სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
საქართველოშიც არიან ნამდვილი ქომაგები! - "ლოკომოტივის" მადლობა "გურიის" ფანებს!
AutoSharing Option
15:31 08-03-2016
მეხსიერებას ლამაზად შემორჩა 1981 წლის 4 მარტი, როცა თბილისის "დინამომ" "აპტონ პარკზე" "ვესტ ჰემი" 4:1 დაამარცხა და მატჩის შემდეგ "ჩაქუჩების" ("ვესტ ჰემის" მეტსახელია) ფანები, დიდებული სანახაობისთვის, სტუმრებს ფეხზე წამოუდგნენ და ტაშით გააცილეს. ინგლისელმა ფანებმა არა მხოლოდ თავისიანების გულიანი ქომაგობა, მეტოქის პატივისცემაც იციან, თუნდაც - ფეხზე წამოდგომითა და ოვაციით.

...მაგრამ საქართველოში მსგავსი შემთხვევა იშვიათად გვახსენდება. არადა, 6 მარტს, ეროვნული ჩემპიონატის XIX ტურის ყველაზე სამაგალითო ფაქტი ლანჩხუთში მოხდა. თბილისის "ლოკომოტივმა" "გურიასთან" ბოლო 26 წუთი 9 კაცით ითამაშა. მატჩის არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა პირველი ტაიმის მიწურულს სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის წითელი ბარათი აუფრიალა ვაჟა ქიქავას, 64-ე წუთზე კი, საჯარიმოს ხაზთან ხელით თამაშისთვის, მეორედ "გააყვითლა" გიორგი ფოფხაძე და მოედანი მასაც დაატოვებინა...

ამის მიუხედავად, "გურიამ" "ლოკომოტივს" ვერაფერი მოუხერხა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.

მომხდარზე ჯერ თავად ფოფხაძის კომენტარს გაგაცნობთ:

"ლანჩხუთის "გურიასთან" თამაში იმიტომ გაგვიჭირდა, რომ მოედანი ცუდ მდგომარეობაში იყო. ეს კიდევ რბილად ნათქვამია... საბოლოოდ, ბიჭების მონდომებითა და ერთსულოვნებით სასურველ შედეგს მივაღწიეთ, რადგან 9 კაცით მოგება ძალიან რთულია...

მსაჯების კრიტიკას ყოველთვის ვერიდები, ფეხბურთელი ვარ და მსაჯობას ვერავის ვასწავლი. თუმცა, ამჯერად, ამ თემას გვერდს ვერ ავუვლი. ვფიქრობ, არბიტრს მატჩის სადავეები ხელიდან გაექცა და დიდი შეცდომა დაუშვა როგორც ქიქავას, ასევე ჩემს შემთხვევაში".

ეს ამ მატჩთან დაკავშირებული ჩრდილია, რომელიც მატჩის შემდეგ "ლოკომოტივის" სოციალურ გვერდზე გამოქვეყნებულმა პოსტმა გადაფარა - "საქართველოშიც არიან ნამდვილი ქომაგები, მადლობა "ფირალებს"!

"მიუხედავად იმისა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში წვიმა არ შეჩერებულა, "გურიის" ქომაგები ("ფირალები") საკუთარ გუნდს ბოლომდე ქომაგობდნენ, შეხვედრის ბოლოს კი
You must have Flash Player installed in order to see this player.
მოხდა ის, რაც ქართულ სტადიონებზე იშვიათად გვინახავს - ადგილობრივმა პუბლიკამ თბილისის "ლოკომოტივი" აპლოდისმენტებით გააცილა! დიდი მადლობა ფირალებს!" - ვკითხულობთ პოსტში.

რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონატი თვალს ვერ გვწყვეტს, მაგრამ კარგი ამბები ზოგჯერ ჩვენთანაც ხდება. ეს კი ისეთი ამბავია, რომელიც ფეხბურთზე გადარეული გურულების შეუფასებელ ღირსებაზე მეტყველებს - მართლაც ყოჩაღ, "ფირალებო"!

საინტერესო იყო ამაზე ლანჩხუთის "გურიის" ფანკლუბის გამოხმაურება:

"მთავარია, გუნდი გიყვარდეს და მის სიყვარულში რას არ გააკეთებ - გინდ წვიმდეს, გინდ თოვდეს, შენი გუნდის სიყვარულით ტრიბუნაზე მუდამ დადგები. მადლობა "ლოკომოტივს", კარგი გუნდი გყავთ და ჩვენთან თქვენი თამაში დასაფასებელია. მთავარი არის არა ფეხბურთი, არამედ ძმობა და მეგობრობა. ჩვენ ფეხბურთი გვაერთიანებს. გამარჯვებებს გისურვებთ"!

ამ შეხვედრაში მოედანს დაუბრუნდა გიორგი ხიდეშელი, რომელიც 12 დეკემბერს ქუთაისში, "ტორპედოსთან" შეხვედრაში დაშავდა და მას შემდეგ ისვენებდა:

"ბედნიერი ვარ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს რომ დავუბრუნდი. ფიზმომზადების მწვრთნელების დახმარებით ყოველდღე უკეთესად ვგრძნობ თავს. რაც შეეხება მატჩს, გამომდინარე იქიდან, რომ 9 კაცით დავრჩით, ვფიქრობ, გუნდმა დამაკმაყოფილებელი თამაში აჩვენა. სტუმრად მოპოვებული ქულა "ლოკომოტივის" თითოეული ფეხბურთელისთვის წარმატებაა. ახლა ბოლნისის "სიონთან" გასამართავ შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ramaz kenkebashvili
10:23 09-03-2016
ის რაც ვეს ხემის სჰეხვედრასჰი მოხდა დინამოს ფეხზე რომ ცამოუდგა აპტონ პარკზ სჰეკრებილი გულსჰემატკივარი ეგ ქარტველების მოგონილია.სეგახსენებტ ბასკები ს სტუმრობა საქარტველოსი.....
gizog
09:54 09-03-2016
უუჰ, მაი აფერი! :) -ის. გისმინოს ღმერთმა და მალე მოგვასწროს უფალმა მაი დროს მალე!