"ზესტაფონი" I ლიგიდან მოკვეთეს, "გაგრა" საქართველოს თასზე არ ითამაშებს

AutoSharing Option
"გაგრა" ახალი სეზონისთვის მზადებას 27 ივლისიდან შეუდგა. 1-ელ აგვისტოს გუნდი მუხრანის მინდორზე გადაინაცვლებს და სრულფასოვან ვარჯიშს იქ დაიწყებს.

კლუბის ხელმძღვანელობამ მომავალი კამპანიისთვის აქცენტი მთლიანად ახალგაზრდებზე, 1996-98 წლებში დაბადებულ ფეხბურთელებზე გააკეთა. ცვლილებებია სამწვრთნელო შტაბშიც.

გუნდის პრეზიდენტის მრჩევლად 24 წლის გიორგი შანიძე დაინიშნა, ყოფილი ფეხბურთელი, საფეხბურთო სკოლა "გრანდისა" და თბილისის "სპარტაკის" დამფუძნებელი, რომელმაც ბოლო ერთი წელი ლანჩხუთის "გურიაში" იმუშავა.

სიახლეა ისიც, რომ "გაგრა" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში არ გამოვა - ასეთია კლუბის მესვეურთა გადაწყვეტილება. შესაბამისად, გუნდი ახალი სეზონის პირველ შეხვედრას
30 ან 31 აგვისტოს საკუთარ მოედანზე, მუხრანში, მარნეულის "ალგეთის" წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც საფეხბურთო კლუბი "გაგრა" 2008 წელს უმაღლეს ლიგაში გადავიდა, თასის ყველა გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა. ყველაზე დიდ წარმატებას კი გუნდმა 2011 წელს მიაღწია, როცა ფინალში ქუთაისის "ტორპედო" 1:0 დაამარცხა და თასი აღმართა, ხოლო 2012 წელს, ამავე ტურნირის ნახევარფინალში გორის "დილასთან" დამარცხდა.

კლუბმა პოზიცია აღმასკომის ახალ გადაწყვეტილებაზეც დააფიქსირა, რომლის მიხედვითაც, პირველი ლიგიდან 5 გუნდი გავარდება. ამას სერიოზული პროტესტი მოჰყვა - ამ პროექტს კენჭისყრაზე მყოფმა 17-ვე კლუბის წარმომადგენელმა უარი უთხრა და 3 გუნდის გავარდნას მისცა თანხმობა.

ამავე დროს, "გაგრამ" ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს სთხოვა, რომ მათი მოსაზრება 27 ივლისს, ფედერაციის აღმასკომისთვის გაეცნოთ და მხედველობაში მიეღოთ...

სამწუხაროდ, პირველ ლიგაში მოასპარეზე კლუბების აზრი არ გაითვალისწინეს და დებულების თანახმად, 2015-16 წლების გათამაშებაში მეორე ლიგაში 5 გუნდი დაქვეითდება და შემდეგი სეზონიდან პირველ ლიგაში 16 გუნდი იასპარეზებს.

ფედერაციის განმარტებით, "ზესტაფონი" პირველი ლიგიდანაც მოკვეთეს. მიზეზად მისი ურჩობა დასახელდა - კლუბმა გუნდის მეკარეების ყოფილი მწვრთნელის, თამაზ ოდიკაძის დავალიანება არ გადაიხადაო.

დაიშვება თუ არა "ზესტაფონი" მეორე ლიგაში, ეს მოგვიანებით გაირკვევა. პირველში კი მისი ადგილი პირველი ლიგიდან დაქვეითებულმა წალენჯიხის "სქურმა" დაიკავა. ამანაც მეორე ლიგის გამარჯვებული ზოგიერთი კლუბის უმაყოფილება გამოიწვია.

ეს გუნდი წინა გათამაშებიდან სპორტული პრინციპის გათვალისწინებით გავარდა, მაგრამ აღმასკომის მიერ დადგენილი სპორტული პრინციპის გათვალისწინებით, ისევ პირველ ლიგაში დარჩა. აღმასკომის ადრინდელ გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო, რომ სადავო საკითხისას უპირატესობა სწორედ ლიგიდან გავარდნილ გუნდს მიენიჭებოდა, ვიდრე დაბალ ლიგაში გამრჯვებულს. "ზესტაფონის" ადგილიც პირველი ლიგის აუტსაიდერმა "სქურმა" დაიკავა და არა მეორე ლიგის პლეი-ოფში მესამე ადგლზე გასულმა სოხუმის "ცხუმმა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეგ .. კოკაია რატო არ იხდის ბიჩების დავალიანებას რო მოაქ თავი მართალ ადამიანად, მაინც მიატანინებენ სად დაიმალება.
0
ეჭვი გეპარებათ კიდე მაგაში? დასახვრეტები არიან ქართული ფეხბურთის გაუბედურებისთვის, ნაგვის სუნი გამოდის ფედერაციიდან.
რეზო
18:00 28-07-2015
0

სიახლეები პოპულარული