სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
რევოლუცია: 10-გუნდიანი ლიგა, გაზაფხული-შემოდგომის სისტემა, 3.5 მლნ ჩემპიონს!
AutoSharing Option
09:19 18-02-2016
ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვისა და შესავლების გარეშე - 17 თებერვალს, ფეხბურთის ფედერაციამ დახურულ შეხვედრაზე ფეხბურთის განვითარების რევოლუციური 5-წლიანი სახელმწიფო პროგრამა წარადგინა. ბოლო 26 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ფეხბურთში სერიოზული რეფორმა იწყება.

ამ პროგრამაში არის ისეთი დეტალები, რასაც პროგრესული საფეხბურთო სამყარო წლების განმავლობაში ითხოვდა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პროგრამაზე პუნქტობრივად მოგითხრობთ...

ჩავარდნილი ჩემპიონატი
სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის შესავალი სიტყვის შემდეგ პროგრამაზე ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ ილაპარაკა.

"პროგრამის საკვანძო ასპექტებზე მოგახსენებთ: ჩემპიონატის დაბალ დონეს ბევრი ფაქტორი განაპირობებს.

1) არათანმიმდევრული ფორმატი და, ამავე დროს, არაადეკვატურიც. წლების განმავლობაში ის გაუაზრებლად იცვლებოდა; 2) მოძველებულია ინფრასტრუქტურა; 3) ცარიელი ტრიბუნები; 4) ჩემპიონატი შეუფუთავია და 5) კომერციულად უინტერესოა", - ამბობს ჯღარკავა.

მან წარმოადგინა გრაფიკი, როგორ იცვლებოდა კერძო კლუბების პროცენტული მაჩვენებელი წლების განმავლობაში. ყველაზე მეტი იყო 2009/10 წლების სეზონში - 60%, ამის შემდეგ კი კატასტროფულად დაეცა და დღეისთვის მხოლოდ 25%-ს შეადგენს.

ასევე კატასტროფულად შემცირდა ბავშვების რაოდენობა: 8-წლამდელებში სულ 460 ვარჯიშობს. ამ პროცესს ისიც ემატება, რომ სკოლების კატეგორიზაცია არ მომხდარა. ამავე დროს, საკომპენსაციო სისტემა ძალიან არაეფექტურია.

მნიშვნელოვანია არსებული 13 რეგიონული ფედერაციის მუშაობა, რომ კლუბებისა და მოთამაშეების რაოდენობა გაიზარდოს.

დაფინანსების სისტემა
ჯღარკავამ დაფინანსების მეთოდი წარმოადგინა. მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფეხბურთს სპონტანურად და არამიზანმიმართულად აფინანსებდნენ, არ არსებობდა სისტემა. უცნობი იყო, სახსრებს ვის და რა კრიტერიუმით აძლევდნენ, რა საშეჯიბრებო ამოცანას უსახავდნენ...

ახლა სახელმწიფო სახსრების მობილიზაცია ერთიან ფონდში მოხდება, რომლიდანაც დაფინანსდება განვითარების პროგრამები, კლუბები და საფეხბურთო სკოლები, ფეხბურთის ფედერაციას კი მხოლოდ ფიფა-უეფასა და სამინისტროს ძველი დაფინანსება დარჩება. ანუ სფფ-ს ამ ფულთან შეხება არ ექნება.

ფონდის მიზანია ჩემპიონატში დონის ამაღლება, ფეხბურთში თანამედროვე მართვის მეთოდების დანერგვა, კონკურენტუნარიანი და თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბება, პლუს - სოციალურ აქტივობაში ფეხბურთის ჩართულობის გაზრდა.

"დღეს ასაკობრივი ნაკრებების წევრთა 90 პროცენტი კერძო კლუბებშია გაზრდილი. იმიტომ, რომ სახელმწიფო კლუბებში ასეთი არც ამოცანა ჰქონდათ და არც სურვილი. პროგრამა სწორედ ამ დამოკიდებულებას შეცვლის", - თქვა კობიაშვილმა.

ცნობილი გახდა, რომ თანხები დაიხარჯება მსაჯთა მომზადებაში, აგრეთვე, საფეხბურთო მენეჯმენტის კურსებზე - შესაძლოა, მსაჯთა აკადემიაც ჩამოყალიბდეს. დაიწყება დეფიციტური კადრების (ფიზმომზადების მწვრთნელები, მწვრთნელ-ანალიტიკოსები, სპორტული მედიკოსები, საფეხბურთო მარკეტინგის სპეციალისტები და მოედნების აგრონომები) გადამზადება.

საჯარო სკოლების მასწავლებლებსა და რეგიონში დასაქმებულ დამწყებ მწვრთნელებს D ლიცენზიებს გადასცემენ. არის სურვილი, რომ გაუმჯობესდეს C კატეგორიის კურსებზე სწავლება, ხოლო B, A და PROF-ლიცენზიები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. საქმე ისაა, რომ ამ კატეგორიაზე სწავლა ძვირია და ყველა მსურველი ვერ ახერხებს.

მასობრიობა და პოპულარიზაცია
პროგრამით, ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა 13-წლამდელთა რეგიონული ნაკრებების ჩამოყალიბებითა და მათი ასაკის სასკოლო ჩემპიონატის გამართვითაა
You must have Flash Player installed in order to see this player.
გათვალისწინებული. ადგილობრივი ტურნირების შემდეგ ჩამოყალიბდება რეგიონული ნაკრებები და მათ შორის ერთიანი შეჯიბრება გაიმართება.

გოგონებისთვის კი ეროვნული ჩემპიონატი, 15-წლამდელთა რეგიონული თასის გათამაშება და 11-წლამდელთა სკოლის ჩემპიონატი იგეგმება.

ძალიან საინტერესო იყო პაუზების დროს ტურნირების ჩატარების იდეა. ზამთრის მასტერსი დარბაზში გაიმართება, რათა სეზონი გახანგრძლივდეს და მაყურებელმა ინტერესი შეინარჩუნოს, ხოლო ტურნირებზე ვეტერანი ვარსკვლავების ჩამოყვანას აპირებენ. ზაფხულის პაუზის შევსებას კი პლაჟის ფეხბურთის ტურნირით ფიქრობენ.

10-გუნდიანი ჩემპიონატი
ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ეროვნული ჩემპიონატის რეფორმირების რევოლუციური იდეა. 2016 წლის ზაფხულიდან დაიწყება მოკლე, გარდამავალი ჩემპიონატი და ნოემბერში დასრულდება. 16 გუნდი 8-8-გუნდიან ორ ჯგუფად დაიყოფა და ნოემბრამდე ორ წრედ (14 მატჩი) ითამაშებს.

ჩემპიონი ჯგუფების გამარჯვებულს შორის გამოვლინდება, ისევე, როგორც - ევროსაგზურების მფლობელები. მაგრამ ჯერ ამის დეტალები ზუსტდება. ლიგიდან 6 გუნდი გავარდება და მივიღებთ 10-გუნდიან ჩემპიონატს.

გარდამავლი ჩემპიონატის დროს, პირველი ლიგიდან გუნდი აღარ დაწინაურდება. არგუმენტად კობიაშვილმა ეს ფაქტი დაასახელა - ლიცენზირების სურვილი ლიდერების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ გამოხატა, ანუ განვითარების სურვილი თუ არ აქვთ და ლიცენზიას ვერ იღებენ, უმაღლესში არაფერი ესაქმებათო.

გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ 10-10 გუნდი ითამაშებს PRO ლიგა 1-სა და PRO ლიგა 2-ში, ორ 10-10-გუნდიან ჯგუფად დაიყოფა ეროვნული ლიგა 1 (ანუ რეგიონული ლიგა). გარდა ამისა, ჩამოყალიბდება კიდევ ერთი რეგიონული ლიგა, ეროვნული ლიგა 2, სადაც გუნდების რაოდენობა ჯერაც განუსაზღვრელია.

ჩემპიონატი გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავა, მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. 2016/17 წლების ევროსეზონზე კი გარდამავალი ეტაპის საუკეთესოები მოხვდებიან. კობიაშვილმა ეს ცვლილება საბიუჯეტო დაფინანსებით, მოედნების მდგომარეობით, ევროთასებზე გუნდების უკეთ გამოსვლის მოტივითა და სხვა ფაქტორებით ახსნა.

ამას გარდა, ყოვლად უმოტივაციო დუბლების ჩემპიონატის ნაცვლად, 20-გუნდიანი 19-წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება, გამარჯვებული კი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდება.

საინტერესო დეტალია: ეროვნული ლიგა 1 და ეროვნული ლიგა 2 სამოყვარულო იქნება. აქ მნიშვნელოვანი ქვეტექსტია ჩადებული: საქმე ისაა, რომ ტოტალიზატორები სამოყვარულო ლიგების თამაშებზე ფსონს არ იღებენ. ბოლო წლებში კი აზიური ტოტალიზატორების ინტერესი ჩვენი რეგიონული ლიგის მატჩებსაც მისწვდა და საშინელება ტრიალებდა. კარგია, რომ სფფ-მ ეს ამბავი გაითვალისწინა.

დაფინანსება და საპრიზო პრემიები
გუნდები ჩემპიონატში შემდეგ თანხებს მიიღებენ:

უმაღლესი ლიგა (II წრე)
საბაზისო 0,80 მლნ
სტიმულირება 0,40 მლნ
პრემია 0,75 მლნ

პირველი ლიგა (II წრე)
საბაზისო 0,30 მლნ
სტიმულირება 0,05 მლნ

მეორე ლიგა (II წრე)
საბაზისო 0,05 მლნ

გარდამავალი ჩემპიონატი
უმაღლესი ლიგა
საბაზისო 0,60 მლნ
სტიმულირება 0,30 მლნ
პრემია 0,60 მლნ

ახალი ჩემპიონატი
PRO ლიგა 1
საბაზისო 1,00 მლნ
სტიმულირება 0,50 მლნ
პრემია 6,00 მლნ
საპირზო ფონდი 6,00 მლნ

PRO ლიგა 2
საბაზისო 0,70 მლნ
სტიმულირება 0,30 მლნ
პრემია 3,00 მლნ

ეროვნული ლიგა 1
საბაზისო 0,25 მლნ
სტიმულირება 0,05 მლნ

ეროვნული ლიგა 2
საბაზისო 0,04 მლნ

ნიკა ჯღარკავამ ციფრები დაასახელა: შესაძლოა, 10-გუნდიანი ჩემპიონატის გამარჯვებულმა 3,5 მილიონი ლარი მიიღოს, გავარდნილმა - 2,3 მილიონი. ხოლო PRO ლიგა 2-ში გამარჯვებულმა და გავარდნილმა, შესაბამისად - 1,7 მილიონ ლარზე მეტი.

ერთიანი ფონდი
ერთიანი ფონდი კლუბებს დაეხმარება ტურისტული მომსახურების, შეკრებებისა და გასვლითი მატჩების ორგანიზებაში, სპორტული ეკიპირების, ბურთების შეძენაში, სამედიცინო მომსახურებაში, ტრანსპორტირებაში, სასტუმროების დაჯავშნაში.

ცხადია, ერთიანი შეკვეთის შემთხვევაში ეს ყველაფერი გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე გუნდები ცალ-ცალკე რომ გააკეთებენ. ეს ამ ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია იქნება და სახელმწიფო სახსრები გაცილებით ეფექტურად დაიხარჯება.

მედიაპროექტი
კობიაშვილმა დაადასტურა, რომ 10-გუნდიან ჩემპიონატში თამაშები მხოლოდ ბალახისსაფარიან მოედნებზე გაიმართება. აუცილებელი პირობა იქნება თამაშების კეთილმოწყობილ სტადიონებზე, განათებაზე ჩატარება და სატელევიზიო გაშუქება.

ეს კიდევ ცალკე პუნქტია. მზადდება მედიაპროექტი, რომლის მიზანიც ეროვნული ჩემპიონატის მაღალ დონეზე გაშუქებაა - ტელევიზიით, ბეჭდურ მედიაში, სოციალურ ქსელებში. ეს შეეხება მატჩისწინა მზადებას, თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებსა და ტურის მიმოხილვას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
გუჯა კახაძე
00:55 27-02-2016
ადამიანური რესურსის პრობლემა თუ სწრაფად მოგვარდა წელს უკვე დავინახავთ შედეგს!
თუთი
23:38 26-02-2016
ახალი არაფერია ნათქვამი. თავიდან ბოლომდე ავსტრიის და მსგავსი ქვეყნების მოდელი გადმოიღეს. მაგრამ ის უნდა გაითვალისწინონ რომ ამ მოდელით ჩემპიონატის დონე არ ამაღლდება. ავსტრიის, შვეიცარიის და დანიის ჩემპიონატები შესამჩნევად დაბალი ხარისხისაა და ინვესტირებაც ძალიან დაბალია ესპანეთის, ინგლისის და გერმანიის ჩემპიონატების ფონზე. რაც შეეხება ტრანსლიაციას არც ინატრონ ოდესმე რომ დასავლეთ ევროპის ტელევიზიები გააშუქებენ საქართველოს ჩემპიონატებს.