ამას ასე არ დავტოვებთ!.. "ლოკომოტივი" და "ჩხერიმელა" აღმასკომის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა სფფ-ის სპორტული სამართლიანობის ჯგუფის წინადადება-რეკომენდაცია გაიზიარა და გარიგებულ თამაშებში ბრალდებულ პირებსა და კლუბებს სანქციები დაუწესა...

დავით გენძეხაძე "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა, ანუ აუკრძალა საფეხბურთო საქმიანობა, სტადიონზე ყოფნა და ეროვნულ ჩემპიონატსა თუ სხვა საერთაშორისო თამაშებზე დასწრება.

სხვა პირებსა და კლუბებს, ბრალის წაყენებიდან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე და სპორტული სამართლიანობის ჯგუფის მიერ საკითხის მოკვლევის დასრულებამდე, ყოველგვარი უფლებამოსილება შეუჩერდათ. ანუ სამართალდამცველების საბოლოო დასკვნამდე, ხარაგაულის "ჩხერიმელა" გათამაშებიდან მოხსნეს. ასეთ შემთხვევაში, რადგან გუნდს მატჩების ნახევარზე მეტი აქვს ნათამაშები, ყველა დარჩენილ თამაშში
ჩაეთვლება წაგება - 0:3.

ეს გასაგებია და მსგავსი რამ "ზესტაფონის" შემთხვევაშიც მოხდა, მაგრამ ითქვა, რომ ხარაგაულელებს წაგება გარიგებულად მიჩნეულ შეხვედრებში ჩაეთვლებოდათ. კითხვები კი აღმასკომის იმ გადაწყვეტილებაზე ჩნდება, რომლის მიხედვითაც, "ჩხერიმელას" 8 მაისს ზუგდიდის "ლაზიკასთან" 2:0 მოგებული შეხვედრის შედეგი გაუუქმეს და წაგება ჩაუთვალეს.

არადა, სამართალდამცველებს ამ მატჩთან დაკავშირებით არანაირი დასკვნა არ გამოუქვეყნებიათ. მეტიც - ამ დროს ხომ ბრალდებული ფეხბურთელები უკვე საკანში იყვნენ გამომწყვდეულები?!

ამით პირველი ლიგის A ჯგუფში სატურნირო მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა: ზუგდიდელთა ამ მარცხით მეორე ადგილზე თბილისის "ლოკომოტივი" აღზევდა, კონკურენტს 2 ქულით გაუსწრო და, შესაბამისად, უმაღლესში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის შანსი გაუჩნდა, თუმცა - აღმასკომის დამსახურებით.

"რკინიგზელები" "ლაზიკას" ერთი ქულით ისევ ჩამორჩებიან და ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე პლეი ოფში თამაშის შანსი უკვე ზუგდიდელებს გაეზარდათ.

მაგრამ "ლოკომოტივი" ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, რაც კლუბის მეპატრონე ლექსო თოფურიამ გვითხრა:

"ორი აზრი არ არის, რომ ამ გადაწყვეტილებით "ლოკომოტივი" დაზარალდა, რადგან ჩვენს კონკურენტ ზუგდიდის "ლაზიკას" მოგება დასჯილ გუნდთან წაგებულ თამაშში ჩაუთვალეს. ამის შედეგად, ჩვენ მეორე ადგილიდან მესამეზე დავქვეითდით და უმაღლეს ლიგაში გადასვლის შანსი შეგვიმცირდა.

ამ გადაწყვეტილების ლოგიკა გაუგებარია. გამოდის, რომ ამ ლოგიკით, 2011 წელს 5 მოთამაშე რომ დაიჭირეს, უმაღლესი ლიგიდან "ვიტ ჯორჯია", "სამტრედია" და "ზუგდიდი" უნდა მოეკვეთათ?

გარიგებულ თამაშებში მონაწილე გუნდები და მოთამაშეები სამართლიანად დაისაჯნენ, მაგრამ რეალურად, ისე გამოვიდა, რომ ამ სიბინძურეების ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე - თბილისის "ლოკომოტივიც" არანაკლებ დაისაჯა და რატომ?".

მისი თქმით, თბილისის "ლოკომოტივი" აღმასკომის გადაწყვეტილებას არ შეეგუება:

"გათამაშებიდან მოხსნეს "ზესტაფონიც", მაგრამ მას ჩატარებულ შეხვედრებში წაგება არ ჩაუთვალეს და ახლა ასეთი გადაწყვეტილება რის საფუძველზე მიიღეს?

ჩემპიონატის სადისციპლინო კოდექსში პირდაპირ არის მითითებული: თუ გარიგებულ თამაშებში შემჩნეული გუნდი გათამაშებიდან მოიხსნება, მას მომდევნო შეხვედრებში ეთვლება წაგება 0:3 და არა - უკვე ჩატარებულში. ანუ აღმასკომმა სადისციპლინო კოდექსი დაარღვია.

ან რა ლოგიკაა იმაში, რომ 4 მაისს დაკავებული ფეხბურთელების გამო "ჩხერიმელას" 8 მაისს "ლაზიკასთან" მოგება რომ გაუუქმეს და ამით ჩვენ დაგვაზარალეს? თუ ამ ლოგიკას მივყვებით, იმ დასჯილმა ხარაგაულელმა ფეხბურთელებმა ჩვენთან 2:2 რომ ითამაშეს, ეს ფრე გააუქმონ და ჩვენ მოგება ჩაგვითვალონ...

ერთი სიტყვით, ამ გადაწყვეტილებას ასე არ დავტოვებთ და აუცილებლად გავასაჩივრებთ".

იგივე განწყობა აქვთ ხარაგაულის "ჩხერიმელაშიც". კლუბის დირექტორი ზურაბ გიორგიძე აღშფოთებას არ მალავს:

"რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან ის ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული. ჩვენი დაჩაგვრის უფლებას არავის მივცემთ. საერთოდაც, რას ერჩიან ჩვენი რაიონის გუნდს, რომელსაც ისედაც ძალიან უჭირს?!

"ლაზიკასთან" მოგებით, ფაქტობრივად, პირველ ლიგაში დარჩენის ამოცანა გადავწყვიტეთ, რადგან სტუ-"ნორჩ დინამოს" ქულით გავასწარით და კონკურენტისგან განსხვავებით, მარაგში კიდევ ორი თამაში გვქონდა ჩასატარებელი. მაგრამ ამათ მთელი შრომა წყალში ჩაგვიყარეს.

გასაგებია, რომ ფეხბურთელმა დააშავა, მაგრამ თავად ფეხბურთელებსაც ჯერ ვერაფერი დაუმტკიცეს და მით უფრო, გუნდი რა შუაშია? ეს გარიგება "ჩხერიმელაში" ხომ არ წყდებოდა?

მეორე მომენტია: ადრე უმაღლესი ლიგის მოთამაშეები რომ დასაჯეს, მათი კლუბები ლიგიდან არ გაუგდიათ და ეს ბუნებრივიც იყო. მაშინ ჩვენ ასე მკაცრად და დაუნდობლად რატომ გვექცევიან?

თავის ჭკუაზე, სრულიად დაუსაბუთებლად ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არაფრის დიდებით არ შეიძლებოდა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ აქ რაღაც ცუდი ამბები ხდება და ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ.

თუ ეს ხალხი გონს არ მოეგება, გულშემატკივრები თბილისში ჩამოვლენ და ფედერაციას პასუხს მოსთხოვენ. ცხადია, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ", - ამბობს გიორგიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დიტო გეტანხმები პედერაციას იმერტი არ მოწონს მრატტო ტბილისი უნდ
milani
22:42 13-05-2015
0
პედერაცია წაი სახლში 139 ადგილზე ვართ
dato
17:31 13-05-2015
0

სიახლეები პოპულარული