ვინ არის ფეხბურთის განვითარების ერთიანი ფონდის ხელმძღვანელი?

AutoSharing Option
სფფ ფეხბურთის განვითარების ხუთწლიან სახელმწიფო პროგრამას საზოგადოებას 18 თებერვალს, 18:00 საათზე სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" წარუდგენს...


ფონდის ხელმძღვანელი
16 თებერვალს, სფფ-ის და კლუბების ხელმძღვანელები ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. კლუბებს პროგრამის დეტალები გააცნეს. სწორედ იქ გახდა ცნობილი, რომ ფეხბურთის განვითარების ერთიან ფონდს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, რუსთავის "მეტალურგის" ყოფილი დირექტორი ზაზა დოლიძე უხელმძღვანელებდა.

შევიტყვეთ, რომ ერთიანი ფონდი ააიპ-ს ფორმით (არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირი) დაფუძნდა. მას ექნება გამგეობა, რომელშიც შევლენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, სპორტისა და
ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და მისი, აგრეთვე, ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა მინისტრების პირველი მოადგილეები.

ფონდში შეიკრიბება ის თანხები, რომლებიც ქართულ ფეხბურთს მოხმარდება. მისი მიზანია დაეხმაროს კლუბებს, საფეხბურთო სკოლებს, შესაძლებელი გახდება მწვრთნელთა გადამზადება, სამედიცინო და ათასი სხვა პრობლემის მოგვარება, შეეცდება სპონსორების მოზიდვას.

აქვე ვიტყვით, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდის ერთ-ერთი ფუნქცია თანხების მონიტორინგი იქნება.

დაპირისპირება ფედერაციასთან
ფონდის ხელმძღვანელად ზაზა დოლიძის დანიშვნა ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და კითხვებიც გააჩინა. 2013-14 წლებში დოლიძე რუსთავის "მეტალურგს" ხელმძღვანელობდა და პროფლიგის საინიციატივო ჯგუფშიც შედიოდა.

2010 წლის 22 სექტემბერს "ლელომ" გამოაქვეყნა მისი წერილი - "რატომ არ ჰყავს ეროვნულ ნაკრებს სპონსორი?" - მაშინ დოლიძე ფარმაცევტული კომპანია PRP-ის თანამშრომელი გახლდათ.

"11 სექტემბრის "ლელოში" ზვიად სიჭინავა საუბრობდა, რომ ევროპაში მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას არ ჰყავს სპონსორი. სფფ არის ბრენდი და ამ ბრენდთან ასოცირება არის პროდუქტი, რომელიც თავად ამ ორგანიზაციამ უნდა გაყიდოს. როგორც ჩანს, ბატონ ზვიადს ამ პროდუქტის გაყიდვა არ შეუძლია ან ჩვენთვის უცნობი პრინციპებით ხელმძღვანელობს.

მე გახლავართ ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი. ივნისში სფფ-ს სასპონსორო წინადადება შევთავაზეთ - წლის განმავლობაში სხვადასხვა ნაკრები გუნდების მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ეს არ იყო დიდი თანხა, მაგრამ 10 000 ლარის შეღავათი იმ პირობებში, რაშიც დღეს ფედერაცია აღმოჩნდა, ცუდი წინადადება არ უნდა ყოფილიყო...

თითქოს, მოლაპარაკებებიც წარმატებით მიმდინარეობდა და დარჩენილი იყო მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმება, როცა შევიტყვეთ, რომ სიჭინავას გარიგების გაუქმება უბრძანებია...

მე, როგორც რიგითი გულშემატკივარი და კომპანიის მხრიდან სპონსორობის ინიციატორი, მომხდარის გამო გულგატეხილი და განცვიფრებული დავრჩი, მით უმეტეს, "ლელოში" ზემოთ ნახსენები სტატიის წაკითხვის შემდეგ. ვფიქრობ, არა მხოლოდ ჩემთვისაა საინტერესო, რა თანხას ითხოვს ფედერაცია სპონსორობაში? იქნებ, ჯამში, სწორედ ასეთი წვრილი სასპონსორო თანხით, სოლიდური სასპონსორო ფონდი შეგროვდეს?

ყველამ უნდა იცოდეს, ფედერაცია სპონსორობაში რას ითხოვს და როდესაც ეს ციფრი დასახელდება, იქნებ ბევრი კომპანია დაინტერესდეს. არ მინდა, ყველა პოტენციური პარტნიორის წინადადების ანალოგიური უგულებელყოფით, ჩვენი ფედერაცია კიდევ დიდხანს დარჩეს იმ ერთადერთად ევროპაში, რომელსაც სპონსორი არ ჰყავს", - წერდა დოლიძე.

ამ წერილს სფფ-ის განრისხება მოჰყვა. ეს ფრაგმენტი კი იმიტომ გაგახსენეთ, რომ ის წარმოდგენას შეგიქმნით დოლიძის ხედვებზე.

რატომ არ ეტანებიან ფეხბურთს?
რუსთავის "მეტალურგის" დირექტორობის პერიოდში, ზაზა დოლიძეს ეკუთვნოდა სახელმწიფო სახსრების მონიტორინგის იდეა, რომელიც კლუბებს ხარჯებს მაქსიმალურად შეუმცირებდა.

ის საფეხბურთო სამყაროს პრობლემებს აანალიზებდა:

"ახლა ყველა კლუბს ფინანსური პრობლემები აწუხებს. ვცდილობთ, ბიუჯეტი გავზარდოთ, მაგრამ გლობალურად, ქართული ფეხბურთისადმი ინტერესი კატასტროფულად დაეცა.

ეს მოსალოდნელიც იყო - ფეხბურთში ბიზნესმა ფული რომ ჩადოს, საამისოდ აუცილებელია რენტაბელური იყოს საფეხბურთო ინდუსტრია, გაიყიდოს სატელევიზიო უფლებები, კლუბის სიმბოლიკა, სარეკლამო უფლებები, ხალხი სტადიონზე დადიოდეს, რაც საფეხბურთო მატჩებზე რეკლამას ეფექტურს გახდის...

სამწუხაროდ, არც ხალხი დადის თამაშებზე და სატელევიზიო უფლებებიც, კლუბის სიმბოლიკაც და სარეკლამო უფლებებიც არ იყიდება, რადგან ჩვენი ჩემპიონატი, კლუბები და მოთამაშეები ბიზნესს ვერ აინტერესებენ. კლუბების მენეჯმენტშიც სერიოზული პრობლემებია - ბიზნესს საინტერესო პროექტებს ვერ ვთავაზობთ, ჩვენი ჩემპიონატი კი ადამიანების ცხოვრების საჭირო და აუცილებელ დანამატად ვერ გადაიქცა. მყიდველისთვის საინტერესო პროდუქტის შესაქმნელად პირობებიც არ არის.

ამიტომ, ჩემი აზრით, ახალი ქართული ფეხბურთის მშენებლობა უნდა დავიწყოთ. ასევე, ვითარებას საგრძნობლად შეცვლიდა საკანონმდებლო ცვლილებები და ადეკვატური გადასახადები. ძალიან ბევრი ბიზნესმენი ვიცი, რომელიც ფეხბურთში თანხის დასაბანდებლად სწორედ ამას ელოდება.

თუ მათ არ ექნებათ ეკონომიკური ეფექტი და გადასახადები არ შემცირდება, ტყუილად ფულს არავინ გადაყრის, რადგან ამ სახეობაში ბიზნესმენები კაპიტალს მოგებიდან აბანდებენ. მაგრამ რაც უნდა დიდი სიყვარული ჰქონდეთ, სულ წაგებაზე მუშაობა არავის ახარებს".

სახსრების ეკონომია და ჩემპიონთა კლუბი
დოლიძე სახსრების დაზოგვის ასეთ გზას გვთავაზობდა:

"რამდენიმე კლუბს უკვე ველაპარაკე, რომ არაკომერციული სუბიექტი - "ქართული ფეხბურთის განვითარების სააგენტო" დავაფუძნოთ. ამ სააგენტოს ძირითადი მისია სახსრების ეფექტურად ათვისება და ქართული ფეხბურთის განვითარება იქნება, ხოლო ერთ-ერთი მთავარი ამოცანა - ლოჯისტიკური ფუნქციის ერთად შესრულება, რასაც კლუბები ცალ-ცალკე არაეფექტურად ვახორციელებთ.

სააგენტოს მეშვეობით, შესაძლებელი გახდება კლუბებისთვის საჭირო შესყიდვების ცენტრალიზაცია. ეს საშუალებას მოგვცემს, სახსრები რაციონალურად ვხარჯოთ. საამისოდ კი სხვადასხვა ტენდერი უნდა ჩავატაროთ, რათა ოპტიმალურ ფასებში შევძლოთ სატრანსპორტო საშუალებების იჯარა, საწვავის, ეკიპირების, სპორტული და სტადიონის ინვენტარის (ბურთები, ტრენაჟორები, ტაბლო, აუდიოსისტემები...) შესყიდვა და სამედიცინო მომსახურების მიღება.

გარდა ამისა, გამოიკვეთება, რომელი კომპანია გვთავაზობს შეკრების უკეთეს პირობას - ავიაბილეთებს, სასტუმროს, მატჩების ორგანიზებას... აქაც და სტუმრადაც გუნდს სასტუმროში დაბინავება სჭირდება. ტენდერი გაარკვევს, რომელ მათგანს აქვს უკეთესი პირობები...

საბითუმო გაყიდვებით კი თავად კომპანიები დაინტერესდებიან. კლუბები შეღავათს მიიღებენ და სახსრების ეკონომიას მოახერხებენ. ეს ბიზნესის კანონია".

ერთიანი ფონდის ხელმძღვანელს ეკუთვნოდა ძალიან საინტერესოა იდეა, რომელიც განუხორციელებელი დარჩა:

"სააგენტომ უნდა დააფუძნოს საქართველოს ჩემპიონთა კლუბი, რომელშიც გაერთიანდებიან სხვადასხვა დროის ოქროსმედალოსნები - თბილისის "დინამო", ქუთაისის "ტორპედო", რუსთავის "მეტალურგი", "ზესტაფონი", "ვიტ ჯორჯია" და ბოლნისის "სიონი" (მაშინ გორის "დილა" ჩემპიონი ჯერ არ იყო - რედ).

ეს ტურნირი საფეხბურთო ცხოვრებასაც გამოაცოცხლებს და გუნდებს ზამთარში უკეთ მომზადებაშიც დაეხმარება. რაც მთავარია, მაყურებელს მისი ფორმატი დააინტერესებს: ორ ჯგუფად დაყოფილი 3-3 გუნდი ერთმანეთში 45-წუთიან ტაიმებს ითამაშებს, ხოლო ჯგუფის გამარჯვებულები ფინალში სტანდარტულ 90-წუთიან მატჩს ჩაატარებენ.

ტურნირი უნდა გაიმართოს სფფ-სთან შეთანხმებით და მიეცეს ტრადიციული ხასიათი. მარკეტინგულ მხარეს რაც შეეხება, მას უნდა ჰქონდეს კომერციული დატვირთვა, რათა მოვიზიდოთ სპონსორები და მონაწილეთათვის საპრიზო ფონდი გაკეთდეს".

მოკლედ, დოლიძეს აშკარად პროგრესული იდეები აქვს და ეგებ მოხერხდეს კიდეც ფეხბურთის განვითარების ერთიანი ფონდის, სწორი მენეჯმენტის საშუალებით ამ საშური იდეების რეალიზება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ