უჩა ლობჟანიძე: გაცილებით მეტ ემოციას უნდა იღებდე...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველი, 29 წლის უჩა ლობჟანიძე საქართველოში რომ დაბრუნდა, ახალი ამბავი აღარ არის. 2010 წელს, ის "ზესტაფონიდან" დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" გადაიყვანეს. მაშინ ლობჟანიძე პერსპექტიულ ახალგაზრდად ითვლებოდა, თუმცა ერთ-ერთ უკრაინულ გრანდში ("დნიპროში" 2014 წლამდე ირიცხებოდა) თავი ვერ დაიმკვიდრა და იჯარით კრივოი როგის "კრივბასში" გაუშვეს.

იჯარის ვადის გასვლის შემდეგ დნეპროპეტროვსკში დაბრუნებულმა, მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა ძირითად გუნდში, რის შემდეგაც კლუბის დატოვება და ნიქოზიის (კვიპროსი) "ომონიაში" გადასვლა გადაწყვიტა. 2016 წლის იანვრიდან კი დაბრუნდა თბილისის "დინამოში" - იქ, სადაც კარიერა დაიწყო.

მაინც რატომ გადაწყვიტა
საქართველოში დაბრუნება? ლობჟანიძე "ლელოს" მიზეზს უმხელს:

"უცხოეთში ხუთი წელიწადი ვითამაშე. "ომონიაში" კონტრაქტი დამიმთავრდა და სხვა ვარიანტებიც მქონდა, მაგრამ კვიპროსში სატრანსფერო სეზონი ძალიან ხანმოკლეა და ჩემთვის სასურველ კლუბში მოხვედრა ძნელი აღმოჩნდა.

თბილისის "დინამო" სწორედ ამ დროს დამიკავშირდა და მის წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი.

არ დავმალავ, საქართველოში დაბრუნება და ოჯახთან ერთად ყოფნა მსურდა. სულ უცხოეთში თამაში ძნელია. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი წმინდა საფეხბურთო არჩევანი იყო. თბილისის "დინამო" ტრადიციული კლუბია და აქ მოხვედრა სასიამოვნოა".

კვიპროსისა და საქართველოს ჩემპიონატების დონეებს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. ეროვნული ნაკრების წევრი მიიჩნევს, რომ ამ კუთხით, მნიშვნელოვანია ძლიერი ლეგიონერების ჩამოყვანა:

"რაც უცხოეთში წავედი, ცხადია, საქართველოს ჩემპიონატს თვალს ვეღარ ვადევნებდი. მაგრამ მეგობრებისგან ვიცი, რომ ბოლო წლებში დონე დაეცა.

კვიპროსში რაღაც სასწაული ჩემპიონატი ნამდვილად არ არის, მაგრამ ხალხი დადის სტადიონებზე, დონე მაინც ნორმალურია, საკმაოდ ძლიერი ლეგიონერებიც ჩაჰყავთ და ტელევიზიებიც კარგად აშუქებენ ფეხბურთს.

სამწუხაროდ, საქართველოში ასე არ არის. ჩემპიონატის დონე ლეგიონერების ხარისხზეცაა დამოკიდებული.

მე "დნიპროში" წავედი "ზესტაფონიდან", რომლის თამაშებზეც ხალხი სულ დადიოდა. მაგრამ დანარჩენ ქართულ სტადიონებზე მაყურებელი, ძირითადად, არ დადის. ასეთ გარემოში თამაში ძნელია. მატჩიდან გაცილებით მეტ ემოციას უნდა იღებდე. იმედია, ეს მდგომარეობა გამოსწორდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
უჩა ჩემი კუმირი ხარ
ჯჯჯჯ
12:06 07-02-2016
0
ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელი :****** დნეპრში რომ იყავი ის დრო მინდა ,კარგი იყო
Sofi-sofi
01:39 07-02-2016
0

სიახლეები პოპულარული