატანა, მაგრამ მეკარეს თავზე ვერ გადაუგდო.

საბოლოოდ, ბათუმის "დინამომ" 1:0 მოიგო და "ლოკომოტივს" მდგომარეობა დაუმძიმა - ბოლო ორ ტურში, ლიგიდან რომ არ გავარდეს, სარაგოსას გუნდს 2 ქულის მოპოვება სჭირდება.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური
08.05. ქობულეთი. "ჩელე არენა"
დინამო (ბთ)-ლოკომოტივი 1:0
გოლი: 1:0 შონია (22. თევდორაძის პასით)
დინამო (ბთ): რ. ტაკიძე - ტვილდიანი, ტეტუნაშვილი, გოგიტიძე, სუხიაშვილი - შონია, ვარშანიძე - ფონიავა (70. გ. კაშია), ქავთარაძე (88. ჭკუასელი), თევდორაძე - კომაზეცი (79. მაქაცარია).
სათადარიგოები: მამინაშვილი, ქორიძე, ნ. დიასამიძე, მიხაილოვიჩი
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
ლოკომოტივი: კუპატაძე - გეთიაშვილი, გაბაძე, მახარაძე, ფოფხაძე - ქიქავა, სამურკასოვი - მზევაშვილი (76. კიკაბიძე), სულთანიშვილი (46. გ. დიასამიძე), ჩაგელიშვილი - დარციმელია (64. გავაშელიშვილი).
სათადარიგოები: მიქავა, პატარკაციშვილი, ბენაშვილი, ზ. ქანთარია
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა მულეტი
გაფრთხილება: გაბაძე (67)
არბიტრი: ლ. სილაგავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული