ჩიხურა-სამტრედია 1:1 - ორი განსხვავებული ტაიმი ივანწმინდაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გადაღლილი ჩანდა "სამტრედიასთან" უპრინციპულეს მატჩში "ჩიხურა" და ეს ბუნებრივიც იყო - მას ხომ 8 დღეში ორი ურთულესი შეხვედრის ჩატარება მოუწია თბილისის "დინამოსთან". ამას გუნდის "მოტორის", დობროვოლსკის არყოფნაც დაემატა, მე-17 წუთზე კი "ქვა აღმართში მიეწია" - თამაშის დაწყებისთანავე ტრავმის გამო მიხეილ სარდალიშვილი შესაცვლელი შეიქნა...

მიუხედავად ამისა, კორიფაძე, კირკიტაძე, კუჭუხიძე, ვოლკოვი და სხვები მაინც ახერხებდნენ მოწინააღმდეგის საჯარიმოში არეულობების შექმნას.

გულხელდაკრეფილნი არც მოზომილად ფრთხილი სამტრედიელები იყვნენ, მათაც ჰქონდათ მომენტები. ორივე შემთხვევაში უშეცდომოდ ირჯებოდნენ მცველები და მეკარეები.

31-ე წუთზე კაშიამ სასწაულებრივი სიზუსტის შორეული პასი
მისცა ვოლკოვს, რომელიც თითქმის გასული იყო მეკარესთან პირისპირ, როცა ცინცაძემ მოცელა. სასჯელი ორმაგად უმაღლესი გამოდგა - დავით ხარიტონაშვილმა პენალტიც დანიშნა და მცველიც გააძევა. 11-მეტრიანის ნიშნულიდან კარგად დაარტყა ჭანკოტაძემ - 1:0.

33-ე და მე-40 წუთებზე კირკიტაძე და ჭანკოტაძე ამაოდ ეცადნენ, პირველ ტაიმშივე მოეთავებინათ საქმე, მაგრამ კინაღამ აქეთ მიიღეს გოლი - მეკარესთან პირისპირ გასულ რაჟამაშვილს დროულად ჩაუწვა დინო ჰამზიჩი და ფეხიდან ააცალა ბურთი.

ალბათ, უიღბლობა ჰქვია მომენტს, რომელიც კირკიტაძეს ორჯერ შეექმნა ტაიმის მიწურულს და ორივეჯერ - ვერგატანა უფრო იოლი იყო გატანაზე.

ასეა თუ ისე, საგრძნობლად არა, მაგრამ პირველ ტაიმში უკეთ მაინც საჩხერელები გამოიყურებოდნენ. მეორე ტაიმი კი ისეთი რიხითა და შემართებით დაიწყეს "ვა-ბანკზე" წასულმა სამტრედიელებმა, სულაც არაფერში ეტყობოდათ კაცნაკლულობა. მოვლენებიც კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლებოდა.

48-ე წუთზე რაჟამაშვილს შეეძლო გატანა, რომ არა მეკარის ბრწყინვალე რეაქცია, მერე კი - მატჩის საუკეთესო მოთამაშე (ჩვენი აზრით) ჯიქიას. იგივე შეიძლება ითქვას თამაშის გამამწვავებელ მუმლაძეზეც, ვუკასოვიჩსა და კუჭუხიძეზეც.

მეკარისა და დაცვის საიმედოობა მოსინჯეს ენდელაძემაც, შერგელაშვილმაც და ზივზივაძემაც, 76-ე წუთზე კი იოსელიანის უნაკლოდ დარტყმული აუღებელთა კატეგორიისა იყო - 1:1.

მე-80 წუთზე საჩხერელებს მაინც შეეძლოთ მატჩის გადარჩენა - საოცარია, როგორ ვერ გაიტანა ორიოდე მეტრიდან მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა დეკანოიძემ.

სიტყვა "გადარჩენა" შემთხვევით არ გვიხსენებია: გათამაშების ცხრილში გუნდების მდგომარეობიდან (და არა თამაშიდან) გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ "ჩიხურამ" 2 ქულა დაკარგა, "სამტრედიამ" კი ერთი მოიპოვა და ალალად იმსახურებდა კიდეც.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVI ტური
24.04. ივანწმინდა
ჩიხურა-სამტრედია 1:1
გოლები: 1:0 ჭანკოტაძე (31-პენ), 1:1 იოსელიანი (76)
ჩიხურა: ჰამზიჩი, თ. კირკიტაძე (46. მუმლაძე), განუგრავა, კუჭუხიძე, კორიფაძე, ვოლკოვი (67. დეკანოიძე), სარდალიშვილი (19. ჭანკოტაძე), ვუკასოვიჩი, ჩიკვაიძე, კაშია, რეხვიაშვილი.
სათადარიგოები: კუპატაძე, ლოვრეჩიჩი, დობროვოლსკი, ჯოხაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, ცინცაძე, შერგელაშვილი, ცნობილაძე, დათუნაიშვილი, სიხარულიძე (40. ენდელაძე), რაჟამაშვილი (69. მარკოზაშვილი), ზივზივაძე, ჯიქია (71. იოსელიანი).
სათადარიგოები: მეშველიანი, კერძევაძე, ახალაძე, მთიულიშვილი
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: მარკოზაშვილი (68), ენდელაძე (83), დათუნაიშვილი (87)
გაძევება: ცინცაძე (31)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 20
ო. მარცვალაძე (დილა) 15
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 15
ჯ. ჯიღაური (დინამო, თბ) 13
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი/როსტოვი, რუს.) 13

XXVII ტური
30 აპრილი, შაბათი
ზუგდიდი-საბურთალო
ლოკომოტივი-დილა
მერანი-კოლხეთი
სამტრედია-დინამო (თბ)
გურია-ჩიხურა
საპოვნელა-დინამო (ბთ)
შუქურა-ტორპედო
სიონი-ცხინვალი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მსაჯების ბრალი ყოფილა :D :D :D რა ოპსაიტები? :DDD პენალი იყო და წითელი იყო 100000%. ერთი-ერთზე წააქცია მეკარესთან და მეტი წითელი რა არის აბა?!
VENDETTA
15:35 26-04-2016
0
მე თავიდან ბოლომდე ვუყურე თამაშს და შევეცდები რეალობა გადმოვიტანო აქ.(1)ძალიან მებრძოლი გუნდი ყავს სამტრედიას.გამოკლებით იმ სირკო ზოგზოგიერთი ბალექშიკის გარდა.ჩემი თვალით მაინც არ დამენახა ამხელა რიყის ქვა რომ დაითრია იმ ...ვითომ მამაკაცმა ეგ ერთი.რაცხა არ მომესმა და კიდევ კაი არც მომესმა.ვინც არ ხტუნავს ჩიხურააო რაც წინა თამაშზე აშკარათ დედედებს.იტყ სამტრეედიაში(#)გამოგიჭერიათ 1 ბიჭი ამდენ დასირებულს და გიცემიათ.მაგ გაგვეგო მაშინვე ვინ იხტუნებდა მაგასაც ვნახავდით
chixura
22:16 25-04-2016
0

სიახლეები პოპულარული