საპოვნელა-ლოკომოტივი 2:1 - მოგების გემო

AutoSharing Option
თერჯოლის "საპოვნელამ" მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მასსავით უმაღლეს ლიგაში წლეულს დაბრუნებულ თბილისის "ლოკომოტივთან" მოიპოვა.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. გუნდებმა ერთმანეთს შემტევი ფეხბურთი დაუპირისპირეს და ორივე კართან საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი შეიქმნა.

პირველად, ნომინალურმა მასპინძლებმა შეაწუხეს მეტოქე, როცა უშანგი ბანძელაძის გადაცემის შემდეგ გიორგი ტყეშელაშვილი კარში სახიფათოდ ურტყამდა, მაგრამ თბილისელთა კიპერი ბაჩო მიქავა დამაჯერებლად გაისარჯა და ძლიერი დარტყმა მოიგერია, გამოვარდნილ ბურთთან კი კვლავ ტყეშელაშვილი გაჩნდა, მაგრამ ამჯერად სიტუაცია მცველებმა განმუხტეს.

მე-15 წუთიდან უპირატესობა მთლიანად "ლოკომოტივის" მხარეს გადავიდა. თბილისელებმა მეტოქე მწვავე
შეტევებით გააწამეს. ზვიად ქანთარიას სახიფათო დარტყმა მცირედით ასცდა მიზანს, გიორგი კიკნაძის "ნასროლი" კი ალექსანდრე გიორგაძემ მუშტებით მოიგერია.

ამას გიორგი გავაშელიშვილის მიერ ნახევარბრუნში შესრულებული დარტყმა მოჰყვა და თერჯოლელები გოლისგან მეკარემ და ძელმა ერთობლივი ძალებით იხსნეს.

გოლი მომწიფებული იყო და ცოტა ხანში გავიდა კიდეც. გიორგი ხიდეშელმა საჯარიმო დარტყმა უზადოდ შეასრულა - ბურთმა ხარიხა "მოიკითხა" და კარში ისე ჩაეშვა.

ტაიმის ბოლომდე ინიციატივას კვლავ ლოკომოტიველები ფლობდნენ - დემურ ჩიხლაძესა და ქანთარიას ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, მაგრამ...

ბოლო წუთზე მოულოდნელად "საპოვნელამ" "სიჩქარე ჩართო" და, რომ იტყვიან, სტუმრებს გოლი გასახდელში დააწია. ჯერ თორნიკე ჯიმშელეიშვილის ძლიერი საჯარიმო დარტყმა მოიგერია მეკარემ გაჭირვებით, სულ ბოლოს კი გიორგი ბუხაიძემ ვეფხია მურადაშვილის გადაცემა გამოიყენა და ერთი შეხებით ბურთი სტუმართა კარში მოათავსა.

თამაშის განახლებისთანავე, თერჯოლელებს დაწინაურება შეეძლოთ, როცა თბილისელთა მეკარე გამოსვლაზე შეცდა და ტყეშელაშვილს ხელსაყრელი პოზიციიდან გოლის გატანის შანსი მიეცა, მაგრამ... ხეირიანად ვერ დაარტყა და ბურთი მეკარეს მოარტყა.

მატჩი ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა. სტუმართაგან ქანთარიას შეეძლო გატანა, მაგრამ მიზანი ვერა და ვერ გაისწორა. ცოტა ხანში კი თბილისელებმა წინ გასვლის რეალური შანსი გაუშვეს ხელიდან, როცა გავაშელიშვილმა მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი კარს ააცილა...

მატჩის ბოლომდე თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, ბოლო წუთებზე კი, პირველი ტაიმის მსგავსად, "საპოვნელამ" აიწყვიტა, მათი სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ თანაგუნდელებმა ტყეშელაშვილი გაიყვანეს მეკარესთან პირისპირ. გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მიქავამ ურთულესი ბურთი მოიგერია.

თბილისელთა დაცვა მოიშალა და მომდევნო შეტევაში ბუხაიძემ კვლავ ტყეშელაშვილი შეატოვა მეკარეს პირისპირ - თერჯოლელთა ტანმაღალმა ფორვარდმა ამჯერად შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:1.

"საპოვნელას" უპირატესობის გაზრდაც შეეძლო, მაგრამ შუღლაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ ბუხაიძემ ისეთი მომენტი გააფუჭა, აცილება რომ უფრო რთული იყო. იქვე, მსაჯის სასტვენის ხმაც გაისმა და თერჯოლელებმა ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოედანზევე იზეიმეს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VII ტური
03.10. ქუთაისი, რამაზ შენგელია
საპოვნელა-ლოკომოტივი 2:1
გოლები: 0:1 ხიდეშელი (31), 1:1 ბუხაიძე (45. მურადაშვილის პასით), 2:1 ტყეშელაშვილი (89. ბუხაიძის პასით)
გამოუყენებელი პენალტი: გავაშელიშვილი (71)
საპოვნელა(3-5-2): გიორგაძე - ბერუაშვილი, ენდელაძე, რობაქიძე - ბანძელაძე (80. ალავიძე), ჯიმშელეიშვილი, ცქიფურიშვილი (58. შუღლაძე), ამბროლაძე, აბესაძე - ბუხაიძე, ტყეშელაშვილი.
სათადარიგოები: კახათელიძე, ბუცხრიკიძე, შალამბერიძე, ზეინკლიშვილი
მწვრთნელი: მირიან გეწაძე
ლოკომოტივი ( 4-2-3-1): მიქავა - დუმბაძე (46. ჩიტეიშვილი), ღაღანიძე, ხიდეშელი, უბილავა - სულთანიშვილი, ქიქავა - ქანთარია (63. თექთურმანიძე), ჩიხლაძე, კიკნაძე (63. პაპუაშვილი) - გავაშელიშვილი.
სათადარიგოები: შეროზია, გეთიაშვილი, ღვინაშვილი, ართმელაძე
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
გაფრთხილება: ცქიფურიშვილი (46), ქანთარია (51), ბერუაშვილი (55), ენდელაძე (71)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია

ბომბარდირები
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 6
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 6
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 5
ი. მოდებაძე (დილა) 5

მომდევნო, VIII ტური
17 ოქტომბერი, შაბათი
კოლხეთი-ლოკომოტივი
საბურთალო-საპოვნელა
მერანი-შუქურა
ზუგდიდი-სიონი
დინამო (ბთ)-სამტრედია
ტორპედო-დინამო (თბ)

18 ოქტომბერი, კვირა
დილა-გურია
ცხინვალი-ჩიხურა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ბუხაიძე კარგი ბიჭია, მოუმატებს ალბათ კიდევ. ვულოცავ საპოვნელას პირველ 3 ქულას
obieqturi-gulshematkivari
18:07 05-10-2015
0

სიახლეები პოპულარული