მერანი-დინამო (ბთ) 0:4 - ცვლილებების მოლოდინში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მყოფმა "მერანმა" მორიგი საშინაო მარცხი იწვნია. სხვადასხვა სახის პრობლემებმა გუნდი ჩემპიონატის გამოკვეთილ აუტსაიდერად აქცია. აქამდე მარტვილელებს, სატურნირო თვალსაზრისით, ასეთი მწირი მონაგარი არასოდეს ჰქონიათ. ფაქტია, რომ გუნდი აუცილებელ და რადიკალურ ცვლილებებს საჭიროებს.

საპირისპირო სიტუაციაა ბათუმის "დინამოში". ზღვისპირელებმა რამდენიმემატჩიან წაუგებელ სერიას კიდევ ერთი დაგეგმილი 3 ქულა მიაყოლეს და ზამთრის შესვენების წინ მშვენიერი პლაცდარმი შექმნეს ზედა სამეულისთვის საბრძოლველად.

სტუმრების უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში იგრძნობოდა. ბადრი კვარაცხელიას შეგირდებს რეალური საგოლე მომენტი, ფაქტობრივად, არც ჰქონიათ. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მარტვილელებს ძირითადი შემადგენლობის სამი
ფეხბურთელი - გაზდელიანი, გოგოლაძე და ჯღამაია აკლდათ. აქვე ვთქვათ ისიც, რომ უმაღლეს ლიგაში სადებიუტო შეხვედრები ითამაშეს ევგენი ქაჯაიამ და თენგიზ თოლორდავამ.

სტუმრებს დაწინაურების შანსი მე-18 წუთზე მიეცათ, როცა ჩხეტიამ საკუთარ საჯარიმოში ექსმერანელი ანზორ სუხიაშვილი წააქცია, მაგრამ ბერიაშვილმა 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა - ბურთი ძელმა აისხლიტა.

ამის მიუხედავად, სტუმრებმა ტაიმის ბოლოსკენ მაინც იყოჩაღეს - ნიკა დიასამიძის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ვაჟა ქორიძემ კარში გადაგზავნა - 0:1.

მეორე 45 წუთიც იმავე სცენარით წარიმართა, ბურთს ძირითადად სტუმრები აკონტროლებდნენ, მასპინძლები კი აქა-იქ კონტრშეტევით კმაყოფილდებოდნენ. და მაინც, აღსანიშნავია ციკოლიასა და აშორტიას დარტყმები, რომლებსაც შედეგი არ მოჰყოლია.

...58-ე წუთზე, მახარაძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, პაპუნა ფონიავა აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაზე. ექსმერანელმა მცველებთან ჭიდილს კარგად გაართვა თავი და თავისიანების უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ფონიავას გოლმა მერანელთა მოლოდინს, ქულისთვის მაინც გამოეკრათ ხელი, დაასამარა. უფრო მეტიც, ჯერ გელა გოგიტიძემ, ზედ საფინალო სასტვენამდე კი ბერიაშვილმა გამანადგურებელი ანგარიში, 0:4 დააფიქსირა.

ერთი სიტყვით, "მერანის" მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არა გამოუვალი. მეორე წრის განახლებამდე 2 თვეა დარჩენილი, რაც სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ გუნდში პოზიტიური ცვლილებები განხორციელდეს. "დინამოს" კი, შარშანდელის მსგავსად, ევროასპარეზზე გასვლის რეალური შანსი აქვს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
12.12. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
მერანი-დინამო (ბთ) 0:4
გოლები: 0:1 ქორიძე (40. დიასამიძის პასით), 0:2 ფონიავა (58. მახარაძის პასით), 0:3 გოგიტიძე (60. დიასამიძის პასით), 0:4 ბერიაშვილი (89. სუხიაშვილის პასით)
გამოუყენებელი პენალტი: ბერიაშვილი (18. ძელი)
მერანი (4-4-2): სევოსტიანენკო - ფაილოძე (63. ბროლაძე), დ. ციცხვაია, ი. ციცხვაია, გეგია - ჩხეტია, ხუბუა, პაპადოპულოსი (68. ქაჯაია), ციკოლია - აშორტია, წოწონავა (90. თოლორდავა).
სათადარიგოები: დარციმელია, რუხაია, ბაღიშვილი, დარჯანია
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
დინამო ბთ (4-4-2): მამინაშვილი - ქორიძე (64. გაბედავა), მახარაძე, მგელაძე, სუხიაშვილი - გოგიტიძე (85. კაშია), შონია, ფონიავა, დიასამიძე (79. თევდორაძე) - ბერიაშვილი, ქავთარაძე.
სათადარიგოები: ალავიძე, მაქაცარია, ვარშანიძე, ლუის მედინა
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილება: სუხიაშვილი (26), ჩხეტია (44)
არბიტრი: დ. სანოძე.

ბომბარდირები
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
გ. ქვილითაია (დინამო (თბ) 12
ო. მარცვალაძე (დილა) 11
გ. ბერიაშვილი (დინამო (ბთ) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული