"მართლა 5-ათასლარიანი ხელფასი რომ მქონდეს, ეს ამხელა ამბავს არ უნდა იწვევდეს"

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურაში" არსებულ ფინანსურ მდგომარეობაზე გუშინ ინფორმაცია ლამის ყველა სააგენტომ გაავრცელა. დასახელებული იყო ფეხბურთელების ხელფასები. ყველაზე მაღალი ანაზღაურება გუნდის ნახევარმცველს, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილ წევრ თორნიკე თარხნიშვილს აღმოაჩნდა. გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, მას ხუთ თვეში 27 ათასი ლარი ჩაერიცხა, ანუ ფეხბურთელი თვეში 5 400 ლარს იღებს. კლუბის დირექტორი რევაზ ჩელებაძე ამბობს, რომ ის მეომარი ბიჭია, მოედანზე ყველაფერს კეტავს, სულსა და გულს დებს.

"ლელოს" თავად
თარხნიშვილი დაუკავშირდა და უარყო, რომ ამხელა ხელფასს იღებს, თუმცა მომხდარზე საკუთარი პოზიციაც დააფიქსირა.

"მე ლატვიაში ვთამაშობდი და ცხადია, სანამ საქართველოში დავბრუნდებოდი, ქობულეთელებს პირობებზე დაველაპარაკე. მაგრამ "შუქურაში" 5400-ლარიანი ხელფასი ნამდვილად არ მაქვს. ჩემი აზრით, ამ ციფრების გამოქვეყნებისას ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩათ - საშემოსავლო გადასახადის პროცენტი არაა დაანგარიშებული, ეს კი თანხის ლამის მეხუთედია", - ამბობს თარხნიშვილი.

25 წლის ფეხბურთელის აზრით, ასეთი აჟიოტაჟი გაუგებარია:

"მართლა 5-ათასლარიანი ხელფასი რომ მქონდეს, ეს ამხელა ამბავს არ უნდა იწვევდეს. ხალხი გაჭირვებაშია და მესმის, რომ ჩვენს დაბეჩავებულ ფეხბურთში ამხელა ხელფასები ბევრს აღიზიანებს. მაგრამ ამ ყველაფერს უფრო მასშტაბურად უნდა შევხედოთ. ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში და ყველამ ვიცით, ამა თუ იმ ქვეყანაში რამხელა ხელფასებს არიგებენ.

ერთი მხრივ, ჩვენ მოვთქვამთ, რომ უცხოელების მსგავსი პირობები არ გვაქვს და სახელმწიფოს ფეხბურთის დაფინანსებას ვთხოვთ, მაგრამ მეორე მხრივ, უკმაყოფილებას ვერ ვმალავთ, ჩვენთან რომელიმე გუნდში ფეხბურთელი 1000 ლარზე მეტს რომ იღებს. ჩემთვის ასეთი ორმაგი სტანდარტი გაუგებარია".

თარხნიშვილმა ქობულეთელთა დირექტორზეც ილაპარაკა:

"აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ფეხბურთი ფულის დაბანდებით განავითარეს. ლატვიაშიც კი, სადაც 2 წლის განმავლობაში ვთამაშობდი, სულაც არაა მაღალი დონის ჩემპიონატი. ამის მიუხედავად, საშუალო ხელფასი იქაც კი 3-4 ათასი ევროა. მითხარით, ამაზე ლატვიაში ცუდი რეაქცია უნდა ჰქონდეთ?

ლატვიაში კიდევ რა უჭირს, ასე თუ ისე, დონეა. ვინმეს რამე სმენია ვიეტნამისა და ინდოეთის ფეხბურთზე? აბა, მინიმუმია და არავის უკვირს.

ჩვენი ფეხბურთი და ჩემპიონატის დონე იმიტომაც დაეცა, რომ მოთამაშეებს ლატვიის დონის ხელფასებსაც ვერ უხდიან. ამიტომ გარბიან უცხოეთის არც ისე პრესტიჟულ ლიგებშიც კი. მაგრამ რომელიმე ქართულ კლუბში შედარებით მაღალი ხელფასები თუ არის, ის გუნდი აჟიოტაჟის საგანი ხდება. მხოლოდ 500 ლარი რომ დაარიგონ, ეს მკვდარი ფეხბურთი საერთოდ სულს განუტევებს. იქნებ მედლის ამ მეორე მხარეზე დავფიქრდეთ.

რეზო ჩელებაძე ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა, მაგრამ ის ყველაფერს აკეთებს, რომ მინიმალური პირობები მაინც გვქონდეს. კარგად ვიცი, რომ "შუქურას" პირობები სულაც არაა საუკეთესო, ეს მინიმუმია და ესეც თუ არ იქნება, მაშინ გუნდის არსებობას რაღა აზრი აქვს?"

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
რა გაუტ-- ამ ფეხბურთელებს ტოო, 5400 რაარის რომ გამოეკიდეთ.. არ იცოდეთ მაინც მსოფლიოს მასშტაბით კარგ ფეხბურთელებს რამდენს უხდიას.. ფუუ
0
Ziko 100%
0

სიახლეები პოპულარული