დინამო (თბ)-ლოკომოტივი 2:1 - ისევ მძიმე გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ორთვიანი პაუზის შემდეგ თბილისის "დინამო" მშობლიურ არენას დაუბრუნდა, დედაქალაქურ დერბიში "ლოკომოტივს" უმასპინძლა და ისევე, როგორც ზესტაფონში "საპოვნელასთან", გამარჯვების მოსაპოვებლად ამჯერადაც მძიმე ბრძოლა გადაიტანა.

სხვათა შორის, თამაშიც ზუსტად ანალოგიური სცენარით წარიმართა.

დინამოელებს მიკროტრავმების გამო გიორგი ქვილითაია და მათე ცინცაძე დააკლდათ, ხოლო ვახტანგ ჭანტურიშვილი - დისკვალიფიკაციის გამო. ოპტიმალური არც "ლოკომოტივის" შემადგენლობა იყო, რომელსაც ასევე დისკვალიფიცირებული ვაჟა ქიქავა, ალექსი ბენაშვილი და გიორგი დიასამიძე ვერ დაეხმარნენ, ხოლო გიორგი ხიდეშელი და ლუკა კიკაბიძე ტრავმირებულები არიან.

მაგრამ ჟერარდ სარაგოსას გუნდმა მოწინააღმდეგეს სიურპრიზი მოუმზადა - მოედანზე საქართველოს
ნაკრებში ნათამაშები გიორგი ფოფხაძე გამოჩნდა, რომელიც ბოლოს ალბანეთში თამაშობდა.

საინტერესო იყო ისიც, როგორ ფეხბურთს შემოგვთავაზებდნენ ორი უცხოელი მწვრთნელის მიერ გაწვრთნილი გუნდები.

პირველი ტაიმი ბევრი ვერაფერი სანახავი გამოდგა და მატჩის ამ ნაწილიდან აღსანიშნავიც ბევრი არაფერია. დინამოელებმა თამაში თავდაჯერებულად დაიწყეს და მე-6 წუთზე მშვენიერი შეტევაც განახორციელეს - მარცხენა ფლანგზე საბა ლობჟანიძე მცველს იოლად დაუსხლტა და საჯარიმოში ჯაბა ჯიღაური მოძებნა, რომლის თავურის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.

მალევე საბა ლობჟანიძე კარს თავად დაემუქრა. ბურთი ჯიღაურს მოხვდა, ექსდინამოელმა ნიკა ჭანტურიამ კი ვითარება განმუხტა.

ერთ ეპიზოდში თამაში საპირისპირო მხარესაც გამწვავდა - ბაჩანა ცხადაძემ რენე ფერეირას გაასწრო და საჯარიმოს ხაზიდან დაემუქრა "დინამოს" კარს. ტაიმის მიწურულს კი რატი არდაზიშვილმა სახიფათოდ დაარტყა, თუმცა მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკას ვერ აჯობა.

მეორე ნახევარი გაცილებით სანახაობრივი გამოდგა. "ლოკომოტივი" მოედანზე შემართული გავიდა და თამაში აქტიურად განაახლა. დასაწყისშივე, ზვიად ქანთარიამ სახიფათოდ შეუტია და მისი დარტყმული ბურთი მასპინძელთა კარის ხარიხას მოხვდა.

50-ე წუთზე მამია გავაშელიშვილი საჯარიმოში შეიჭრა, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა. მაგრამ "ლოკომოტივმა" მაინც გაიტანა. არდაზიშვილმა კუთხური მოაწოდა, ქანთარიას ძლიერი დარტყმა მისსავე თანაგუნდელს მოხვდა, ასხლეტილ ბურთს კი რევაზ ჩიტეიშვილმა 30 მეტრიდან ისე მძლავრად დასცხო, ჰრდლიჩკამ სიტუაციაში გარკვევა ვერ მოასწრო - 0:1.

ისევე, როგორც "საპოვნელასთან", "დინამომ" ამჯერადაც წონასწორობა მალევე აღადგინა. ჯიღაურთან ბრძოლისას ჭანტურია საკუთარ საჯარიმოში ბურთს გადაეღობა, არბიტრმა კი ჩათვალა, ეს ხელით გააკეთა და პენალტი დანიშნა. ამან ლოკომოტიველთა უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა რეფერის გადაწყვეტილება, ცხადია, არ შეუცვლია. ალექსანდრე იაშვილმა ზუსტად შეასრულა პენალტი - 1:1.

69-ე წუთზე მასპინძლებმა გამარჯვების გოლი ლამაზი კომბინაციით გაიტანეს - იაშვილმა კართან შენიშნა ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც ნახტომში თავურით გაიტანა - 2:1.

მატჩის შემდეგ
ჟერარდ სარაგოსა მულეტი, "ლოკომოტივის" მწვრთნელი:
"ორივე გუნდმა კარგად, ევროპულ დონეზე ითამაშა. საწყის 20 წუთში "დინამო" უკეთ გამოიყურებოდა, ხოლო შემდეგ ვითარება შედარებით გამოვასწორეთ და მიმაჩნია, ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მეტოქე "დინამო" იყო...

მსაჯის მოქმედებას უკომენტაროდ დავტოვებ. 2 წლის წინ "ტორპედოში" ვმუშაობდი და ამ სტადიონზე ზუსტად იგივე მოხდა. მაშინაც 1:2 წავაგეთ. შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ უნდა გავიზარდოთ, როგორც მსაჯები, ასევე მწვრთნელები და ფეხბურთელები".

იურაი იარაბეკი, "დინამოს" მწვრთნელი: "დავეთანხმები კოლეგას, რომ საკმაოდ კარგი თამაში გამოდგა. მხოლოდ მაყურებელი გვაკლდა. კარგი იქნებოდა, სტადიონზე მეტი გულშემატკივარი მოდიოდეს. პირველი 20 წუთი კარგად ვითამაშეთ, შემდეგ მეტოქემაც მოუმატა. კარგია, რომ მოვიგეთ".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II წრე. XVII ტური
23.02. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-ლოკომოტივი 2:1
გოლები: 0:1 ჩიტეიშვილი (53), 1:1 იაშვილი (58-პენ), 2:1 კიტეიშვილი (69)
დინამო: ჰრდლიჩკა - უ. ლობჟანიძე, ამისულაშვილი, რენე, გურული (65. თევზაძე) - პარუნაშვილი, კიტეიშვილი - ჯიღაური, იაშვილი, ს. ლობჟანიძე (46. არაბული) - გელაშვილი (78. ჭელიძე).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, მიქელთაძე, ჯანელიძე, გველესიანი
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
ლოკომოტივი: თევდორაძე - ჩიტეიშვილი, ჭანტურია, გეთიაშვილი, ფოფხაძე (72. ჩიხლაძე) - ქანთარია (62. კიკნაძე), სულთანიშვილი, მახარაძე, არდაზიშვილი - მ. გავაშელიშვილი, ცხადაძე (67. სამურკასოვი).
სათადარიგოები: კუპატაძე, გაბაძე, მზევაშვილი, უბილავა
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა მულეტი
გაფრთხილებები: რენე ფერეირა (52), ჭანტურია (56), იაშვილი (62), ცხადაძე (62)
არბიტრი: გ. დოგრაშვილი.

ბომბარდირები
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
გ. ქვილითაია (დინამო (თბ) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10

XVIII ტური
27 თებერვალი, შაბათი
საბურთალო-დინამო (თბ)
ლოკომოტივი-სამტრედია
ზუგდიდი-ცხინვალი
შუქურა-სიონი
კოლხეთი -დინამო (ბთ)
მერანი-ჩიხურა
დილა-ტორპედო
საპოვნელა-გურია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ცხადაძე იაშვილი ნუ იაზვობთ
დინამო
07:49 26-02-2016
0
cxadadze iashvili nu iazvobt
dynamo
07:47 26-02-2016
0

სიახლეები პოპულარული