თერჯოლის "საპოვნელაში" პერსპექტიული აზერბაიჯანელი მეკარე ჩამოიყვანეს

AutoSharing Option
თერჯოლის "საპოვნელამ" ეროვნული ჩემპიონატი წარუმატებლად დაიწყო. სამ ტურში 3 წაგებითა და 0 ქულით გუნდი აუტსაიდერებშია. ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობას სეზონის მსვლელობისას უწევს გაძლიერება.

საინტერესო ამბავიც შევიტყვეთ - მეოთხე ტურამდე, რომელიც სანაკრებო პაუზის გამო მხოლოდ 10 სექტემბერს გაიმართება, თერჯოლელებმა აზერბაიჯანიდან მეკარე დაიმატეს.

ამის შესახებ გველაპარაკა ალეკო ნიქაბაძე, რომელიც სამენეჯერო საქმიანობას ეწევა.

"მეგობრებთან ერთად სამენეჯერო ფირმა გვაქვს და ფეხბურთელებს ვასაქმებთ. ბიჭები აზერბაიჯანის პირველ ლიგაში წავიყვანეთ. წლეულს კი, თურქეთის "ანკარაგიუჯუს" აკადემიაში 16 წლის ქართველი ბავშვი მოვაწყვეთ. ფეხბურთელებს ქართულ გუნდებშიც ვეხმარებით. პლუს, გვყავს მეორე ლიგის ოჩამჩირის
"ამირანი" და ბავშვთა გუნდი.

ახლახან კი თერჯოლის "საპოვნელაში" საკმაოდ პერსპექტიული აზერბაიჯანელი მეკარე, ზია მამედოვი ჩამოვიყვანეთ. სხვათა შორის, ჩვენს მეზობლებს მეკარეთა საკმაოდ კარგი სკოლა აქვთ და ეს ბიჭიც საინტერესო უნდა იყოს.

მამედოვი 20 წლისაა, თამაშობდა ბაქოს "ნეფთჩის" დუბლებში, 7-ჯერ იყო განაცხადში და 2-ჯერ მთავარ გუნდში ითამაშა. გასული სეზონის პირველ წრეში, აზერბაიჯანის პირველი ლიგის "ზირაში" გაანათხოვრეს და 9-ჯერ ძირითადში მოხვდა. შემდეგ ისევ "ნეფთჩიმ" დაიბრუნა და ისევ დუბლებში თამაშობდა", - ამბობს ნიქაბაძე.

საინტერესოა, როგორ მოხვდა აზერბაიჯანელი მეკარე ქართულ გუნდში:

"ზირაში" თამაშის დროს მამედოვთან ერთად ჩვენი მიყვანილი ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა. ასე გავიცანით და თავად გამოთქვა სურვილი, უკეთეს ლიგაში ეთამაშა და გამოცდილება მიეღო, სტაბილურად რომ გამოეძახათ ახალგაზრდულ ნაკრებშიც და წამყვანი აზერბაიჯანული გუნდების ინტერესის სფეროშიც მოხვედრილიყო.

2013 წელს, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, აზერბაიჯანის ნაკრებში სამივე შეხვედრა ჩაატარა ირლანდიის, ბოსნიისა და შვედეთის წინააღმდეგ.

ახლა მივიყვანეთ "საპოვნელაში". გასინჯეს, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და უახლოეს დღეებში კონტრაქტს გაუფორმებენ".

"ლელოსთან" კომენტარი თავად აზერბაიჯანელმა მეკარემაც გააკეთა:

"ვთამაშობდი "ნეფთჩის" დუბლებში, მაგრამ მთავარ გუნდში ვვარჯიშობდი. მიუხედავად იმისა, რომ განაცხადში ხშირად ვხვდებოდი, თამაშები არ მიწევდა. გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოდა და ახალგაზრდებს ნაკლებად გვენდობოდნენ. ამიტომაც მსურდა საქართველოში ძალების მოსინჯვა, რადგან სათამაშო პრაქტიკა მჭირდებოდა.

იმედია, "საპოვნელაში" ვითამაშებ, აზერბაიჯანში კარგ ფორმაში დავბრუნდები და "ნეფთჩიში" პირველ მეკარეობაზე უფრო საფუძვლიანი პრეტენზია მექნება. ახლა ჩემთვის ფულზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის".

მერაბ მამულაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული