სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
16, 12 თუ 10... შეიცვლება თუ არა უმაღლესი ლიგის ფორმატი?
AutoSharing Option
14:06 03-02-2016
სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა სტატუსი, რომელიც ჩვენი ფეხბურთის კომიკურ რეალობას აშიშვლებს:

"სფფ-ის ძველი მმართველების გადაწყვეტილებამ, უმაღლეს ლიგაში გუნდების 16-მდე გაზრდის შესახებ, ეროვნული ჩემპიონატის დონე "ძალიან" რომ გაზარდა, ესეც მეტყველებს: ფეხბურთიდან წასვლის მსურველ ალექსანდრე იაშვილს, 39-ე წელიწადში მყოფ დამსახურებულ და ყველასთვის ძვირფას ვეტერანს, ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის ბრძოლაში კონკურენცია ერთმა კაცმაც ვერ გაუწია"...

ცხადია, სტატუსის ავტორს ვეტერანი ფეხბურთელის შეურაცხყოფა აზრადაც არ ჰქონია. ისიც მართალია, რომ ეროვნულ ჩემპიონატში ბევრი საინტერესო ახალგაზრდაა და ისინი მომავალზე თუ ფიქრობენ, კარიერის დასრულებაზე დაფიქრებულ ვეტერანს კი უნდა სჯობდნენ...

ახლა გადავიდეთ მთავარზე. ჩემპიონატი ისევ 16-გუნდიანი ფორმატით გაგრძელდება თუ მონაწილეთა რაოდენობა შემცირდება?

გულშემატკივრებშიც და სპეციალისტებშიც მოსაზრება გაყოფილია - პოზიცია ხშირად გამომდინარეობს არა ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან, არამედ კონკრეტული გუნდის მდგომარეობიდან. 16 გუნდიდან ბევრს არ ულხინს და ლიგის მონაწილეთა რაოდენობის 10-მდე ან 12-მდე შემცირების შემთხვევაში, ცხადია, უმაღლეს ლიგას ბევრი დაემშვიდობება.

ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელები ამის შესახებ პოზიციის დაფიქსირებას ერიდებოდნენ. არსებული ფორმატის მომხრეები სახელმწიფო კლუბები არიან, კერძოები კი რაოდენობის შემცირებისკენ იხრებიან.

ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ამ თემაზე სიფრთხილით ილაპარაკა:

"სეზონი დაწყებულია და დებულებით წინასწარაა განსაზღვრული, მომავალ სეზონში რომელ ლიგაში რამდენი გუნდი ითამაშებს და რომ უმაღლესი ლიგიდან მხოლოდ 2 მონაწილე გავარდება. ამიტომ დღეს ამ თემაზე ლაპარაკი ნაადრევია.

სფფ-ის ახალი ხელმძღვანელობა სეზონის მსვლელობისას დებულების გადაკეთებისა და სპორტული პრინციპების დარღვევის კატეგორიული წინააღმდეგია. მომდევნო ჩემპიონატის დაწყებამდე ახალ დებულებას მივიღებთ და გამოჩნდება, როგორ შევხვდებით 2016/17 წლების სეზონს".

ამ სიტყვებში საინტერესო სიახლეები იკითხება.

"დღეს ამ თემაზე ლაპარაკი ნაადრევია" ნიშნავს, რომ მოვა დრო და სფფ-ის თავკაცები ამ საკითხზე აუცილებლად ილაპარაკებენ.

საინტერესო იყო ამ პასუხის მეორე ნაწილიც - "ახალი ხელმძღვანელობა სეზონის მსვლელობისას დებულების გადაკეთებისა და სპორტული პრინციპების დარღვევის კატეგორიული წინააღმდეგია".

ანუ სფფ-ში არსებული დებულების შეცვლაზე, ანუ მონაწილეთა რაოდენობის შემცირებაზე ფიქრობენ. ამაზე მუჯირის ეს ფრაზაც ხომ არ მეტყველებს? - "მომდევნო ჩემპიონატის დაწყებამდე ახალ დებულებას მივიღებთ და გამოჩნდება, როგორ შევხვდებით 2016/17 წლების სეზონს".

ისე ჩანს, რომ ფეხბურთის ფედერაცია ამზადებს ჩემპიონატის გამართვის ახალ პროექტს, რომელზე საჯაროდ ლაპარაკს ჯერ არ ჩქარობს და, ალბათ, ზაფხულამდე ასე იქნება.

ფაქტია, რომ 16-გუნდიანი ჩემპიონატის გამართვას ჩვენზე ბევრად მდიდარი და განვითარებული საფეხბურთო ქვეყნებიც არ რისკავენ - დანია (12), შოტლანდია (12), შვეიცარია (10), ავსტრია (10), ხორვატია (10)... ახლად წამოჩიტული მდიდარი ლიგების მესვეურებიც 10 ან 12-გუნდიან ფორმატს ამჯობინებენ. ასე მოხდა აზერბაიჯანსა (10) და ყაზახეთში (12), სადაც რაოდენობა შეამცირეს. ალბანეთში, რომელიც პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, უმაღლეს ლიგაში ასევე 10 მონაწილეა.

მათზე მეტი ფეხბურთელი გვყავს, ფინანსურად ვჯობივართ თუ რა კრიტერიუმით გადავედით ამ ფორმატზე, რომელიც წინასაარჩევნოდ გადაგდებული საკენკი იყო? "ლელო" ამაზე ადრეც ხშირად წერდა და აკრიტიკებდა 16-გუნდიან ფორმატს და ახლა ამაზე აღარ დავწვრილმანდებით.

უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ სფფ-ს ფეხბურთის განვითარების პროგრამა მოუმზადებია და განსახილველად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გადაუგზავნია.

ეს მუჯირმა "ფეხბურთის განვითარების ფონდზე" საუბრისას გაამხილა:

"ფეხბურთის განვითარების გეგმა უკვე შედგენილია. ის სპორტის სამინისტროს უკვე წარვუდგინეთ და, როგორც ვიცი, მოწონებაც დაიმსახურა. ამ პროგრამის მიხედვით, დაფინანსდებიან არა მხოლოდ უმაღლესი და პირველი, არამედ სხვა ლიგების კლუბებიც.

საწყის ეტაპზე, მუნიციპალურ და კერძო საკუთრებაში მყოფ კლუბებს თანაბარ პირობებში ჩავაყენებთ. პროგრამაში შედის მწვრთნელთა გადამზადებაც, ბავშვთა ფეხბურთისა და მსაჯთა ინსტიტუტის გაძლიერებაც".

მუჯირმა განმარტა, თუ როგორ აპირებს სფფ ფეხბურთით ბიზნესის დაინტერესებას:

"მასობრივ, ბავშვთა ფეხბურთსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში სახელმწიფოს მონაწილეობას ნებისმიერ დროს მივესალმებით. ახლა ამის გარეშე ფეხბურთის წინსვლა წარმოუდგენელია.

ეს კლუბებს და რეგიონებს საშუალებას მისცემს, გრძელვადიანი განვითარების გეგმა შეიმუშაონ, რაც საქართველოში ფეხბურთის დონის გაზრდას შეუწყობს ხელს. მაგრამ პროგრამა 10-წლიანია (5+5) და იმაზეა გათვლილი, რომ შევქმნათ პროდუქტი, რომელიც ბიზნესს დააინტერესებს.

ჩვენი ჩანაფიქრის მიზანი სწორედ ის არის, რომ საბოლოოდ, ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი კერძო მესაკუთრე შემოვიდეს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
mumu
22:31 03-02-2016
მუჯირი პატარა რეზოს მაგონებს იმანაც ეგრე დაიწყო და ცოტა ხანში ნახეთ რეზომ რაც ქნა,
patrioti
22:25 03-02-2016
ყველაზე ნაგდია 2 გუნდი იყოს დინამო და სფფ,რას იმტვრევთ თავებს ტყუილად