უმაღლესი ლიგა. XXVII ტურის წინ: გამძლეობის ტესტის დასასრული!

AutoSharing Option
ამ ტურით "აპრილის მარათონი" დასრულდება: უმაღლესი ლიგის 15 გუნდისათვის შაბათის მატჩი მეექვსე იქნება ამ თვეში, თბილისის "დინამოსთვის", "სიონისათვის" და "ჩიხურასათვის" კი - მეშვიდე!

...აპრილის თვეში ჩასატარებელ ბოლო ტურს გუნდების უმრავლესობისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება: ოთხი გუნდი ევროსაგზურის ორი (ან - სამი) საგზურისათვის იბრძვის, ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ ექვს გუნდს კი უმაღლეს ლიგაში დარჩენა ჯერ არ გაუნაღდებია.

მოკლედ, უმაღლესი ლიგის გუნდების უმრავლესობა მოტივაციის ნაკლებობას არ უნდა უჩიოდეს და იმასაც როგორმე "ავიტანთ", 16-გუნდიანი ჩემპიონატის კვალობაზე, მხოლოდ 6 გუნდს რომ აღარ აქვს არანაირი
სატურნირო ინტერესი.

არა უშავს: თვეზე ნაკლები დარჩა სეზონის დამთავრებამდე და მერე კი "საზეიმოდ" (ალბათ, სამუდამოდ) გავაცილებთ 16-გუნდიანი ჩემპიონატის ამ ფორმატს და დიდი იმედით დაველოდებით ახალ, გარდამავალ ჩემპიონატს, სადაც, წესითა და რიგით, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი სხვადასხვა მანიპულაციები თუ საფეხბურთო "მაიმუნობები".

თუმცა, ვიდრე ახალ ჩემპიონატს დავიწყებთ, მანამდე ხომ მიმდინარე გვაქვს ჩასამთავრებელი. იმედს ვიტოვებთ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინადღეს დანიშნული ტური "მშვიდობიანიც" იქნება და ყველა მატჩი "სამართლიანი თამაშის" პრინციპების სრული დაცვით ჩატარდება...

30.04. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 16:00
სამტრედია-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
32: +4 =3 -25, 18-79
დისკვალიფიკაცია: გიორგი დათუნაიშვილი, ავთანდილ ენდელაძე, ბიძინა ცინცაძე (ყველა სამტრედია) - ჯაბა ჯიღაური (დინამო თბ)
პირველი წრე 1:3

ტურის ყველაზე საინტერესო და საინტრიგო მატჩი, რომელიც, დარწმუნებული ვართ, რომ სრული ანშლაგით ჩაივლის! "სამტრედია" ისედაც არ განიცდის გულშემატკივართა ნაკლებობას და ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი ინტერესით ელოდებიან საქართველოს ახალი ჩემპიონის ვიზიტს სამტრედიელი ქომაგები.

თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ მეტოქისაგან განსხვავებით, "სამტრედიას" საკმაოდ სერიოზული სატურნირო მოტივაცია უნდა ჰქონდეს: იმისათვის, რომ ამ გუნდმა 21-წლიანი პაუზის მერე იასპარეზოს ევროტურნირებზე, დარჩენილ ოთხ ტურში 6 ქულის აღებაა საჭირო.

ისე, გულახდილად რომ ვთქვათ, გია ცეცაძის დამოძღვრილი "სამტრედია" ამ სეზონში ალალად იმსახურებს ზედა სამეულში მოხვედრას. ეგ კი არა, XXIV ტურამდე სწორედ "სამტრედია" მიიჩნეოდა "დინამოს", ფაქტობრივად, ერთადერთ კონკურენტად საჩემპიონო რბოლაში.

თუმცა, "სამტრედიამ" ბოლო სამ ტურში მხოლოდ 4 ქულა მოიპოვა და ეს საჩემპიონო ინტრიგაც მორჩა. ამის მიუხედავად, მაინც გვგონია, რომ "სამტრედიას" ახალგაზრდული გუნდი ზემოტივირებული გამოვა ტიტულიანი მეტოქის წინააღმდეგ და იმასაც შეეცდება, რომ პირველ წრეში განცდილი მართლაც დასანანი მარცხისათვის რევანში აიღოს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 21 ნოემბერს, ლიბორ ჰრდლიჩკამ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, უდავოდ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა: "დინამოს" სლოვაკმა მეკარემ ავთანდილ ენდელაძეს, დავით რაჟამაშვილსა და ლაშა შერგელაშვილს ურთულესი ბურთები აუღო, დავით მთივლიშვილმა კი ბურთი ხარიხას გაარტყა.

იმ შეხვედრას კიდევ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავდა: "დინამოს" ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა "დუბლი" შეასრულა" და იმ ორი გოლიდან ერთ-ერთი, მართლაც, ეფექტურზე-ეფექტური იყო. "დინამოს" ქომაგთა სამწუხაროდ, ჯიღაური (რომელიც კარიერაში, საუკეთესო სეზონს ატარებს) ამ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს.

თუმცა სლოვაკი კოლეგის, იურაი იარაბეკისაგან განსხვავებით ბევრად უფრო დიდი საკადრო პრობლემები აქვს გია ცეცაძეს, რომელიც ასევე დისკვალიფიკაციის გამო სამ ფეხბურთელს მოისაკლისებს.

აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში მხოლოდ ოთხჯერ მოხდა, რომ "სამტრედიამ" შეძლო "დინამოს" დამარცხება - 1994/95 (ორივე მატჩი), 2009/10 და 2010/11 წლების სეზონებში.

30.04. ზემო ეწერი. 16:00
ზუგდიდი-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
1: +0=0 -1, 0-1
პირველი წრე 0:1

წინა ტურის მერე "ზუგდიდში" კიდევ ერთი სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა (ამ სეზონში - მეოთხე!) და ისევე როგორც პირველი წრის მიწურულს, გუნდის გაძღოლა კვლავაც ლევან მიქაძეს მიენდო.

ვნახოთ, როგორ იმოქმედებს ეს სამწვრთნელო ცვლილება გუნდის შედეგებზე, არადა, "ზუგდიდისათვის" დარჩენილ ოთხივე მატჩს უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა აქვს. თუმცა, იმავე კონკურენტებისაგან განსხვავებით, ამ შეხვედრის გარდა, "ზუგდიდი" მომდევნო ორ მატჩშიც მასპინძელი იქნება.

აი, "საბურთალო" კი აგრძელებს მართლაც მშვენიერ წაუგებელ სერიას და ეს ახალგაზრდული გუნდი რომ არავის და არაფერს ეპუება, ამის დასტურად ბოლო ორი მატჩიც გამოდგება: პაბლო ფრანკო მარტინის შეგირდებმა 5-5 გოლი გაუტანეს "კოლხეთსა" და "მერანს"...

30.04. ქობულეთი. ჩელე არენა. 16:00
შუქურა-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
5: +2 =2 -1, 7:6
დისკვალიფიკაცია: ირაკლი კომახიძე (შუქურა) - ვანო წილოსანი (გურია)
პირველი წრე 0:0

ორივე გუნდისთვის ჩემპიონატი, ფაქტობრივად, დამთავრებულია და ამ ყოვლად უმოტივაციო შეხვედრასაც არანაირი სატურნირო ინტერესი არ ექნება...

30.04. მარტვილი. მურთაზ ხურცილავა. 16:00
მერანი-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
11: +4 =1 -6, 15-11
დისკვალიფიკაცია: გიორგი ლემონჯავა (კოლხეთი)
პირველი წრე 1:2

იმის მიუხედავად, რომ "კოლხეთი" დღესდღეობით 8 ქულით უსწრებს "მერანს", ფოთელთა გუნდს მაინც არა აქვს გარანტირებული "მშვიდი" ფინიში, მით უფრო, რომ გელა სანაიას გუნდს, ამ ტურის მსგავსად, მომდევნო მატჩებიც ზემოტივირებულ მეტოქეებთან აქვს.

აი, "მერანმა" კი წინა ტურში განცდილი მარცხის გამო საგრძნობლად გაირთულა სატურნირო მდგომარეობა და ნურც ის დაგვავიწყდება, რომ მარტვილელთა გუნდს მომდევნო მატჩი "ზუგდიდთან" აქვს (თანაც - სტუმრად), შემდეგ კი "სამტრედიას" უნდა უმასპინძლოს...

30.04. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე. 16:00
გურია-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
7: +2 =1 -4, 9-19
პირველი წრე 0:5

...რომ არა ბოლო სამ ტურში მოპოვებული 7 ქულა, "გურიას" სატურნირო მდგომარეობა მართლაც უიმედო იქნებოდა, მაგრამ უმაღლეს ლიგაში ოთწლიანი პაუზის მერე თემურ მახარაძის დაბრუნებამ ლანჩხუთელებს სულზე მიუსწრო.

ფაქტია, რომ ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით "გურია" ნელ-ნელა ამოვიდა გასავარდნი ზონიდან და რატომღაც იმაშიც ვართ დარწმუნებულნი, რომ ლანჩხუთელები "სრული სიმშვიდისთვის" აუცილებელ 3-4 ქულასაც უპრობლემოდ მოიპოვებენ.

ოღონდ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ტურში "გურიას" მეტოქესაც მეტად და მეტად სჭირდება ქულები: "ჩიხურას" ხომ მშვენიერი შანსი აქვს, ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაამთავროს; ხოლო ამას თბილისის "დინამოს" მიერ თასის აღებაც თუ დაემატება, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ სოსო ფრუიძის გუნდს ამ ზაფხულს ევროპა ლიგაზე ვიხილავთ!..

30.04. ბოლნისი. თამაზ სტეფანია. 16:00
სიონი-ცხინვალი
ურთიერთშეხვედრები
22: +6 =7 -9, 27-28
დისკვალიფიკაცია: ლუკა რაზმაძე (სიონი)
პირველი წრე 0:2

არც ერთ გუნდს არა აქვს ისეთი მძიმე კალენდარი, როგორიც "სიონს": არმაზ ჯელაძის გუნდს, ამ ტურის შემდეგ სეზონის ბოლომდე, ერთიმეორეზე ურთულესი მატჩები ელოდება! თანაც, არამხოლოდ ჩემპიონატში ("ჩიხურასთან", თბილისის "დინამოსთან", "სამტრედიასთან") - 5 მაისს ხომ თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩია "ვიტ ჯორჯიასთან"...

"ცხინვალს" ჩემპიონატში აღარანაირი მოტივაცია აღარ დარჩა, მაგრამ კახა კაჭარავას გუნდი მაინც არ ღალატობს "სამართლიანი თამაშის" პრინციპებს და ეს განსაკუთრებულად არის დასაფასებელი, რადგან "ცხინვალს", ფაქტობრივად, მთელი მეორე წრის განმავლობაში, სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს...

30.04. ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 16:00 (უმაყურებლოდ)
საპოვნელა-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
3: +0=0 -3, 2-9
დისკვალიფიკაცია: დავით ბოლქვაძე (მერანი) - გელა გოგიტიძე (დინამო ბთ)
პირველი წრე 0:1

ამ ტურის კიდევ ერთი უმოტივაციო მატჩი, სადაც "საპოვნელას" მასპინძლის სტატუსი მხოლოდ პირობითად თუ შეიძლება რომ მივანიჭოთ: თერჯოლელთა გუნდი ისედაც სხვა ქალაქში იღებს მეტოქეებს და ამას ისიც დაემატა, რომ სეზონის ბოლომდე დარჩენილ "საშინაო" მატჩებს უმაყურებლოდ ჩაატარებს.

"საპოვნელას" უმაღლეს ლიგაში დარჩენის თეორიული შანსიღა დარჩა და დარჩენილი ოთხივე მატჩი მოგებაც, შესაძლოა, არ ეყოს: მოვლენების ასეთი განვითარებაც გვეეჭვება და ის ფაქტიც, რომ "გადამრჩენელ", მე-13 ადგილზე მყოფმა "გურიამ" დარჩენილ ოთხ ტურში სამი ქულის აღება ვერ მოახერხოს.

სხვათა შორის, "საპოვნელას" მსგავსად, ბათუმის "დინამოსაც" უკვე ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს...

30.04. თბილისი. მიხეილ მესხი. 20:00
ლოკომოტივი-დილა
ურთიერთშეხვედრები
24: +14=7 -3, 34-12
დისკვალიფიკაცია: გიორგი გაბაძე, დავით უბილავა (ორივე ლოკომოტივი) - ალან ბაგაევი (დილა)
პირველი წრე 0:1

როგორც უკვე ტრადიციად იქცა, ტურის ყველაზე გვიანი მატჩი "ლოკომოტივის" საშინაო შეხვედრა იქნება, რომელსაც გარკვეული სატურნირო ინტრიგაც უნდა ახლდეს.

შეგახსენებთ, რომ "ლოკომოტივს" ჯერ არა აქვს განაღდებული უმაღლეს ლიგაში დარჩენა, მაგრამ მაინც გვგონია, რომ თბილისურ გუნდს ამ ამოცანის გადაჭრა არ უნდა გაუჭირდეს.

აი, უკვე ექსჩემპიონი "დილა" კი ფრთხილად უნდა იყოს, თორემ შესაძლოა, პირველ სამეულს მიღმა აღმოჩნდეს: გორელთა გუნდის დარჩენილი მატჩების კალენდარზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, იდეალურიაო...

ამ ტურის ყველაზე გვიანი მატჩი იმითაც არის "საინტერესო", რომ ორივე გუნდის ემოციური მწვრთნელები - ჟერარდ სარაგოსა მულეტი ("ლოკომოტივი") და უჩა სოსიაშვილი ("დილა") სეზონის ბოლომდე არიან დისკვალიფიცირებულნი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მათ რომ ნამუსი და კაცობა იცოდნენ იმ ტიტულს დააბრუნებდენ!სამტრედია ყველაზე მეტად დაიჩაგრა! ასე აშკარად ჩემპიონობა არავისთვის წაურთმევიათ.კიდე გამოვლენ მავანნი და ამბობენ დაბოღმინები ხართო! სამართლიანობას ვითხოვთ მეტს არაფერს!!!!!! გაუმარჯოს სამტრედიას და მის გულშემატკივარს.ველით დინამოს
guro
14:08 30-04-2016
0
გული მწყდება რომ აქამდე მიიყვანეს საქმე. ჩაჩუას ვალი კი არა ვისი ვალი არ აქვთ ბინზური თამაშით ცდილობენ ფონს გასვლას. ყველას თავისი ცოდვა დასტრიალებს თავს მაგ ცოდვები უწევს დინამოს დაწყებული მრეტების ვალით და დღევანდელობამდე. არ მინდა გაქრეს დინამო საფეხბურთო რუქიდან მაგრამ მაგრამ საქმე აქამდე მიდის
lelo
13:47 30-04-2016
0

სიახლეები პოპულარული