პაბლო ფრანკო მარტინი: გარდამავალი ჩემპიონატისთვის გავძლიერდებით

AutoSharing Option
სულ თვე-ნახევარია, რაც "ხეტაფეს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა "საბურთალო" ჩაიბარა და გამოჩნდა, რომ პაბლო ფრანკო მარტინი ტყუილად არ ჩამოუყვანიათ - მან კრიზისში მყოფი გუნდი უცებ აათამაშა. 7 შეხვედრიდან მისმა გაწვრთნილებმა 4 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 17 გოლის საპასუხოდ საკუთარ კარში მხოლოდ 6 მიიღეს. ასეთია ამ გუნდში ესპანელი სპეციალისტის მუშაობის ხანმოკლე, თუმც ერთობ შთამბეჭდავი შედეგი.

პაბლო ფრანკო მარტინი "ლელოსთან" ამბობს, რომ კარგად ჰქონდა გააზრებული, სად მოდიო
და და რა გუნდში იმუშავებდა:

"გემახსოვრებათ, როცა ჩამოვედი, გარკვევით ვთქვი, რომ "საბურთალოს" ბოლო რამდენიმე შეხვედრა ვნახე და მის შესაძლებლობებზე წარმოდგენა შემექმნა. ამას ტყუილად არ ვლაპარაკობდი, რევერანსები და ტყუილები არ მიყვარს. მე ამ გუნდში საკმაოდ დიდი პოტენციალი დავინახე. ბოლო შეხვედრების წაგება კი აშკარად მიანიშნებდა, რომ ჩავარდნა ფსიქოლოგიური კრიზისის ბრალი იყო.

ახალგაზრდა ბიჭები გვყავს და მათთვის ეს დამახასიათებელია. მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად ამ კრიზისიდან გამოსვლა მოვახერხეთ. შედეგი ჰაერიდან არ მოსულა, ყველა შეხვედრას დეტალურად ვაანალიზებდით, შევცვალეთ ვარჯიშების მეთოდიკა და მიდგომები, ფეხბურთელები კი შეცდომების გამოსწორებას ახერხებდნენ. ამაზე შედეგებიც მეტყველებს - ბოლო 7 ტურში მოპოვებული ქულებით მე-2 ადგილზე ვიმყოფებით. უკეთესი შედეგი მხოლოდ "სამტრედიას" აქვს.

არანაკლებ მახარებს ის, რომ ამ 7 შეხვედრაში უფრო მეტის გატანა მოვახერხეთ, ვიდრე თბილისის "დინამომ", რომელიც ჩემპიონი გახდა.

თუმცა, ისე არ გაიგოთ, რომ ყველაფრით კმაყოფილები ვართ და მიგვაჩნია, რომ საქმე უკვე გაკეთებულია. არა, გუნდი კარგ საფუძველზეა აშენებული, ახლა კი მის გაძლიერებას ვცდილობთ. ეს კი რთულ და ხანგრძლივ მუშაობას ითვალისწინებს", - ამბობს პაბლო მარტინი.

მისივე თქმით, "საბურთალო" ახალგაზრული გუნდი რომ არის, ეს უფრო დადებითი მომენტია, ვიდრე უარყოფითი:

"უმაღლეს ლიგაში ჩვენზე ბევრად უფრო გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბები არიან. ბუნებრივია, მათ წინააღმდეგ თამაში რთულია - ახალგაზრდულ გუნდს ხომ თავისი მინუსები აქვს და არასტაბილურობა ახასიათებს.

მაგრამ ის ფაქტი, რომ უმაღლეს ლიგაში ვთამაშობთ, თანაც, საკმაოდ ღირსეულად, ბევრ რამეზე მეტყველებს. რაც მთავარია, ჩვენი ახალგაზრდული გუნდი წაგებას არასოდეს ეგუება.

ზაფხულიდან ყველა გუნდი გაძლიერდება, საუკეთესო ათეულში რომ მოხვდეს და აქედან გამომდინარე, დაძაბული ჩემპიონატი გველის. ამიტომ, გვსურს, ისეთი გუნდი ჩამოვაყალიბოთ, რომელიც გარდამავალ ჩემპიონატში არათუ ადგილის შესანარჩუნებლად, არამედ, ლიდერებში მოსახვედრად იბრძოლებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული