სიონი-დინამო (ბთ) 1:0 - 13 მაისის ზეიმი გორში

AutoSharing Option
...გორის სტადიონზე მიმდინარე "სიონი"-"დინამოს" მატჩის მიწურულს, 83-ე წუთზე, ბოლნისელთა ფლანგურ ჩაწოდებას პორტუგალიელი ვიეირა მედინას თავური მოჰყვა და ბურთი შოთა მამინაშვილის კარის ბადეში აღმოჩნდა. გაიხარა "სიონმა" და ყველაზე მეტად გაიხარა სტადიონზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ქომაგმა - რაკიღა "დილა" სამტრედიაში იგებდა, ბათუმელთა ვერმოგების შემთხვევაში, გორული კლუბი ფინიშამდე ორი ტურით ადრე ჩემპიონობას ინაღდებდა.

ამიტომაც იყო, გორელები მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურად რომ ქომაგობდნენ "სიონს". თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა პუბლიკამ, როგორც კი ორივე მატჩის საბოლოო შედეგი გაირკვა, კიდევ უფრო ომახიანად განაგრძო ზეიმი.

ამიერიდან, 13
მაისი გორის "დილასთვისაც" სადღესასწაულო თარიღია...

თავად მატჩი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდს სჭირდებოდა ქულები ჩემპიონატის მიწურულს დასახული მიზნების შესასრულებლად. "სიონმა" უკეთ დაიწყო თამაში, მოიპოვა ტერიტორიული უპირატესობა და საგოლე მომენტებიც შექმნა.

მე-9 წუთზე ნომინალური მასპინძლები ახლოს იყვნენ მიზანთან - გიორგი ჭანკოტაძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ათიოდ მეტრიდან დაარტყა კიდეც, მაგრამ ბათუმელები მამინაშვილმა იხსნა.

ცოტა ხანში ბოლნისელთა კუთხურს მოჰყვა ხიფათი - ზვიად ლობჯანიძის თავური მცირედით ასცდა მიზანს. იქვე დათა სიჭინავას დარტყმულს გადაეფარნენ მცველები.

უნდა ითქვას, რომ სტუმართა დაცვა ზუსტად თამაშობდა და არ აძლევდა მოწინააღმდეგეს აქტიურობის შედეგში ასახვის საშუალებას, შუახაზელებსა და ფორვარდებს კი მირზა მერლანის კართან.

აჭარლებმა სადღაც ტაიმის შუაწელში შეძლეს სიტუაციის განეიტრალება, თუმცა ორი მწვავე მომენტი ისევ მათ კართან შეიქმნა. ბათუმელებს ხელსაყრელი შანსი მეორე ტაიმის დასაწყისში შეექმნათ, მაგრამ ბოლნისელთა კარის სიახლოვეს მყოფმა დიმიტრი ტატანაშვილმა ვერ იყოჩაღა.

მერე ისევ "სიონს" გაუჩნდა შანსი - სიჭინავამ შორეული "სტანდარტიდან" სცადა მამინაშვილის დამწუხრება, მაგრამ ამ უკანასკნელმა კიდევ ერთხელ ივარგა.

პირველთან შედარებით, მეორე ტაიმში ტემპი დაეცა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ორივე გუნდი ყაბულს იყო ფრეზე. თუმცა "სიონმა" მაინც უფრო შემართებით იბრძოლა. პირველი ტაიმის განმავლობაში პასიურ ვიერა მედინას მე-60 წუთზე თავური რომ ზუსტად დაერტყა, მამინაშვილი ალბათ ვეღარ იხსნიდა თავისიანებს.

და აი, 83-ე წუთიც, როცა ვიეირა მედინამ თავურით ბათუმელთათვის საბედისწერო გოლი გაიტანა. "დინამომ" ფარ-ხმალი არ დაყარა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში "სიონის" საჯარიმოში შეჭრილ ამირან აბუსელიძეს ანგარიშის გათანაბრება მართებდა, მაგრამ... მერლანმა იხსნა თავისი გუნდი.

სიმბოლური იყო, რომ გორში "სიონის" გამარჯვებამ გორული კლუბის ჩემპიონობას შეუწყო ხელი. ცნობილი მიზეზების გამო ხომ ბოლნისელები წლეულს ხშირად თამაშობდნენ "თენგიზ ბურჯანაძეზე" და საგულისხმოა, რომ აღწევდნენ კიდეც წარმატებას.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური
13.05. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
სიონი-დინამო (ბთ) 1:0
გოლი: 1:0 ვიეირა მედინა (83)
სიონი (4-5-1): მერლანი - ფოფხაძე, სვანიძე, გურეშიძე, გაფრინდაშვილი - ლობჯანიძე (59. არაუჟო და სილვა/76. ჭიკაიძე), გოგობერიშვილი, მიქაბერიძე, ჭანკოტაძე (84. მოსემღვდლიშვილი), სიჭინავა - ვიეირა მედინა.
სათადარიგოები: ბათიაშვილი, ჭინჭარაშვილი, ცხადაია, ოთარაშვილი.
მწვრთნელი: ლადო ბურდული
დინამო ბთ (4-4-2): მამინაშვილი - ტეტუნაშვილი, მგელაძე, მახარაძე, სუხიაშვილი - ქავთარაძე, შონია, გოგიტიძე (46. ვარშანიძე), თევდორაძე (65. მაკარიანი) - ბერიაშვილი, ტატანაშვილი (83. აბუსელიძე).
სათადარიგოები: ალავიძე, ქორიძე, მაკარიანი, დიასამიძე, მუჯირი
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილება: შონია (30), სვანიძე (35), მახარაძე (44)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია.

ბომბარდირები
ი. მოდებაძე (დილა) 14
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 12
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 9
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

ბოლო ორი ტური
XXIX
ტური
17 მაისი, კვირა
ჩიხურა-სამტრედია
დინამო (ბთ)-ზესტაფონი
გურია-დინამო (თბ)
მერანი-დილა
ტორპედო-შუქურა
ცხინვალი-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-კოლხეთი
ზუგდიდი-სიონი

XXX ტური
22 მაისი, პარასკევი
სიონი-გურია
დილა-ვიტ ჯორჯია
დინამო (თბ)-ჩიხურა
კოლხეთი-ცხინვალი
მეტალურგი-ტორპედო
სამტრედია-მერანი
შუქურა-დინამო (ბთ)
ზესტაფონი-ზუგდიდი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული