სოსო ფრუიძე: იმდენი მოთამაშე არც გვყავს, რომ ვინმე გავუშვათ

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურამ" მეორე წრისთვის მზადება დაიწყო. სოსო ფრუიძის გაწვრთნილებმა სეზონი არადამაჯერებლად დაიწყეს, მაგრამ პირველი წრე მე-6 ადგილზე დაასრულეს, თანაც, მესამეადგილოსან "ცხინვალს" მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩებიან და ევროპა ლიგაზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ.

გუნდის მთავარ მწვრთნელს მოსამზადებელი ეტაპის გეგმებსა და საკადრო სიახლეებზე ველაპარაკეთ...

- ჯერ მოსამზადებელი ეტაპით დავიწყოთ. გუნდი უკვე შეკრიბეთ სავარჯიშოდ...
- დიახ, უკვე შევიკრიბეთ. შვებულების წინ, ფეხბურთელებს ინდივიდუალური დავალებები მივეცით, რომ ფორმიდან არ ამოვარდნილიყვნენ. 22 იანვრამდე მზადების პირველ ეტაპს საჩხერეში გავივლით. აქ ხელოვნურსაფრიან მოედანზე ვივარჯიშებთ. ერთი დღე ფეხბურთელებს დავასვენებთ და
24 იანვარს თურქეთში გავემგზავრებით.

შეკრების მეორე ეტაპი ქალაქ ლარაში დავგეგმეთ, სადაც 6 თებერვლამდე გავჩერდებით. იქ რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას ჩავატარებთ. შესაძლო მეტოქეთა ჩამონათვალი უკვე გადმომცეს. უახლოეს დღეებში გაირკვევა, ვის, სად და როდის დავუპირისპირდებით.

- ახალწვეულებიც გყავთ...
- კი, არიან. თბილისის "დინამოს" ყოფილი ცენტრალური მცველი გიორგი რეხვიაშვილი და ქუთაისის "ტორპედოს" ფლანგის თავდამსხმელი დავით კირკიტაძე ჩვენთან არიან. "ჩიხურაში" ორივეს უთამაშია და, აქედან გამომდინარე, შინაურები არიან.

- იყო ინფორმაცია, რომ რეხვიაშვილი თერჯოლის "საპოვნელაში" გადადიოდა. თქვენ როგორ მოახერხეთ მისი გადაბირება?
- გიორგი კარგი მცველია და არ გამოვრიცხავ, რომ მისით სხვა გუნდებიც იყვნენ დაინტერესებულები. მაგრამ რეხვიაშვილი "ჩიხურაში" გაიხსნა, ნაკრების კანდიდატიც ჩვენთან თამაშის შედეგად გახდა... მოკლედ, ვენდობით და გვენდობა, გადაწყვეტილების მიღებისას კი ეს ფაქტორი ბევრს ნიშნავს. ჩვენთან თამაში ამიტომაც ისურვა.

- ახლა როგორ კონდიციებშია?
- რა თქმა უნდა, ტრავმით გამოწვეულმა პაუზამ და უთამაშებლობამ კვალი დაატყო. მაგრამ გვჯერა, ისეთივე დახმარებას გაგვიწევს, როგორიც გაგვიწია 2014 წელს ევროპის ლიგაზე - მაშინ მესამე წრეში რომ გავედით, ამაში გიორგიმ დიდი წვლილი შეიტანა... მეორე წრეში დავით კირკიტაძის დიდი იმედიც გვექნება. მას შეტევის გამწვავება შეუძლია, სწრაფია და კარგი თავდამსხმელია...

საკადრო ცვლილებები ამით არ ამოიწურება. ჩვენთან პირველად ივარჯიშა გურამ ენუქიძემ. ის საჩხერელი ბიჭია, რომელიც 5 წლის განმავლობაში საფრანგეთში თამაშობდა. აქედან სამი წელი მარსელის "ოლიმპიკში" გაატარა, სადაც ასაკობრივ გუნდებსა და დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა. შემდეგ იყო "კაენში", მაგრამ ბოლო წლებში რეგიონული ლიგის "სენტ ლა-მანშსა" და "საბლეში" გამოდიოდა. ენუქიძე საქართველოს 19-წლამდელთა და ახალგაზრდული ნაკრებების კანდიდატიც გახლდათ. 23 წლის ბიჭია და თამაში შეუძლია როგორც თავდასხმაში, ასევე ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზეც.

- გუნდიდან ვინ გაუშვით?
- არც არავინ, იმდენი მოთამაშე არც გვყავს, რომ ვინმე გავუშვათ.

- მიმდინარე სეზონში რა მიზნები გაქვთ?
- პირველი ტურის მატჩამდე სულ 10 დღე იყო დარჩენილი, როცა სეზონისთვის მზადება დავიწყეთ. ვინც გვიერთგულა და დარჩა, არ უნანია - მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული პირობები არ გვაქვს, პირველი წრე მაინც მე-6 ადგილზე დავასრულეთ. მეტი წინსვლის იმედიც გვაქვს და ვეცდებით, მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ. ამავე დროს, თასის ნახევარფინალში გავედით. ფინალს ვუმიზნებთ. იქნებ, მე-3 ცდაზე მაინც დავეუფლოთ ტიტულს. მესმის, რომ ეს იოლი არ იქნება, მაგრამ შეუძლებელიც არაა.

- რამდენიმე წლის წინათ იყო ლაპარაკი, რომ საჩხერეში "ჩიხურას" სტადიონს აუშენებდნენ. ეს თემა საბოლოოდ მოკვდა?
- პირველად ამაზე აქტიური ლაპარაკი 2008 წელს დაიწყო, მაგრამ რუსეთთან ომის გამო ბევრი პროექტი ვერ განხორციელდა.

სხვათა შორის, თემა ახლა ისევ გაცოცხლდა. შესაძლოა, საჩხერის ცენტრალური სტადიონი ადგილობრივი და ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი ძალებით აღადგინონ. ჯერ მთავარი მაინც მოედნის დაგება და გასახდელების მოწესრიგებაა, ნელ-ნელა კი ტრიბუნებსაც შეავლებენ ხელს. სავარაუდოდ, არენა 6 ან 8 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი. იმედია, ეს პროექტი მალე განხორციელდება და სტუმრებს კეთილმოწყობილ არენაზე ვუმასპინძლებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
Kirkitadze magari biwia
Vitali
13:19 18-01-2016
0
Exx kirkitadze cudia rogadavida qutaisis torpedodan
Vitali
13:18 18-01-2016
0

სიახლეები პოპულარული