"დილაში" მაისამდე მაინც დავრჩები, სულ თეთრის გარეშეც რომ მოგვიწიოს თამაში"

AutoSharing Option
"სეზონის განახლებისთვის სამზადისი 4 იანვარს უნდა დაგვეწყო, მაგრამ... სანამ კლუბის ბიუჯეტი არ დამტკიცდება, საწვრთნელ პროცესს ვერ დავიწყებთ. საკრებულოს ორი სხდომა ჩავარდა, არადა, სწორედ ამ სხდომებზე უნდა დამტკიცებულიყო "დილას" ბიუჯეტი... მორიგი სხდომა ორშაბათსაა დაგეგმილი და იმედია, ჩვენი ბიუჯეტის ამბავიც გაირკვევა. ასეთ შემთხვევაში, ვარჯიშს 6 იანვრიდან დავიწყებთ და ვეცდებით, საქართველოს ჩემპიონატის განახლებას სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ", - გვითხრა უჩა სოსიაშვილმა.

ასეთ ვითარებაში, სრულყოფილი მოსამზადებელი გეგმის ჩამოყალიბება და, მეტადრე, მისი განხორციელება ძალზე რთულია.

სოსიაშვილს მოსამზადებელი გრაფიკი შედგენილი აქვს. საქმეც ისაა, რომ მის ფრთაშესხმას მყარი
ფინანსური გარანტიები სჭირდება.

"გეგმა შედგენილია და ამ გეგმის მიხედვით, ჯერ თბილისური შეკრება უნდა ჩავატაროთ, მერე კი თურქეთში გავემგზავროთ, მაგრამ, მოგეხსენებათ, უცხოურ შეკრებას გარკვეული თანხა სჭირდება...

რეალურად, ახლა ძალიან ბევრი რამ წყდება "დილასთვის". დიახ, სწორედ ახლა წყდება, რა ამბიციები გვექნება სეზონის მეორე ნახევარში. ამიტომ, რაც შეიძლება, კარგად უნდა გავიაროთ მოსამზადებელი პერიოდი", - ამბობს "დილას" თავკაცი.

ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს. ოღონდ, ეგ არის, რომ უფულო გუნდში მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს დიდხანს ვერ გააჩერებ - ეს ფაქტია. თუ ასე გაგრძელდა, "დილას" არაერთი ფეხბურთელი დატოვებს, ახლა კი...

"ჯერჯერობით, გუნდიდან არავინ წასულა. ყველა ელოდება ჩვენს სიტყვას და ყველას უნდა, რომ "დილასთან" ერთად იბრძოლოს მაღალი მიზნებისთვის, მაგრამ, თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, "დილადან" მოთამაშეები წავლენ.

ჩვენ ისეთი ფეხბურთელები გვყავს, ახალი გზის პოვნა ნამდვილად არ გაუჭირდებათ... ისე, სიმართლე გითხრათ, მე ნაკლებად მჯერა, რომ ვითარება შეიცვლება", - ასეთია სოსიაშვილის განწყობა.

რა თქმა უნდა, გორელთა დამრიგებელს უშუალოდ მის მომავალზეც ვკითხეთ და ასეთი პასუხი მივიღეთ:

"მაისის ბოლომდე "დილაში" დავრჩები. ეს დიდი გამოწვევაა ჩემთვის. დიახ, გუნდში იმ შემთხვევაშიც დავრჩები, სულ თეთრის გარეშეც რომ მოგვიწიოს თამაში.

ოღონდ ასეთ ვითარებაში პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება ჩვენ წინაშე დასახული ამოცანების გადაჭრა".

მოკლედ, უახლოეს ორ-სამ დღეში გორული კლუბის ცხოვრებაში ბევრი რამ უნდა გაირკვეს. ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე ფეხბურთელის მიმართ არის კონკრეტული ინტერესი. მაგალითად, ახალგაზრდა ნახევარმცველ გუგა ფალავანდიშვილით (მას უკვე ჰქონდა დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში) თბილისის "დინამოა" დაინტერესებული...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ასეთი ვითარება კლუბსაც აზიანებს ფეხბურთელსაც, რომელმაც არიცის მომავალში რა იქნება,ამით საბოლოოდ ჩემპიონატი ზარალდება.ამას როგორმე უნდა ეშველოს რამე.
bebeto
23:38 04-01-2016
0
გორის საკრებულოში ისეთი ამბებია ვის სცალია დილასთვის. არადა ამ კლუბის დაშლა საცოდაობა იქნება. დინამო ძერასავით რომაა ჩასაფრებული გადაიხადოს ტრანსფერში ფული და ისე წაიყვანოს ფეხბურთელები, მაგრამ ფულის გადახდა არავის უნდა და ვლპებით ასე :-(
ლეო ძია
16:08 04-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული