სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
ალეკო ამისულაშვილი: ამის გამო გადავწყვიტე, შინ დავბრუნებულიყავი
AutoSharing Option
10:32 16-01-2016
საქართველოს ეროვნული ნაკრების 33 წლის მცველი ალეკო ამისულაშვილი სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა თბილისის "დინამოს" თურქული "ქარშიაქადან". ცხადია, თბილისური კლუბისთვის ამისულაშვილის დამატება მნიშვნელოვანი გაძლიერების საწინდარია.

ის საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს 10-წლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა. თბილისური კლუბიდან წასვლის შემდეგ ამისულაშვილმა უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის უმაღლესი ლიგის გუნდებში ითამაშა.

საქართველოს ნაკრებში კი მისი მონაგარი 36 მატჩში 3 გოლია.

- საინტერესოა, როგორი გრძნობაა, როცა 10-წლიანი განშორების შემდეგ უბრუნდება ფეხბურთელი გუნდს, სადაც დიდი ფეხბურთის კარი შეაღო?
- 10 წელიწადი საკმაო დროა. არ დაგიმალავთ, ცოტა არ იყოს, აჟიტირებული ვარ. ჩემთვის უჩვეულოა, რომ ყოველდღე შინ მივდივარ, საშუალება მაქვს, გარკვეული დრო ოჯახის წევრებთან ერთად გავატარო... "დინამოში" დაბრუნების გადაწყვეტილება სწორედ ოჯახთან მოლაპარაკების შედეგად მივიღე. რა თქმა უნდა, იყო "დინამოს" ფაქტორი, იყო გუნდის მთავარი მწვრთნელის ფაქტორი და საბოლოოდ გადავწყვიტე, შინ დავბრუნებულიყავი.

- თქვენ მწვრთნელის ფაქტორი ახსენეთ. რას იტყვით გია გეგუჩაძეზე?
- აქამდე გეგუჩაძესთან არ მიმუშავია, მაგრამ ქართული საფეხბურთო სამყარო ძალიან პატარაა და ყველამ ყველაფერი იცის. ბუნებრივია, მე მქონდა "დინამოს" მწვრთნელზე ინფორმაცია და ისიც ინფორმირებული იყო ჩემზე. ჯერ მხოლოდ სამი დღეა, ახალ გუნდთან ერთად ვვარჯიშობ. ძალიან კარგი ვარჯიშებია, მოტივაციითა და ხალისით სავსე...

კიდევ ერთხელ ვამბობ, მწვრთნელის ფაქტორმა მნიშვნელოვნად განაპირობა ის, რომ კარიერის გაგრძელება "დინამოში" ვარჩიე.

- როგორ ფიქრობთ, საქართველოს ჩემპიონატის შედარებით დაბალი დონე ხელს ხომ არ შეგიშლით სანაკრებო ბატალიებისთვის კარგად მოსამზადებლად?
- რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონატი ვერ არის ისეთი დონის, როგორიც გვინდა, რომ იყოს, მაგრამ ისიცაა, თუ ჩვენს ჩემპიონატს ჩვენვე არ ვეცით პატივი, ისე არაფერი გამოვა. ვფიქრობ, მოვახერხებ იმას, რომ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატშიც შევინარჩუნო ფორმა და მომზადებული შევხვდე სანაკრებო მატჩებს. ამის მჯერა.

- ორიოდ სიტყვით გვითხარით თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა ფეხბურთელებზე...
- ჯერ მხოლოდ რამდენიმე ვარჯიში ჩავატარეთ ერთად, ადაპტაციის პროცესში ვარ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დიდი ნიჭი აქვთ ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს. საერთოდ, "დინამო" ძალიან ახალგაზრდული გუნდია. თუ არ ვცდები, მისი საშუალო ასაკი 22-23 წელია და ეს ნამდვილად მისასალმებელია.

აქვე, ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით, გუნდის წარმატებისთვის საჭიროა ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების სინთეზი. "დინამოში" 3-4 გამოცდილი მოთამაშე მაინც უნდა იყოს.

- როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობას ევროთასებზე წარმატებით თამაში სურს და გამოცდილი ფეხბურთელების დამატებით, თქვენთან ერთად "დინამოში" ხომ უჩა ლობჟანიძეც მივიდა, საფუძველს ამზადებს ამისთვის...
- რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ძალიან გვინდა, რომ "დინამომ" წარმატებით ითამაშოს ევროთასებზე. ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის უნდა ვახსენოთ იღბლიანი წილისყრა, ის, თუ როგორ ფორმაში შევხვდებით ევროთასებს და ასე შემდეგ.

ავიღოთ "გაბალასთან" მატჩი.
You must have Flash Player installed in order to see this player.
მიმაჩნია, რომ "დინამოს" შეეძლო ამ ბარიერის გადალახვა, თუმცა საბოლოოდ მოხდა ის, რაც მოხდა. პირველ თამაშში "დინამომ" ძალიან კარგად ითამაშა და საშინაო შეხვედრა დამსახურებულად მოიგო. რაც შეეხება საპასუხო მატჩს, წუთები არ გვეყო სასურველი შედეგის მისაღწევად. ბევრი არასერიოზულად უყურებდა "გაბალას", არადა, ეს გუნდი ევროპალიგის ჯგუფში მოხვდა. რამდენადაც ვიცი, ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორი აზერბაიჯანელი ჰყავთ, დანარჩენები ლეგიონერები არიან. "გაბალამ" კარგად ითამაშა ევროთასებზე და ეს იმიტომ, რომ კლუბში არის ფინანსები.

- ვთქვათ საქართველოს ნაკრებზეც. როგორ ხედავთ გუნდის მომავალს?
- მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი კარს მოგვადგა და ეს პერიოდი თითოეული ფეხბურთელისთვის ძალიან საპასუხისმგებლოა. ერთი შეხედვით, ციკლის დაწყებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ მეორე მხრივ, იქამდე მხოლოდ ორი შეკრება გვექნება. ასე რომ, მაინცდამაინც დიდი დრო არ არის...

ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხმა მოიმატა. ვითამაშოთ სტაბილურად კარგად - ასეთია ახლა ჩვენი ამოცანა, ამაზე ვმუშაობთ. იყო გარკვეული ჩავარდნები, მაგრამ ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ პოზიტივი მეტია. თან, დავამატოთ ისიც, რომ ჩვენ ერთად არცთუ დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით.

- ბოლო დრომდე ეროვნულ გუნდში სულ იყო კონფლიქტები. ახლა "შიდა სამზარეულოში" ყველაფერი რიგზეა?
- კონფლიქტები მხოლოდ საქართველოს ნაკრებში არ ხდება, ჩვენზე დიდ ნაკრებებშიც მომხდარა და მოხდება, ამისგან არავინ არის დაზღვეული, თუმცა ასეთი რამ დაუშვებელია. გამოდის, რომ ამით საკუთარ ქვეყანას ვნებ. გულწრფელად გეტყვით, რომ უზომოდ შეკრული და მეგობრული გუნდი გვყავს. ატმოსფერო ნაკრებში არის იდეალური.

- რას იტყვით ჩვენს შესარჩევ ჯგუფზე? ფავორიტს თუ ხედავთ?
- გამოკვეთილი ფავორიტი არ ჩანს, მაგრამ ძალიან საინტერესო და თანაბარი ჯგუფია. ავიღოთ ავსტრიის ნაკრები, რომელიც დღევანდელ ევროპულ ფეხბურთში მზარდ და სერიოზულ ძალას წარმოადგენს. უელსის ნაკრების თაობაზე ყველამ ვიცით, მას ჰყავს გარეთ ბეილი.

სერბეთის ნაკრები ფეხბურთელების კონტინგენტით გამორჩეული გუნდია და, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესოც - ევროპაში. ეგ არის, რომ შედეგები ვერ აქვთ ისეთი, როგორიც უნდა ჰქონდეთ. სხვადასხვა დროს მითამაშია არაერთ სერბ ფეხბურთელთან. მათ შორის ისეთებთან, რომლებიც ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდნენ. ვიცი, რომ სერბეთში ნაკრებთან დაკავშირებით ცოტა სპეციფიკური სიტუაციაა. ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შორის არცთუ იშვიათია კონფლიქტი, რის გამოც ძლიერი სერბი ფეხბურთელები ხშირად 27-28 წლის ასაკში ასრულებენ სანაკრებო კარიერას. ნებისმიერ შემთხვევაში, სერბეთის სახით მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ძალიან სერიოზული მოწინააღმდეგე გვყავს.

საერთოდ, ჩვენ ისეთი გუნდი ვართ, რომ ყველა შეხვედრაში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, ვერავის გადავხედავთ ზემოდან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
bebeto
20:19 16-01-2016
დინამოს წინა ხაზშიც არ აწყენდა გაძლიერება, !-2 კარგი ლეგიონერიც მოუხდებოდა ამ გუნდს.
გეთანხმები
16:36 16-01-2016
ჩემპიონთა ლიგაზე რო გახვალ 14მილიონს გირიცხავენ და 3მილიონს ყველა თამაშზე ჯგუფში. ხარჯიც მეტია რათქმაუნდა მარა რასაც დინამო ხარჯავს და ხარჯავდა უნდა გააულიყო ლიგაზე