ცხინვალი-ტორპედო 0:0 - რა ნახა ვლადიმირ ვაისმა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენა "ცხინვალისთვის" საშინაო არ არის, მაგრამ ეს გუნდი თუ თბილისში ვერ თამაშობს, სარეზერვოდ ყოველთვის გორის სტადიონი აქვს შემონახული. ამასთან, ცხინვალელებს ამ არენაზე მასპინძლის ამპლუაში თამაში კარგად აქვთ დაცდილი. მათ ამჯერადაც არ წაუგიათ, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმის დიდი ნაწილი კაცნაკლულნი იყვნენ.

სხვათა შორის, ამ მატჩის ორ ნაწილად გაყოფაც შეიძლება - გაძევებამდე და მის შემდეგ. შეხვედრა,  სანახაობის თვალსაზრისით, იქამდე უფრო უინტერესო იყო, ვიდრე მას მერე, რაც არბიტრმა წითელი ბარათი გამოიყენა.

ფეხბურთელის დასჯამ სახიფათო და საგოლე მომენტების სიმრავლეზე იმოქმედა
- უწინდელზე მეტჯერ მეტოქის კარს არა მხოლოდ "ტორპედო", არამედ კაცნაკლულად დარჩენილი ცხინვალელებიც დაემუქრნენ.

პირველი ტაიმი, ძირითადად, პოზიციური და ბურთისთვის ბრძოლაში მიილია. ორივე გუნდის ფეხბურთელები ფრთხილად მოქმედებდნენ. შემტევები ნაკლებად, უკანახაზელები კი გაცილებით ნაყოფიერად ირჯებოდნენ. როგორც სტუმარი, ისე მასპინძელი გუნდი შეტევაში ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელით თამაშობდა. იერიშები სისწრაფით არ გამოირჩეოდა, ფეხბურთელები მხოლოდ შეტევის კარგად დამუშავების შემდეგ ცდილობდნენ საჯარიმოს სიღრმეში შეჭრას და ხეირის ნახვას...

პირველი გამოსარჩევი სახიფათო ეპიზოდი 30-ე წუთზე ვიხილეთ, როცა სტუმართა თავდამსხმელმა თორნიკე კაპანაძემ კარგი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ცოტა ხანში კი შეცვლაზე შესულმა ბექა ტუღუშმა გადაავლო ბურთი ხარიხას.

ცხინვალელთა მხრიდან სახიფათო იყო გიორგი ივანიშვილის პასით კარგ პოზიციაზე გასული გიორგი ქოჩლაძის დარტყმული, რომელსაც სიზუსტე მცირედით დააკლდა.

მეორე ტაიმში ნომინალურ მასპინძლებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, მაგრამ კარის სიახლოვიდან ირაკლი ლექვთაძემ დარტყმა დააგვიანა და როცა დაარტყა, როინ კვასხვაძე იოლად გადაეფარა ბურთს.

მალევე, "ტორპედოს" სწრაფი კონტრშეტევის შეწყვეტისას მსაჯმა ჯიბიდან წითელი ბარათი ამოიღო და დავით მაისაშვილს მიუთითა გასახდელისკენ. ფეხბურთელი ბოლო იმედის ჯარიმისთვის დაისაჯა. ნიშანდობლივია, რომ მაისაშვილს არც გაუპროტესტებია.

ეპიზოდიდან ორ წუთში ისევ კაცნაკლულად დარჩენილ "ცხინვალს" შეეძლო ეხეირა - ივანიშვილის დარტყმულს მეკარე გადაეღობა, საიდანაც ბურთი ძელს მოხვდა. ამას ქუთაისელმა ვაჟა ტაბატაძემ შორიდან ძლიერი დარტყმით უპასუხა, თუმცა ნადირაძემაც გვიჩვენა, რომ გოლის გაშვებას არც ის აპირებდა. გაზრდილმა სათამაშო ტემპმა მატჩი გაცილებით უკეთესი სანახავი გახადა, სახიფათო მომენტები ორივე კართან ისევ შეიქმნა, მაგრამ გოლამდე საქმე არ მისულა.

დაბოლოს, გორის სტადიონს პირველად სტუმრობდა საქართველოს ნაკრების ახალდანიშნული სლოვაკი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი.

მატჩის შემდეგ
კახა კაჭარავა (ცხინვალი):
"ვფიქრობ, დღეს მოგებას ჩვენ ვიმსახურებდით. სანამ კაცნაკლულნი დავრჩებოდით, ტერიტორიულ უპირატესობას ვფლობდით, ვქმნიდით საგოლე მომენტებსაც, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. საერთო ჯამში, ჩემს ფეხბურთელებს ცუდად არ უთამაშიათ, თუმცა, როცა გოლი ვერ გაგაქვს, შესაძლოა თავად დაისაჯო და კინაღამ ასე დაგვემართა კიდეც შეხვედრის ბოლოს".

ალექსანდრ შტელინი (ტორპედო):
"ეს ის შემთხვევაა, როცა თამაშმა დამაკმაყოფილა, მაგრამ შედეგმა - არა. შინაარსის თვალსაზრისით, ჩვენ ალბათ აქამდე ჩატარებული მატჩებიდან ყველაზე უკეთ ამ შეხვედრაში ვითამაშეთ. მოწინააღმდეგე კარგად დაკომპლექტებულია და თამაშობს ძალიან კარგ ფეხბურთს. შევეცადეთ, დაგვესუსტებინა მათი ძლიერი მხარეები, შევქმენით საგოლე მომენტებიც, თუმცა ვერ მოვიგეთ. ფრე კი ამ მატჩში სამართლიანი შედეგი მგონია...

სამწუხაროა, რომ ჩვენმა გულშემატკივრებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს "ტორპედოს" ფეხბურთელების გარჯა. მინდა, დავარწმუნო ისინი, რომ უქმად არავინ ყოფილა მოედანზე, ისინი ერთ მუშტად იყვნენ შეკრულნი და ყველაფერი გაიღეს გამარჯვებისთვის".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXI ტური
18.03. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
ცხინვალი-ტორპედო 0:0
ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაკუბავა, მაისაშვილი, ჯაფარიძე, ქარდავა, ივანიშვილი (90. ბუტუევი), ქოჩლაძე, გორგიაშვილი, ლექვთაძე (78. ისიანი), ლობჯანიძე (90. ბაჩიაშვილი).
სათადარიგოები: ჩუჩალოვი, ბურძენაძე, ბლიაძე, ნოზაძე
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ნერგაძე, მირცხულავა, ქიმაძე, მამასახლისი, კლიმიაშვილი, ბაბუნაშვილი (75. საღრიშვილი), წილოსანი (22. ტუღუში), შინდაგორიძე (86. კვარაცხელია), კაპანაძე.
სათადარიგოები: ქვილითაია, ჭიჭინაძე, ფურცხვანიძე, ფანცხავა
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
გაძევება: მაისაშვილი (61)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 12
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 12
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 11
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10

XXII ტური
1-ლი აპრილი, პარასკევი
ლოკომოტივი-საპოვნელა

2 აპრილი, შაბათი
დილა-სამტრედია
საბურთალო-შუქურა
დინამო (ბთ)დინამო (თბ)
მერანი-სიონი
ზუგდიდი-გურია
ტორპედო-ჩიხურა
კოლხეთი-ცხინვალი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული