მეტალურგი-დილა 0:2 - პირველი ფინალი მოგებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გორის "დილამ" ხუთი "ფინალიდან" პირველი მოიგო და საქართველოს ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. გორელებმა აბსოლუტურად დამსახურებულად სძლიეს უმძიმეს დღეში მყოფ "მეტალურგს".

ერთი კია - როცა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული გუნდი ასეთ დღეშია, ხოლო მეორე, ორგზის ჩემპიონი, გათამაშებას ვერ ამთავრებს, ქართული ფეხბურთისა და ეროვნული ჩემპიონატის პროგრესზე საუბარი, ცოტა არ იყოს, უხერხულია...

იმას, რაც რუსთავში, "ფოლადის" სტადიონზე ხდება, უკვე ტრაგიკომედიაც აღარ ჰქვია - ეს ნამდვილი ტრაგედიაა. წარმოიდგინეთ, თამაშზე დამსწრე ჟურნალისტებისთვის ოქმებიც კი ვერ რიგდება. აღარაფერს ვამბობთ სტადიონის ზოგად მდგომარეობაზე. კიდევ კარგი, რაღაც
მანქანებით ვარლამ კილასონია და მისი ბიჭები უძლებენ ამ არნახულ გაჭირვებას, თორემ დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, ამ დროისთვის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ერთი კი არა, ორი გუნდი გამოაკლდებოდა...

მოკლედ, სანამ ამის პატარა შანსი არის, განგაშის ზარები უნდა დავარისხოთ - რუსთავში ფეხბურთი კვდება და მას სასწრაფოდ სჭირდება შველა. ცხადია, არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა და იმედია, "მეტალურგის" მომავალი აწმყოზე უკეთესი იქნება.

...ეროვნული ჩემპიონატის ლიდერმა "დილამ" ახალგაზრდული შემადგენლობით მოთამაშე მოწინააღმდეგე კლასის ხარჯზე გატეხა. "დილას" შეფობა, მატჩს VIP-ლოჟიდან რომ უცქერდა, მალიმალ ინტერესდებოდა პარალელურად მიმდინარე თამაშების შედეგებით. ბოლოს ისე მოხდა, რომ ყველა ლიდერმა მოიგო და გორელებს გასახარად "დილას" ეს ლოკალური წარმატებაღა დარჩათ.

"დილაში" რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, თავის დროზე რუსთავური გუნდის ლიდერები რომ ეთქმოდათ. მათი სათამაშო კლასი დღეს მნიშვნელოვნად აღემატება "მეტალურგის" ახალგაზრდების გაქანებას. ესეც არ იყოს, კილასონიას მე-20 წუთზევე მოუხდა გუნდის ლიდერის, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფორვარდის, ტრავმირებული რევაზ ბარაბაძის შეცვლა.

"დილამ" სათამაშო უპირატესობა გოლად 25-ე წუთზე გარდასახა. მრავალსვლიანი კომბინაციის ბოლოსწინა აკორდი დავით ხურცილავასი იყო. მან საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, რომელიც რუსთაველთა მცველთათვის უხერხულად აიჭრა. სიტუაციაში ყველაზე სწრაფად და უკეთ გორელთა მოიერიშე მიხაილ გორელიშვილი გაერკვა და თავური დარტყმით აიღო ნადირაძის კარი.

პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა "დილას" ნახევარმცველმა გიორგი ერისთავმა. მარჯვენა ნახევარმცველად გამწესებული ეს ნიჭიერი ფეხბურთელი ხშირად ამწვავებდა სიტუაციას რუსთაველთა კართან. 43-ე წუთზე მან შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა გორელიშვილი, თუმცა ამ უკანასკნელმა გადამწყვეტ მომენტში კარგად ვერ დაარტყა და ნადირაძემ აშკარა გოლისაგან იხსნა "მეტალურგი".

მეორე ნახევარში ერისთავი ძველებურად აქტიური ვეღარ იყო; სამაგიეროდ, შესანიშნავი ტაიმი ჩაატარა ნიკა კვეკვესკირმა, ვინც მწვავე გადაცემებს არ აკლებდა პარტნიორებს. 58-ე წუთზე, მისი ჩაწოდების შემდეგ ირაკლი მოდებაძეს უნდა გაეტანა, თუმცა გამოცდილი ფორვარდი ბურთს ვერ შესწვდა.

იქვე ისევ კვეკვესკირმა იაქტიურა. მის დარტყმულს მცველებმა დააფარეს, გორელიშვილის დამატებულზე კი მეკარე ნადირაძემ იმარჯვა.

"დილამ" მოამწიფა მეორე გოლი, რომელიც მატჩის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე გავიდა - ლაშა გვალიამ შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა მოდებაძე, რომელიც ცივსისხლიანად გაისარჯა და გამოზომილი დარტყმით გადაწყვიტა მატჩის ბედი.

"მეტალურგის" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ უიმედო მდგომარეობის მიუხედავად, გუნდს ბრძოლა არ შეუწყვეტია. რამდენჯერმე რუსთაველები კარგ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, თუმცა, რატომღაც, კარში დარტყმის ნაცვლად პასის გაკეთებას ამჯობინებდნენ.

კილასონიას გუნდს ყველაზე კარგი მომენტი მაშინ შეექმნა, თამაშის დასრულებას აღარაფერი რომ აკლდა. გურამ მინდორაშვილმა მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა, თუმცა ომარ მიგინეიშვილმა ბურთის მოგერიება შეძლო. ეს იყო და ეს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVI ტური
02.05. რუსთავი. "ფოლადი"
მეტალურგი-დილა 0:2
გოლები: 0:1 გორელიშვილი (25), 0:2 მოდებაძე (61)
მეტალურგი (4-4-1-1): ნადირაძე - მიქაუტაძე, ნოზაძე, ნარიმანიძე, ხიზანეიშვილი (46. მინდორაშვილი) - ციცქიშვილი, ზვიადაძე, შუშიაშვილი (55. ჯოხაძე), ბერუაშვილი - ბარაბაძე (20. გაბაშვილი) - ბროლაძე.
სათადარიგოები: ბედიაშვილი, ბარამიძე, გუჯაბიძე, ჩიკვაიძე.
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
დილა (4-4-1-1): მიგინეიშვილი - ხურცილავა, კვახაძე, ბაგაევი, ჯაფარიძე - ერისთავი (71. სეთურიძე), გვალია (77. რაზმაძე), ფალავანდიშვილი, გორელიშვილი - კვეკვესკირი - მოდებაძე (88. თექთურმანიძე).
სათადარიგოები: სომხიშვილი, ხიდეშელი, წიქარიძე, ახალკაცი.
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: ბაგაევი (20)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 13
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 11
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 9
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

მომდევნო (XXVII) ტური
8 მაისი, პარასკევი
მერანი-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-შუქურა

9 მაისი, შაბათი
დილა-კოლხეთი
დინამო (ბთ)-დინამო (თბ)
გურია-სამტრედია
ტორპედო-სიონი
ცხინვალი-ზესტაფონი
ზუგდიდი-ჩიხურა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული