გურია-სამტრედია 3:1 - გამარჯვების დღე უკრაინული არტილერიით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვლავ აოცებს ქომაგებს "გურია" - სეზონისა თუ მეორე ეტაპის დაწყებამდე ლამის თავიდან აწყობილმა და 20 დღით ადრე შეკრებილმა გურულებმა, ფაქტობრივად, შანსი არ დაუტოვეს საქართველოს კვალობაზე ერთ-ერთ საუკეთესო პირობებში მყოფ "სამტრედიას", რითიც "სახლის გუნდისა" (ამ სეზონში შინ ერთადერთხელ და ისიც 24-ე ტურში წააგეს) და "ლიდერთა რისხვის" (ცხრილში ზემოთ მყოფ ყველა გუნდს დააკარგვინეს მნიშვნელოვანი ქულები) სახელი კიდევ უფრო განიმტკიცეს.

...მატჩის დამატებული წუთები მიდიოდა, როცა სტუმრები ქულის გადასარჩენად ბოლო შანსს ეძებდნენ, თუმცა გოლი იქით მიიღეს - გურულებმა, რომლებიც დაცვაში არც 2:0-ზე და არც
2:1-ზე, თვით ბოლო წუთებშიც კი არ ჩამჯდარან, შუახაზელის ნაცვლად, ამპლუით ფორვარდი იური შეველი შეიყვანეს მოედანზე და უკრაინელსაც სადებიუტო გოლისთვის 10 წუთი ეყო...

სამიოდ წუთით ადრე გატანა მის თანამემამულეს, ორი წუთის შესულ დმიტრი კონოვალოვსაც შეეძლო, მაღალოსტატურად რომ ჩამოიტოვა მცველი და მეკარესაც აუღებელი დაურტყა - სტუმარი ძელმა გადაარჩინა.

ეს რომ გასულიყო, "ევგრაფი შევარდნაძეზე" საინტერესო ფაქტი დაფიქსირდებოდა - გოლს სამივე უკრაინელი გაიტანდა, რამეთუ პირველი ტაიმის ბოლოსწინა წუთზე თავურით მატჩის, ალბათ, გადამწყვეტი გოლი დმიტრი ზოზულიამ შეაგდო.

თუმც აქედან 10 წუთში ინტრიგა მატჩს მანვე "დაუბრუნა", როცა რევაზ გეწაძის გამჭოლი გადაცემა საკუთარ კარში ჩაჭრა.

ცოტათი დაუგვიანდათ სტუმრებს თორნიკე კაპანაძის გამოყვანა, რომლის დამაგვირგვინებელ დარტყმასაც ერთხელ ძელი, მეორედ გაბრიელ თებიძე გადაეღობა.

ამ უკანასკნელმა პირველ ტაიმშიც ორჯერ გადაარჩინა "გურია" - ერთხელ სანდრო გურულს აუღო "ტეტ-ა-ტეტ", მეორედ კი, როცა რამდენიმე სტუმარი შეეყარა პირისპირ და თითქოს ვერ უნდა დაესწრო, ეს მაინც მოახერხა.

თავის მხრივ, რევაზ თევდორაძისთვის არცთუ იოლი გამოდგა ალექსი ბენაშვილის შორეული და მოულოდნელი "გასროლა", ლევან ინგოროყვამ კი ხარიხა შეაზანზარა.

ლანჩხუთელებმა გამარჯვებას სწრაფი გოლით ჩაუყარეს საფუძველი: მე-18 წუთზე, მეორე ცდაზე გაიტანა ვილი ისიანმა, რომელიც მეორე ტურია, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.

ამ ორ შეხვედრაში ოთხი საგოლე პასი გააკეთა "გურიის" კაპიტანმა ალეკო კოშკაძემ.

გურულმა ქომაგმა არანაკლები ოვაციით გააცილა "სამტრედიის" ლანჩხუთელი გუნდის თავი - დავით კვირკველია, "გურიაში" არასდროს რომ არ უთამაშია და მის წინააღმდეგ თამაშს უმეტესად თავს არიდებს...

სხვათა შორის, სამტრედიაში ორი კარგი სეზონი უთამაშია გია (გიალო) ჩხაიძეს, ვინც ამ მატჩისთვის "გურია" თავის ყოფილ გუნდთან მოსაგებად მოამზადა...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVII ტური
09.05. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
გურია-სამტრედია 3:1
გოლები: 1:0 ისიანი (19. კოშკაძის პასით), 2:0 ზოზულია (44. კოშკაძის პასით), 2:1 ზოზულია (53-საკ. კარში), 3:1 შეველი (90).
გურია: თებიძე, ჭეიშვილი, ზოზულა, გოგიაშვილი (85. კ. ღაღანიძე), გ. მჭედლიშვილი, ბენაშვილი, ინგოროყვა, მოსიაშვილი (83. შეველი), კოშკაძე, ისიანი, ვ. წილოსანი (89. კონოვალოვი).
სათადარიგოები: მ. გოგუაძე, მათიაშვილი, ა. რეხვიაშვილი, გაბრიჩიძე
მწვრთნელი: გიგლა იმნაძე
სამტრედია: რ. თევდორაძე, თედ. გრიგალაშვილი, თ. შალიკაშვილი, თორ. გრიგალაშვილი, კვირკველია, შარიქაძე, გორგიაშვილი (68. კაპანაძე), იაშვილი, გ. თევზაძე (46. გეწაძე), ა. გურული (46. დოლიძე), გაბედავა.
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, ბეჭვაია, დ. ბოლქვაძე, კერძევაძე
მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
გაფრთხილება: მჭედლიშვილი (49), შალიკაშვილი (55), ბენაშვილი (58), თორნიკე გრიგალაშვილი (76)
არბიტრი: ჯ. ხორავა.

ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 14
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 11
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 9
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

მომდევნო (XXVIII) ტური
13 მაისი, ოთხშაბათი
სიონი-დინამო (ბთ)
ჩიხურა-გურია
დინამო (თბ)-ზუგდიდი
კოლხეთი-მერანი
მეტალურგი-ვიტ ჯორჯია
სამტრედია-დილა
შუქურა-ცხინვალი
ზესტაფონი-ტორპედო 0:3 (ტექ.).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული