გია ჭიაბრიშვილი: საჩხერეში "საბურთალო" მოედანზე საერთოდ არ ყოფილა...

AutoSharing Option
"საბურთალო" უმაღლეს ლიგაში მორიგ მატჩს 27 თებერვალს გამართავს - ახალგაზრდა გუნდის მეტოქე ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, მიმდინარე გათამაშების ლიდერი თბილისის "დინამო" იქნება...

მატჩი, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგოთა მოედანზე ჩატარდება, უჩვეულო დროს, 12 საათზე დაიწყება. "საბურთალოს" პრესსამსახურის ცნობით, შაბათს ვაკის მთავარი არენა ერთა თასზე საქართველოსა და ესპანეთის მორაგბეთა დაპირისპირებას უმასპინძლებს. ეს შეხვედრა 17 საათზე დაიწყება. იქიდან გამომდინარე, რომ სარაგბო მატჩზე, ფაქტობრივად, ყველა ბილეთი გაყიდული და უსაფრთხოების ზომებიც გამკაცრებულია, საფეხბურთო მატჩის დაწყებამ ამადაც გადმოიწია 12 საათისთვის.

მოგეხსენებათ, ბოლო ტურში "საბურთალო"
საჩხერეში "ჩიხურასთან" დამარცხდა. ამ შეხვედრაში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდისგან აუცილებელ მოგებას არავინ ელოდა, მაგრამ 0:5...

მორიგი ტურის წინ ჭიაბრიშვილმა "ჩიხურასთან" მარცხის მიზეზებზე ილაპარაკა:

"მეორე წრე ძალიან ცუდად დავიწყეთ. ორ ტურში მოპოვებული მხოლოდ ერთი ქულა სწორედ ამაზე მეტყველებს. ვეცდებით, მდგომარეობა გამოვასწოროთ.

"საბურთალო" ნიჭიერია მოგებაშიც და წაგებაშიც. ეს წაგება ჩემთვის აუხსნელია. საჩხერეში ჩვენი გუნდი მოედანზე საერთოდ არ ყოფილა...

მიზეზებზე დეტალური ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. იმ დღეს ჩვენ დავთმეთ ყველაფერი. უპირველეს ყოვლისა, ეს ჩემი და ჩემი სტაფის ბრალია. მომხდარი მხოლოდ იმით შემიძლია ავხსნა, რომ პირველი ტურის შემდეგ მოსამზადებლად მხოლოდ 3 დღე გვქონდა. იტყვით - იმავე პაუზით ისარგებლეს სხვა გუნდებმაცო, მაგრამ ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ძალების აღდგენა ვერ მოვახერხეთ.

მეორე მიზეზი ისაა, რომ "ჩიხურას" სტადიონზე ძალიან მძიმე გრუნტი დაგვხვდა, რასაც ჩვენი მოთამაშეები მიჩვეულები არ არიან. ასეთ პირობებში, თამაშის ბედს ძალა და ორთაბრძოლები წყვეტს, რაშიც ჩვენ ნამდვილად ვერ გამოვირჩევით. ჩვენ კი ტექნიკურ ფეხბურთს ვთამაშობთ, რომლის ჩვენების საშუალებაც "ჩიხურას" მოედანზე ნაკლებად იყო...

თავს მაინც ვერაფრით გავიმართლებთ, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება", - ამბობს ჭიაბრიშვილი.

"საბურთალოს" დამრიგებელმა გუნდის ახალწვეულზე, კენიელ ნახევარმცველ ელვინ ტერაზეც ილაპარაკა:

"ლაშა ჯაკობიამ "საბურთალოს" ფეხბურთელი ჯიმი ტაბიძე "გენტში" რომ წაიყვანა, მას შემდეგ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. სწორედ მან შემოგვთავაზა კენიელი ფეხბურთელის გასინჯვაზე ჩამოყვანა და დავთანხმდით.

ეს ბიჭი 1997 წელსაა დაბადებული და ვარჯიშებზე ისეთი თვისებები და თამაშის მანერა გვიჩვენა, რაც ჩვენებს აკლიათ - ძალიან ბრძოლისუნარიანი, ხისტი, სწრაფი და მოქნილია. მივხვდი, რომ მასთან მუშაობა ღირდა. რაც მთავარია, ელვინი ახალგაზრდაა, ამავე დროს, ჩვენთან ჩამოსვლის შემდეგ ძალიან პროგრესირებს".

ცნობილია, რომ "საბურთალოს" სპორტულ დირექტორად მანოლო იერო დაინიშნა, ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ყოფილი კაპიტნის, ფერნანდო იეროს ძმა, რომელიც თავად "ბარსელონაში" თამაშობდა, კარიერის დასრულების შემდეგ კი "მალაგაში" მენეჯერად საქმიანობდა. ის თბილისში რამდენიმე დღეში ჩამოვა.

ჭიაბრიშვილის თქმით, "საბურთალოში" სხვა სიახლეცაა მოსალოდნელი:

"მანოლო იერო ესპანურ გამოცდილებას გაგვიზიარებს, რაც ჩვენ ჰაერივით გვჭირდება. ესპანური სკოლა რომ ძალიან პროგრესულია, ამ ქვეყნის ნაკრებებისა და გუნდების გამოსვლებიც მეტყველებს.

მაგრამ მანოლო "საბურთალოში" ერთადერთი უცხოელი არ იქნება - ზაფხულიდან ესპანეთიდან ფიზმომზადების მწვრთნელსაც ველოდებით. გვინდა, მან თავისი კურსი ასაკობრივ გუნდებშიც გაატაროს, მასთან კი ქართველი მწვრთნელებიც გაიზრდებიან. მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესო და პროგრესული პროექტია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული