უმაღლესი ლიგის XVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ორთვიანი შესვენების შემდეგ უმაღლესი ლიგის გათამაშება განახლდა. II წრის სასტარტო ტურის მატჩები, მოლოდინისამებრ, დაძაბულად წარიმართა, ოღონდ ეს ყველაფერი ხომ უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა! ანუ დაძაბულობითა თუ სატურნირო ინტრიგით "ვხარობთ", თორემ სხვა ყველაფერი უცვლელია: თითქმის ცარიელი ტრიბუნები, სხვადასხვა ქალაქის სტადიონებზე ჩატარებული "საშინაო" მატჩები, არბიტრთა ქმედებებთან დაკავშირებული მარადიული პრეტენზიები და ასე შემდეგ...

აღარაფერს ვამბობთ კიდევ ერთ ქართულ საფეხბურთო ტრადიციაზე: უკვე წლებია, ჩვენი გუნდების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ყოველ ექვს თვეში, ფაქტობრივად, ხელახლა კომპლექტდება. ჰოდა, გამონაკლისი რაღა ახლა უნდა ყოფილიყო?

ერთი-ორის გარდა, უმაღლესი ლიგის
თითქმის ყველა გუნდმა მეორე წრე ერთიანად გადახალისებული შემადგენლობით დაიწყო...

არადა, თუ მეხსიერება არ გვღალატობს, შარშანწინდელიდან დაკანონდა, რომ ჩვენს ჩემპიონატში მოასპარეზე ყველა ფეხბურთელის კონტრაქტი, მინიმუმ, ერთწლიანი უნდა იყოს. ანუ, ამ კანონის თანახმად, ყოველი 6 თვის მერე ფეხბურთელთა მასობრივი გადასვლა-გადმოსვლა ერთიდან მეორე გუნდში აღარ მოხდებოდა, მაგრამ ჩვენთან (თანაც, ფეხბურთში) ხომ ყველაფერი მოსულა - შარშან ზაფხულში გაფორმებული უამრავი ერთწლიანი კონტრაქტი ნახევარი წლის შემდეგ "ორმხრივი შეთანხმებით" გაუქმდა და ფეხბურთელებმაც "თავისუფალი აგენტის" სტატუსით უკვე ახალ გუნდთან გააფორმეს ახალი და, რაღა თქმა უნდა... ერთწლიანი კონტრაქტები.

აი, ამიტომაც იყო თვალშისაცემი მეორე წრის პირველ ტურში ჩვენი გუნდების ერთიანად გადახალისებული შემადგენლობები, თუმცა იყო სხვა სიახლეებიც, მაგალითად, ახალი ლეგიონერების გამოჩენა, გარკვეული პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება, ერთი-ორი მართლაც ეფექტური გოლი (ვეტერანების შესრულებით), რამდენიმე სადებიუტო მატჩი თუ ასევე სადებიუტო გოლი, დანიშნული თუ არდანიშნული პენალტები და ასე შემდეგ...

ახლა უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ II წრის პირველი ტურის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებზე...

გოლების სიმწირე და ფრეების სიმრავლე
ზამთრის პაუზას დავაბრალოთ თუ სხვა "გარეშე ფაქტორებს", მაგრამ ის კი ფაქტია, რომ მეორე წრის სასტარტო ტური დიდი შედეგიანობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა: 8 მატჩი და 20 გოლი. თუმცა ამ სეზონში უარესიც გვინახავს: XII ტურში 17 გოლი გავიდა.

სამაგიეროდ, სწორედ ახლა დაფიქსირდა ფრეების რეკორდი: ჩემპიონატის სტარტიდან მოყოლებული, პირველად მოხდა, რომ ტურში 4 მატჩი დასრულდა საყაიმო ანგარიშით. თანაც, ამ ოთხი მატჩიდან არც ერთი იყო ისეთი, "მშვიდობიანი" რომ ეთქმოდა.

და კიდევ ერთ ტენდენციაზეც: ამ რვა მატჩის შედეგებს სატურნირო ცხრილში, ფაქტობრივად, არანაირი გადაადგილება არ მოუხდენია. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ზემოთ ნახსენები 4 საყაიმო შედეგის გარდა, დანარჩენ ოთხ შეხვედრაში გუნდებმა მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით იმარჯვეს.

აი, "დაძაბულობისა" თუ "არნახული ინტრიგის" კიდევ ერთი ნათელი დადასტურება...

არის რეკორდი: 5 ლეგიონერი მწვრთნელი!
საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ჩვენთან არაერთ უცხოელ მწვრთნელს უმუშავია, გეოგრაფიაც მრავალფეროვანი იყო, თუმცა პირველად სწორედ ახლა მოხდა, რომ უმაღლეს ლიგაში ერთდროულად 5 უცხოელი სპეციალისტი მოღვაწეობს.

თანაც, "ტორპედოს" უკრაინელი თავკაცი ალექსანდრ შტელინი და "ლოკომოტივის" ესპანელი მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსა პირველ წრეშიც (და ადრეც) აქ მოღვაწეობდნენ, აი, დანარჩენ სამ უცხოელ მწვრთნელს დებიუტი ჰქონდათ საქართველოს ჩემპიონატში: სლოვაკ იურაი იარაბეკს ("დინამო", თბ), უკრაინელ იური ბაკალოვს ("ზუგდიდი") და რუს ვიქტორ დემიდოვს ("გურია").

ამათგან ყველაზე წარმატებული დებიუტი იარაბეკს ჰქონდა: ლიდერმა "დინამომ" მატჩის ბოლო წამებზე შეძლო გამარჯვების მოპოვება, დემიდოვის ხელმძღვანელობით მოასპარეზე და ერთიანად გადახალისებულმა "გურიამ" მართლაც საპატიო ფრეს მიაღწია სტუმრად "სიონთან", ხოლო ბაკალოვის "ზუგდიდი" შინ დამარცხდა ბათუმის "დინამოსთან".

ახალი ლეგიონერები
უცხოელი მწვრთნელების მსგავსად, ჩვენს ჩემპიონატში ფეხბურთელებიც საიდან აღარ ჩამოსულან აქ სათამაშოდ თუ "კლასის ასამაღლებლად". სამწუხაროდ, ამათგან მხოლოდ და მხოლოდ ერთეულებს თუ დაუტოვებიათ თავიანთი კვალი ქართულ საკლუბო ფეხბურთში და ასევე ერთეულებზე თუ გვითქვამს, რომ მართლაც "ნაღდი" ლეგიონერები იყვნენ (აკინო, ჩისკო, ოვონო, დონდტი, კესანი, ვიეირა, კარლოსი, დე პორასი, ხაპოვი, პოროშინი, ფრიდრიკასი, ბალტუშნიკასი, ზელიჩი, კრშკო, ალვარო, ტიაგო).

იმედი დავიტოვოთ, რომ ახალი ლეგიონერებიდან ყველას თუ არა, რამდენიმეს მაინც ექნება ამ სიაში მოსახვედრად პრეტენზია; არადა, ერთი ოფიციალური მატჩით ძალიან ძნელია ამა თუ იმ ლეგიონერის ოსტატობის შეფასება, თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერი ნათლად გამოჩნდება: ეს უცხოელები მართლაც გუნდის გასაძლიერებლად არიან ჩამოყვანილნი თუ, უბრალოდ, ფულის "გასათეთრებლად"?!.

ახლა კი, დიდი პატივით გვინდა წარმოგიდგინოთ ის უცხოელი ფეხბურთელები, რომლებისთვისაც 2016 წლის 19 თებერვალი თავიანთ კარიერაში ისტორიულ დღედ დარჩება, რამეთუ საქართველოს ჩემპიონატში ჰქონდათ დებიუტი: მარკო მიხაილოვიჩს (ბოსნია), ნიკოლა კომაზეცს (სერბეთი), მარატ ბუთუევს (ყაზახეთი), სერგეი ჩებოტარიოვს, ანდრეი პოლტავცევს, ევგენი მოროზენკოს (სამივე - უკრაინა), მაურისიო ნუნიესს, ელვინ ბენეტის (ორივე - კოსტა რიკა), ტაიმურაზ ტაბოევს (რუსეთი) და, რაღა თქმა უნდა, ბონგ პანებენგ-ფოდოუპს (საფრანგეთი).

აი, რაც შეეხება "გურიის" კიდევ ერთ ახალწვეულს, ჯამალ როდრიგესს, ამ პანამელი ლეგიონერის დებიუტი მეორე ტურისათვის გადაიდო. აქვე აღვნიშნავთ, რომ აქამდე კოსტარიკელ (ისევე, როგორც პანამელ) ფეხბურთელს საქართველოს ჩემპიონატში ჯერ არ უთამაშია და აი, ეს დღეც დადგა!

დაბოლოს, კიდევ ორ ლეგიონერზეც, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას გარკვეული პაუზის მერე დაუბრუნდნენ: რაფაელ უკუბილე ჩუკვურა და ბენჯამენ ტეიდი (ორივე - ნიგერია) პირველ წრეში ჩვენს პირველ ლიგაში გამოდიოდნენ.

სხვათა შორის, ზემოთ დასახელებულ ლეგიონერთაგან ორს მეტად წარმატებული დებიუტი ჰქონდა: 28 წლის მარკო მიხაილოვიჩმა (ბათუმის "დინამო") და 24 წლის ევგენი მოროზენკომ ("გურია") საქართველოს ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში გოლები გაიტანეს, თანაც ამ გოლებმა იმ კონკრეტული შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

სადებიუტო მატჩები, სადებიუტო გოლები
ლეგიონერების გარდა, მეორე წრის სასტარტო ტურში ქართველ ფეხბურთელებსაც ჰქონდათ დებიუტი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში: 23 წლის გურამ ენუქიძეს, 19 წლის თორნიკე კირკიტაძეს (ორივე - "ჩიხურა"), 19 წლის ოთო გოშაძეს ("საბურთალო"), 19 წლის ანდრო გიორგაძეს ("მერანი"), 21 წლის ნიკა ნოზაძეს ("ცხინვალი"), 19 წლის ზურაბ ფანცხავას ("ტორპედო").

ამათგან ზოგს ზეწარმატებული დებიუტი ჰქონდა (კირკიტაძემ თავი გოლით გამოიჩინა), ზოგს კი - უიღბლო (ნიჭიერი მეკარე ოთო გოშაძე "ცხინვალთან" მატჩში მოედნიდან გააძევეს). აი, რაც შეეხება კიდევ ერთ ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელს, "ლოკომოტივის" 18 წლის შემტევმა გიორგი კიკნაძემ უმაღლეს ლიგაში პირველი გოლი გაიტანა (თანაც, შეცვლაზე შესულმა).

ამ შემთხვევაში, კიდევ ერთი საფეხბურთო დინასტიის გაგრძელებაზე უნდა ვისაუბროთ: გიორგი კიკნაძე (უმცროსი) იმ გიორგი კიკნაძის ვაჟია, არცთუ შორეულ წარსულში თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი რომ გახლდათ!

ვეტერანთა გაბრწყინება
კარგია, როცა ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელთა გარჯის აღნიშვნა გვიწევს, თუმცა, არანაკლებ სასიამოვნოა, როცა გამოცდილი მოთამაშეები კვლავაც ძველებურად თამაშობენ და ჩინებული გოლებითაც გვანებივრებენ; აი, თუნდაც, გრიგოლ დოლიძის მაგალითზე ვთქვათ: "შუქურას" 33 წლის მარჯვენა გარემარბმა "სამტრედიის" კარში ისეთი გოლი გაიტანა, თქვენი მოწონებული (შორიდან, ძირს დაუშვებლად ძლიერად დაჰკრა)!

სადაც კი უთამაშია ("ამერი", "ტორპედო", "დილა", "სამტრედია"), დოლიძეს ხშირად გაუტანია ეფექტური გოლები, ისე,  როგორც 32 წლის თენგიზ ჩიკვილაძეს, რომელიც უმაღლეს ლიგას გარკვეული პაუზის მერე დაუბრუნდა და თავის მართლაც "საფირმო" საჯარიმო დარტყმით ეს დაბრუნება ჩინებული გოლით აღნიშნა!

გეხსომებათ, ალბათ, რომ ჩიკვილაძე საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მცველია და "ამერის", "ოლიმპის", "გურიის", "სიონისა" და "ტორპედოს" შემადგენლობაში ასპარეზობის დროს არაერთი გოლი გაუტანია; ისე, როგორც თბილისის "დინამოს" მაისურით ყოჩაღობდა: ერთ არასრულ სეზონში (16 მატჩში) 6 გოლი გაიტანა (2009/10 წლების ჩემპიონატში), თუმცა სწორედ "დინამოს" წინააღმდეგ გაჰქონდა ხოლმე ხშირად გოლები ამ შედეგიან და უნივერსალ მცველს და ასე მოხდა ახლაც, როცა "საპოვნელას" ახალწვეულმა "სტანდარტული" ჩინებულად შეასრულა. ეს სეზონი ჩიკვილაძემ პირველ ლიგაში ("ბეთლემში") დაიწყო, მანამდე კი პატარა პაუზა ჰქონდა.

აი, ირაკლი ქობალია კი, ფაქტობრივად, ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა ფეხბურთში: "ზუგდიდის" 23 წლის ცენტრფორვარდმა შარშან, მარტის დასაწყისში რუსთავში "მეტალურგთან" მატჩში ტრავმა რომ მიიღო, მას მერე პირველად ახლა გამოჩნდა...

ისინი ბრუნდებიან!..
სასიამოვნოა, რომ ეროვნულ ჩემპიონატში კიდევ ერთი დადებითი ტენდენცია გრძელდება: სხვადასხვა ქვეყანაში გატარებული პერიოდის შემდეგ ქართველი ფეხბურთელები გარკვეული პაუზის მერე სამშობლოში რომ ბრუნდებიან! ასე გაგვანებივრა ბოლო წლებში ლაშა სალუქვაძის, გოგიტა გოგუას, დავით კვირკველიას, ზურაბ ხიზანიშვილის, გიორგი ნავალოვსკის, ოთარ მარცვალაძისა თუ კიდევ სხვა ოსტატის დაბრუნებებმა, რომ აღარაფერი ვთქვათ ხანგრძლივი პაუზის მერე საქართველოს ჩემპიონატში ალექსანდრე იაშვილის დაბრუნებაზე...

და აი, მეორე წრის პირველ ტურში ერთდროულად კიდევ რამდენიმე "დაბრუნება" შედგა და ამათგან ყველაზე ხმაურიანი, რაღა თმა უნდა, 33 წლის ალექსანდრე ამისულაშვილის ჩვენს ჩემპიონატში დაბრუნებაა: საქართველოს ნაკრების მართლაც შეუცვლელი ფეხბურთელი ეროვნულ პირველობას თითქმის თერთმეტწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა!

6-წლიანი პაუზის მერე დაუბრუნდნენ საქართველოს ჩემპიონატს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, 28 წლის უჩა ლობჟანიძე და 28 წლის ბაჩანა ცხადაძე, 4 წლის მერე დაგვიბრუნდა 30 წლის ნიკა გელაშვილი, წელიწადნახევრის შემდეგ - 27 წლის გიორგი რეხვიაშვილი.

ამათ გარდა, საქართველოს ჩემპიონატში გარკვეული პაუზის მერე დაბრუნდნენ: 27 წლის ბესიკ ჩიმაკაძე, 23 წლის ნიკა აფაქიძე, 27 წლის ბექა ტუღუში, 21 წლის ირაკლი გოგინაშვილი და 22 წლის გიორგი ნარიმანიძე. გაგრძელება კიდევ იქნება...

დაბოლოს, კიდევ ერთ დაბრუნებულზეც: "მერანის" 22 წლის გარემარბი ვანო ხაბელაშვილი უმაღლეს ლიგას ერთწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა და თავისი ახალი გუნდის მაისურით პირველსავე მატჩში დუბლი შეასრულა!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნოდარ იაშვილი და გიორგი ფანცულაიაც უნდა ყოფილიყვნენ კიკნაძეს და კილასონიას მაგივრად.
saburtalo
10:27 23-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული