ჩემპიონი სეკვესტრში - გორის "დილას" ბიუჯეტი მცირდება

AutoSharing Option
"გორის ბიუჯეტი არის 15 მილიონი, საიდანაც "დილას" გამოყოფილი აქვს 2 მილიონი. ეს მაშინ, როცა სახელმწიფომ უკვე 265 მილიონი გამოუყო კლუბებს. იქ, სადაც 15-დან 2 მილიონი უნდა მოხმარდეს გორის "დილას", რა ვუყოთ ამდენ სოციალურად დაუცველს, მრავალშვილიან ოჯახებს, ლტოლვილებს?" - ეს არის ციტატა გორის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის,  ლერი ლაფაჩის საუბრიდან ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის გადაცემაში...

სხვა დროს, საკრებულოს ცალკეული დეპუტატის მოსაზრება საფეხბურთო კლუბის ბედთან დაკავშირებით, შესაძლოა, სპორტის გულშემატკივრისთვის ან სპორტული მედიისთვის ნაკლებად საინტერესო ყოფილიყო, მაგრამ საქმე ისაა, რომ გორში შექმნილმა ახალმა რეალობამ უკვე
ჰპოვა ასახვა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, "დილას" ბიუჯეტზე და გამორიცხული არ არის, მომავალში კიდევ აისახოს.

ამას წინათ ვწერდით გორის საკრებულოში ორჯერ ჩავარდნილი ბიუჯეტის შესახებ, რომლის გამოც "დილას" დაფინანსება ფერხდებოდა და რასაც, შესაძლებელი იყო, უცხოური შეკრების მოწყობაზეც უარყოფითად ემოქმედა. მოგეხსენებათ, შეკრების პირველი ეტაპი გუნდმა თბილისში მაინც მოაწყო და ამჟამად ბელეკშიცაა (თურქეთი) მორიგი ეტაპის გასავლელად, მაგრამ, როგორც გავიგეთ, საამისოდ საჭირო თანხა კლუბის ხელმძღვანელობამ ბანკიდან სესხის აღების გზით გამონახა. მის გასტუმრებას კი ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ვარაუდობდნენ...

გასული კვირის მიწურულს, ბიუჯეტი, როგორც იქნა, დამტკიცდა, მაგრამ ამას წინ უძღვოდა პოლიტიკური პროცესები - გორის საკრებულოში გარკვეული გადაჯგუფება მოხდა, უმრავლესობა უმცირესობად იქცა, უმრავლესობად ქცეულმა ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა კი საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეები და კომიტეტების თავმჯდომარეები თანამდებობებიდან გადააყენეს.

ახალ რეალობაში, როგორც იქნა, მიიღეს ბიუჯეტიც, მაგრამ მხოლოდ კორექტივების შეტანის შემდეგ. კერძოდ, ამ ცვლილებებით "დილასთვის" განსაზღვრულ 1 500 000 ლარს 50 ათასი მოაკლეს. დეპუტატებისავე მითითებით, კლუბმა "ქამრის შემოჭერა" შტატების ხარჯზე უნდა მოახდინოს.

საკრებულოს დეპუტატებს შეუძლიათ, თუ საჭიროდ ჩათვლიან, მომავალშიც შეიტანონ ცვლილებები ბიუჯეტში და რადგან გორის "დილას" დაფინანსება დიდი ხანია ერთობ ყბადაღებულ თემადაა ქცეული ქალაქის საკრებულოში და გამორიცხული არ არის, მის შემცირებაზე მომავალშიც დაიწყოს მსჯელობა.

ახლა კი "დილას" დასაფინანსებლად გამოყოფილია 1 450 000 ლარი, ოღონდ ამავე თანხაში შედის გორის ბავშვთა საფეხბურთო სკოლის და ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდის - "დილას" დაფინანსებაც. ეს თანხა კი, როგორც მერიის სპორტის სამსახურის უფროსმა თეა კეჩხუაშვილმა გვაცნობა, თითქმის ნახევარი მილიონი ლარია.

მაშასადამე, უშუალოდ საფეხბურთო კლუბ "დილას", რომელიც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გახლავთ, გორის 2016 წლის ბიუჯეტით მილიონ ლარამდე ექნება გამოყოფილი. ამასთან, როგორც აღვნიშნეთ, გამორიცხული არაა, სამომავლოდ, კორექტივების შეტანისას ცვლილებები კლუბისთვის განსაზღვრულ თანხასაც ისევ შეეხოს და გარკვეული ნაწილი კიდევ შეიწიროს.

ბოლოს კი წერილის დასაწყისში ნახსენები 2 მილიონის შესახებაც გვინდა ვთქვათ. ეს თანხა 2015 წელს მართლაც გამოიყო გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ "დილასთვის", მაგრამ იმ 2 მილიონშიც შედიოდა გორის ბავშვთა საფეხბურთო სკოლის და ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდისთვის დაფინანსება, ასევე, თანხა - გუნდის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებლად და უშუალოდ ტურნირზე საასპარეზოდ.

"დილა" თურქეთიდან რამდენიმე დღეში დაბრუნდება, მაგრამ დახვდება 50 ათასით შემცირებული ბიუჯეტი და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ადრე პირიქით, მისი გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობდა, საინტერესოა, ახალშექმნილ რეალობაში რა გამოსავალი მოიძებნება.

აისახება თუ არა შექმნილი ვითარება გუნდის მიზნებზე, ევროტურნირზე მონაწილეობის მისაღებად ბრძოლაზე და ასე შემდეგ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული