კესო ჩხიკვაძე: "ზესტაფონის" დავალიანება სფფ-ს რატომ უნდა დაკისრებოდა?

AutoSharing Option
ცნობილია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის ბოლო სხდომაზე უმაღლესი ლიგიდან მოკვეთილი "ზესტაფონი" არც პირველ ლიგაში დაუშვეს. აღმასკომის გადაწყვეტილებაში ეწერა, რომ მიზეზი - "ზესტაფონის" ურჩობა იყო. კლუბმა გუნდის მეკარეთა ყოფილი მწვრთნელის, თამაზ ოდიკაძის დავალიანება - 7 ათასი დოლარი არ გადაიხადაო და პირველ ლიგაში მისი ადგილი იმავე ლიგიდან დაქვეითებულ წალენჯიხის "სქურს" დაუთმო...

"ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი სერგო ფუტკარაძე ამ ისტორიის უცნობ დეტალს გვიმხელს.

"პირველ ლიგაში მონაწილეობაზე უარის მიზეზად ჩვენი ურჩობა დაასახელეს - აღმასკომმა ამის საბაბად თამაზ ოდიკაძისადმი დავალიანება დაასახელა. და ეს, მიუხედავად იმისა,
რომ ჩვენი მეკარეთა ყოფილი მწვრთნელი მალე "გაგრაში" გადავიდა, ანუ უმუშევარი არ დარჩენილა.

"ზესტაფონი" კატეგორიულად არ ეთანხმებოდა ფედერაციას, რომ ოდიკაძის ვალი გვქონდა. თუმცა, სანქციების თავიდან ასარიდებლად, 7 ათასი დოლარის გადახდა გადავწყვიტეთ. ეს თანხა "ზესტაფონმა" სფფ-ს ანგარიშზე დარიცხა, რადგან ოდიკაძის ანგარიშის რეკვიზიტები არ ვიცოდით.

მოკლედ, ჩვენ ტრიბუნალის დადგენილება შევასრულეთ და მის მიერ დადგენილი თანხა ზუსტად გადავიხადეთ. მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: სფფ-მ "უნიკალური" გადაწყვეტილება მიიღო, ეს ფული უკან დაგვიბრუნა და 7 ათასის გარდა, საშემოსავლო გადასახადის გადახდაც დაგვაკისრა.

ყველა ნორმალურ ქვეყანაში ფეხბურთის ფედერაცია მოდერატორი და კონფლიქტების მომგვარებელი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში კი, არც მწვრთნელის უფლებები დაიცვეს და კლუბიც უსამართლო სანქციისთვის გაიმეტეს. შედეგად, აღმასკომმა პირველი ლიგიდან მოგვხსნა და მიზეზად ოდიკაძის დავალიანება დაასახელა.

გამოდის, რომ ტრიბუნალს სულაც არ ადარდებს ოდიკაძის ამბავი - ამ ორგანოს წევრებს "ზესტაფონის" დასჯა სურდათ და ასეც გააკეთეს", - ამბობს ფუტკარაძე.

მისი თქმით, ეს ყველაფერი მიზანმიმართულ კამპანიას ჰგავს:

"აშკარაა, რომ ფეხბურთის ფედერაცია და მისი კონტროლის ქვეშ მყოფი საფეხბურთო არბიტრაჟი "ზესტაფონის" მიმართ რეპრესიებს ატარებენ. მიზეზი კი ისაა, რომ ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობა ოპონენტად მიგვიჩნევს და საარჩევნო ხმის წართმევით, ყრილობაზე არასასურველ სუბიექტს იშორებს.

ბოლო მოვლენები სულაც ანეკდოტურია და აშკარაა, რომ განსხვავებული აზრის მატარებელთა წინააღმდეგ რეპრესიები მიმდინარეობს. ეს ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ გარიგებულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მივიღეთ. მაგრამ ფედერაციამ, რომლის პირდაპირი მოვალეობაც ჩაწყობილი თამაშების აღკვეთაა, საქართველოს ჩემპიონატიდან მოგვხსნა.

სწორედ ამ ანეკდოტური ვითარების გამო ჩვენი ფეხბურთი ტრაგიკულ მდგომარეობაშია.

მეტი ანეკდოტი რაღა გინდათ?! - "ფეარ პლეის" პრინციპების ერთგულებისთვის დაგვსაჯეს. ესენი უშველიან ქართულ ფეხბურთს? ნაცვლად იმისა, რომ ერთ-ერთი გამორჩეული კლუბისთვის ხელი შეეწყოთ, ყველანაირად ხელს გვიშლიდნენ და სარმებს გვიდებდნენ.

ამის შემოქმედები სამართლებრივ პასუხისმგებლობას თავიდან ვერ აიცილებენ, უკანონობა დაუსჯელი არ დარჩება. "ზესტაფონს" უმაღლეს ლიგაში ადგილი წაართვეს და ამ უსამართლობას სამართლებრივ გზას დავუპირისპირებთ, ჩვენს ინტერესებს ყველა სამართლებრივი გზით, მათ შორის, ლოზანის არბიტრაჟშიც დავიცავთ".

ამასობაში, "ზესტაფონის" მხარდამჭერებმა აქცია წამოიწყეს. ცნობილი მომღერლის, თაკო გაჩეჩილაძის გარდა, მას ტელეკომპანია "არგო" და შოუბიზნესის ცნობილი სახეები - ნიკა ქავთარაძე, ნიკა გრიგოლია და თამუნა ლეკვეიშვილი შეუერთდნენ.

"ლელომ" კომენტარი სფფ-ის იურისტს, კესო ჩხიკვაძესაც სთხოვა:

"ზესტაფონმა" გამოგვიგზავნა წერილი, ოდიკაძის კოორდინატები არ ვიცით და ამ ფულს თქვენ დაგირიცხავთო, მაგრამ მათ ფედერაციის დავალიანება კი არ აქვთ, არამედ - ოდიკაძის და მივწერეთ - ადრესატი იყო არა სფფ, არამედ - ოდიკაძე და თანხა მას დაურიცხეთო.

სფფ-ს ეს 7 ათასი დოლარი ოდიკაძისთვის რომ გადაეხადა, 3 ათასი ლარით მეტი საშემოსავლო გადასახადიც დაგვეკისრებოდა. "ზესტაფონის" დავალიანება სფფ-ს რატომ უნდა დაკისრებოდა?

ისიც არასწორია, თითქოს კლუბი აღმასკომმა პირველი ლიგიდან ისე გააგდო, საშემოსავლოს გადახდა არ აცალეს. მათ გარკვევით ვუთხარით, რომ ოდიკაძეს სუფთა 7 ათასი დოლარი უნდა მიეღო, რადგან კონტრაქტში ასე ეწერა. აღმასკომამდე ვთხოვდით, ეს საქმე დროულად მოემთავრებინათ. მაგრამ დადგა სხდომის დღე და აღმასკომმა რომ იკითხა, "ზესტაფონმა" გადახდაზე დოკუმენტაცია თუ წარმოადგინაო, რა გვეპასუხა?

დამღლელია ამაზე ლაპარაკი. მიწერ-მოწერის გარეშე გადაეხადათ. ესეც ჩვენი ბრალია"?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
კაი ეს ფედერააციის ქცევა გასაგებია მეტი რაუნდა მოვტხოვოთ მაგათ მარა ეს ხალხი რამ დააყრუა ასე... აქ ვიღაც წერს ვალი გადაუხადეთო შენ რაიცი რატო არუხდიან ოდიკააძემ გადააგდო ზესტაფონი და მოხია გაგრაში მაგნაირს იქიტ უნდა გადაახდევიო ფული... საქართველოს არასდროს არეყოელბა კარგი გუნდი... ეყოლება სულ გუნდი მაგრამ ხახლის და ქვეყნის შესაფერისი
shio
17:17 01-08-2015
0
სერგო სჰე ... დავალიანებას რატო არ უხდით ბიჩებს გაგვეცი პასუხი
0

სიახლეები პოპულარული