მინიმალური შედეგი არ დამაკმაყოფილებს - "საბურთალომ" პაბლო მარტინი წარადგინა

AutoSharing Option
10 მარტს "ბენდელას" სტადიონზე "საბურთალოს" აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ და სპორტულმა დირექტორმა მანოლო იერომ ახალი მთავარი მწვრთნელი პაბლო ფრანკო მარტინი წარადგინეს და მასთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

კახა კაშია:
"თავიდან, მინდა მადლობა გადავუხადო გია ჭიაბრიშვილს, რომელიც "საბურთალოში" წლების განმავლობაში მუშაობდა და დღეს ჩვენი კლუბი ერთ-ერთი წარმატებული რომ არის, მისი დამსახურებაა. ახალგაზრდულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ მისი დანიშვნა რამდენიმე თვის წინ გადაწყდა.

მერწმუნეთ, მასთან შელევა ადვილი არ იყო, რადგან "საბურთალოსთვის" ჭიაბრიშვილი უბრალოდ მწვრთნელი არ გახლდათ. ის იყო ამ გუნდის წევრი და დარჩება
ჩვენს გულშემატკივრად. მაგრამ ეს საკითხი დღის წესრიგში რომ დადგა, ცხადია, მის შემცვლელზე დავიწყეთ ფიქრი. რადგან ესპანეთიდან მოდიოდა სპორტული დირექტორი მანოლო იერო და ფიზმომზადების მწვრთნელი, ვამჯობინეთ, შტაბი მთლიანად ესპანელებით დაკომპლექტებულიყო. სჯობს, ერთი საფეხბურთო წრიდან იყვნენ, რადგან ერთმანეთს იცნობენ და უფრო კარგად იმუშავებენ...

პაბლო მარტინს რაც შეეხება, მასზე პრესაში ლამის ყველაფერი დაიწერა. მას ზურგს კარგი სამწვრთნელო გამოცდილება უმაგრებს. ვფიქრობთ, სწორი არჩევანი გავაკეთეთ".

პაბლო ფრანკო მარტინი:
"რამდენიმე დღეა, თბილისში ვარ. მომწონს საფეხბურთო გარემო და მიდგომა; მოხიბლული ვათ ქალაქით, ქართული კერძებით, განსაკუთრებით, ხინკალი და ხაჭაპური მომეწონა.

ბოლო რამდენიმე თვეა, აქტიურად ვადევნებ თვალს ქართულ ფეხბურთს. "საბურთალოს" შესახებ საკმაო ინფორმაციას ვფლობ. ეს არის ახალგაზრდული და პროგრესირებადი კლუბი, ტექნიკურ, სწრაფ და შემტევ ფეხბურთს რომ თამაშობს და ეს ჩემს გემოვნებაში ჯდება. ვატყობ, კლუბში პროფესიონალები არიან, ფეხბურთელების ზრდაზე ზრუნავენ და "საბურთალოში" მუშაობა აქედან გამომდინარე გადავწყვიტე".

მარტინის თქმით, ფიზმომზადების მწვრთნელს რამდენიმე დღეში ელოდებიან:

"ვფიქრობ, კარგი სპეციალისტი დაგვეხმარება და გაგვაძლიერებს. ნელ-ნელა ვეცნობი გუნდს, ვაკვირდები ფეხბურთელებს, აქტიურად ჩავერთე სავარჯიშო პროცესში.

რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბს, აქ პროფესიონალები დამხვდნენ. ვიცი, რომ კლუბმა ზედიზედ სამი მატჩი წააგო და 17 გოლი გაუშვა, მაგრამ აქედან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. არის პრობლემები, განსაკუთრებით, დაცვაში, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელები იზრდებიან და მდგომარეობა გამოსწორებადია. მთავარია, აქედან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ.

მინიმალური შედეგი არ დამაკმაყოფილებს, ფეხბურთელებისგან ყოველთვის მაქსიმუმს მოვითხოვ".

მანოლო იერო:
"შევეცდებით, "საბურთალოს" კიდევ უფრო მეტ წინსვლას შევუწყოთ ხელი. პაბლოსგან განსხვავებით, უკვე კვირაზე მეტია საქართველოში ვარ და უნდა ვთქვა, რომ მშვენიერი სამუშაო გარემოა. დავდივარ სხვადასხვა ასაკობრივი გუნდის თამაშებზე, ვაკვირდები ფეხბურთელებს, ვეცნობი სავარჯიშო პროცესს...

არ არის გამორიცხული, მომავალში ესპანეთიდან გუნდები ჩამოვიყვანოთ და საერთაშორისო ტურნირები ან ამხანაგური მატჩები გავმართოთ. ვიცი, რომ "საბურთალოს" უკვე აქვს ესპანური კლუბების წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება - "მალაგა" და "ატლეტიკო" აქ "სალერის თასის" გათამაშებაზე მონაწილეობდნენ...

კლუბის ხელმძღვანელები ევროპის სხვა წამყვან კლუბებთანაც აქტიურად თანამშრომლობენ.

ვიცი, რომ მომავალ სეზონში უმაღლესი ლიგის ფორმატი იცვლება და 16-დან 10 გუნდი დარჩება. საკმარისი დრო გვაქვს საიმისოდ, რომ ახალ ჩემპიონატს მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ. ესპანეთიდან რამდენიმე მოთამაშის ჩამოყვანას თუ ჩავთვლით საჭიროდ, არც ეს იქნება პრობლემა.

უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე არ ვიფიქრებთ, ბევრად დიდი მიზნები გვამოძრავებს, რომელიც უნდა განვახორციელოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტა ერთი რამ მოხიბლა ეგ კაცი? სამტრედიასთან 2-8 წაგებამ? თუ ჭანტურიასი და ოქრიაშვილის არ იყოს აქაც ამათზეც ბევრი უნდა წეროთ?...
mdaa
14:58 11-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული