რევაზ ჩელებაძე: სანაიამ წასვლა მოისურვა - "შუქურაში" ჩემი თავი ამოვწურეო

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურას" მთავარ მწვრთნელად თემურ შალამბერიძე დაინიშნა და ეს კლუბის დირექტორმა რევაზ ჩელებაძემაც დაგვიდასტურა.

47 წლის სპეციალისტი მწვრთნელის რანგში დიდ სარბიელზე 2012 წელს გამოჩნდა, როცა გორის "დილა" ჩაიბარა. მაშინ ამ კლუბს ქობულეთელთა დღევანდელი სპორტული დირექტორი მამუკა ჯუღელი ეხმარებოდა. გორში შალამბერიძეს გია ცეცაძე ეხმარებოდა. მათი ხელმძღვანელობით გუნდმა საქართველოს თასი მოიგო და ევროპალიგაზე გავიდა, იქ კი დანიის "ორჰუსი" და კვიპროსის "ანორთოსისი" გამოთიშა ბრძოლიდან, თუმცა პლეი ოფში პორტუგალიურ "მარიტიმუს" ბარიერი ვერ დასძლია.

შალამბერიძე 2013-14 წლებში "საბურთალოს" წვრთნიდა, ბოლოს კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში
მუშაობდა.

შალამბერიძემ პოსტზე გელა სანაია შეცვალა:

"არავის უთქვამს, წადიო. გადაწყვეტილება ჩემი ნებით მივიღე. ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ასე სჯობდა. დაველოდები სხვა მიწვევებს. ახლა კუდები მოაბეს, თითქოს აქ სკანდალი მოხდა. ასეთი დრამატული ნამდვილად არაფერი მომხდარა. ჭორებზე პასუხის გაცემა კი არ მინდა. დანარჩენზე ახსნა-განმარტება არასწორად მიმაჩნია.

დაველოდები წინადადებებს და იმედია, მალე რომელიმე გუნდში მიხილავთ", - ამბობს სანაია.

სამწვრთნელო ცვლილებასთან დაკავშირებით, "შუქურას" დირექტორმა რევაზ ჩელებაძემ "ლელოს" კითხვებს უპასუხა:

- შალამბერიძეს კონტრაქტი უკვე გავუფორმეთ. ის მუშაობას 1-ლი სექტემბრიდან შეუდგება. გელა სანაიას კი მეგობრულად დავშორდით, რადგან წასვლა ისე მყარად გადაწყვიტა, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა.

- გავრცელდა ხმები, თითქოს სანაიას საქმეში თქვენ და "შუქურას" სპორტული დირექტორი მამუკა ჯუღელი ერეოდით...
- დიდი სისულელეა! უბრალოდ, როცა დავსხედით და ვთქვით, რომ კლუბს დიდი მიზნები უნდა ჰქონოდა, სანაიამ წასვლა მოისურვა - "შუქურაში" ჩემი თავი ამოვწურეო.

- საყოველთაო განხილვის საგანი გახდა სოციალურ ქსელში თქვენი ვაჟის, "შუქურას" ფორვარდ გიორგი ჩელებაძის მიერ გამოქვეყნებული სტატუსი, რომელშიც ის თქვენ მოწინააღმდეგეებს ლანძღავდა. მერე დაწერეს, გიორგი გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელიაო...
- ჩემო კარგო, მტერი ყველა ადამიანს ჰყავს და ხმები გიორგის დიდ ხელფასზე სწორედ ასეთი გარეწრების მოგონილია. საიდან მოიტანეს, თითქოს, 10 ათასს იღებს? იმასაც კი ამტკიცებდნენ, თითქოს, გუნდს გიორგი მართავს და სანამ ის აქ იქნება, "შუქურას" არაფერი ეშველება. აბა, სანაია რას აკეთებდა? გუნდს არ მართავდა? ყველა გადაწყვეტილებას სწორედ ის იღებდა.

- ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზეც გკითხავთ. "შუქურას" ხმის უფლება არ აქვს და ამ მდგომარეობასთან შეგუებას აპირებთ?
- ფეხბურთის ფედერაციაში განაცხადი უკვე შევიტანეთ და გვსურს, სუბიექტად მიგვიღონ. არადა, სიმართლე გითხრათ, ვიცოდი, რომ ხმის უფლება გვქონდა. ეს ამბავი შემთხვევით გავიგე - მიშელ პლატინის სუპერთასის მატჩის დროს რომ შევხვდით.

- თუ საიდუმლო არ არის, ვისკენ იხრება თქვენი სიმპათია?
- ღირსეული კანდიდატები გვყავს, ამაზე ორი აზრი არ არის. რეალურად, ფავორიტები რეზო არველაძე და ლევან კობიაშვილი არიან. მჯერა, არჩევნებზე დემოკრატიული გარემო იქნება და ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს. მაგრამ მთავარია, ვისაც საფეხბურთო სამყარო აირჩევს, სახელმწიფო დაეხმაროს - ყველა ხომ ამ ქვეყნის შვილები ვართ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული