რა ფორმით გააგრძელებს არსებობას "ზესტაფონი"?

AutoSharing Option
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი ჩვენი ქვეყნის ორგზის ჩემპიონისა და თასის მფლობელის, "ზესტაფონის" გარეშე გაგრძელდება. ეს გადაწყვეტილება 20 აპრილს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო...

ყველაფერი აქეთ მიდიოდა
სხდომა დიდხანს, დაახლოებით ორსაათ-ნახევარს გაგრძელდა. სანამ დეტალებზე ვიტყოდეთ, გთავაზობთ აღმასკომის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ზუსტ ფორმულირებას, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტზე გამოქვეყნდა.

უნდა ითქვას, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ იცოდა, რაზეც მიდიოდა. ფეხბურთის ფედერაციამ იმოქმედა დებულების მიხედვით და გამოიტანა ის გადაწყვეტილება, რომელსაც მას კანონი ავალდებულებდა. ასე რომ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაციის ბრალი
ვერაფრით იქნება მომხდარი, თუმცა ერთს კი ვისურვებდით - "ზესტაფონი" იქნება თუ სხვა რომელიმე კლუბი, ან ნებისმიერი სადავო საკითხი, რეგლამენტი ყველა შემთხვევაში განუხრელად უნდა იყოს დაცული.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრებო კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ბოკერიამ ჩვენთან საუბარში შემდეგი განაცხადა: "ზესტაფონი" მოხსნილია საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშებიდან. თუ რომელ ლიგაში ითამაშებს გუნდი მომავალ სეზონში, ეს უკვე სხვა თემაა და ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია".

იქნება აპელაცია?
ახლა საინტერესო ისაა, გაასაჩივრებს თუ არა "ზესტაფონი" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოტანილ ვერდიქტს. ზემოთ უკვე გვეწერა, რომ კლუბს საამისოდ ერთკვირიანი ვადა მიეცა. ეს კითხვა დავუსვით "ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელ სერგო ფუტკარაძეს. მან ასეთი კომენტარი გააკეთა:

"ფეხბურთის ფედერაციას მივმართეთ "დილასთან" მატჩის გადადების თხოვნით. იმიტომ, რომ ამისთვის სათანადო მიზეზები გვქონდა, ამის საფუძველი არსებობდა, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში ფედერაციამ შეუძლებლად მიიჩნია თამაშის გადადება.

რაც შეეხება იმას, გაასაჩივრებს თუ არა კლუბი ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ამაზე განცხადებას ოდნავ მოგვიანებით გავაკეთებთ. სადისციპლინო კომიტეტის ვერდიქტი კი ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა", - გვითხრა ფუტკარაძემ.

დღეს დაგეგმილია ქალაქის საკრებულოს სხდომა. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს ის "ზესტაფონთან" დაკავშირებით. ერთი ფაქტია - პირველ ლიგაში ასპარეზობის შემთხვევაში, კლუბს ფული მაინც დასჭირდება, თუმცა უკეთესი იქნებოდა, უკიდურესი ფინანსური შეჭირვების პირობებში, ეს თანხა მანამდე გამოძებნილიყო, სანამ ურემი გადაბრუნდებოდა.

"საფრთხე რეალური იყო, პრეცედენტი მოხდა"
როგორც ვთქვით, "ზესტაფონის" გენერალურ დირექტორ მიხეილ ხუციშვილს ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაცია მისცეს. სხდომის შემდეგ მან თქვა:

- ამჯერად, მხოლოდ იმ სასჯელზე ვილაპარაკებ, რომელიც ჩვენს კლუბს დაეკისრა. სადისციპლინო კომიტეტის წევრებს მე წარვუდგინე მთელი რიგი არგუმენტებისა, თუ რატომ არ გავიდა "ზესტაფონი" გორის "დილასთან" კალენდარული მატჩის სათამაშოდ.

სამწუხაროდ, ძალიან რეალური იყო იმის საფრთხე, რომ ჩვენი გუნდის ფეხბურთელებზე, თვეების განმავლობაში უხელფასოდ, ცარიელი ენთუზიაზმის ხარჯზე რომ თამაშობენ, ადრე თუ გვიან ვინმე "გასულიყო". სამწუხაროდ, ასეთი რამ მოხდა კიდეც და უახლოეს დღეებში დაიდება ამ მოვლენის დამადასტურებელი ფაქტები.

- კლუბი აგრძელებს არსებობას?
- რა თქმა უნდა, "ზესტაფონი" აგრძელებს არსებობას. ჩვენი ბაზა რომ ავიღოთ, თუნდაც თბილისში, 1.5 მილიონი ლარი უკვე გვაქვს ჩადებული და კიდევ რამდენიმე მილიონი უნდა დაიხარჯოს. გავივლით კონსულტაციებს იურისტებთან და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, რა ფორმით გააგრძელებს არსებობას "ზესტაფონი".

- რატომ წახვედით ამ ნაბიჯზე მაინცდამაინც ახლა?
- ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ვთქვათ, ის, რომ იანვრიდან გამგეობისა თუ ქალაქის მმართველი სხვა სტრუქტურების მხრიდან არაერთი დაპირება ისმის, რომელიც არა და არ შესრულდა.

დიდი დანაკლისი
ყველა თანხმდება ერთში - მარგველთა ამ დღეში ყოფნა ქართული ფეხბურთისთვის ძალიან დიდი დანაკლისია.

ახლა ნამდვილად არ გვინდა ჩავუღრმავდეთ ქვედინებებს, რომლებიც ამ საკითხს ახლავს. ერთი კი ფაქტია - მართალია, კერძო მფლობელის, მაგრამ მაინც ზესტაფონის წარმომადგენელი გუნდი შუა ჩემპიონატს ქალაქის ამ ხელმძღვანელობის დროს გამოეთიშა.

ქართული ფეხბურთი კი "ზესტაფონის" სახით ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ საკლუბო ფლაგმანს კარგავს. თავად განსაჯეთ: არსებობის 11 წლის განმავლობაში გუნდი ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი (2010/11, 2011/12), ერთხელ დაეუფლა ვერცხლის მედლებს (2013/14), ორჯერაც - ბრინჯაოს (2007/-08, 2009/10). 2008 წელს "ზესტაფონმა" მოიგო საქართველოს თასი და ოთხჯერ ითამაშა ამავე გათამაშების ფინალში. ორჯერ აღმართა საქართველოს სუპერთასი (2011, 2012) და ერთხელაც გადამწყვეტ მატჩში დამარცხდა.

გარდა ამისა, "ზესტაფონმა", სხვადასხვა დროს, არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა ევროთასებზე. რომელი ერთი გავიხსენოთ - "ლისბურნთან" თუ "ჰელსინგბორგთან", "დუკლასთან" თუ "დაჩიასთან", "შტურმთან" თუ "ბრიუგესთან"...

რა ეშველება ბაზას და სტადიონს?
ალბათ, ის დროა, ვიკითხოთ - რა ეშველება ქალაქის საფეხბურთო ინფრასტრუქტურას, რომელიც ილია კოკაიამ შექმნა?

აქ ვგულისხმობთ როგორც დავით აბაშიძის სახელობის სტადიონს, ისე გუნდის ბაზას, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. სტადიონიც ერთ-ერთი გამორჩეულია მას შემდეგ, რაც "ზესტაფონის" ხელმძღვანელობამ იქ მინდვრის ახალი საფარი დააგო და ინფრასტრუქტურა მოაწესრიგა.

ამ დროისთვის, ორივე ეს ობიექტი "ზესტაფონის" საკუთრებაში რჩება. ახლა მთავარია, როგორმე ისე მოხდეს, რომ ბაზა და სტადიონი შენარჩუნდეს. ჩვენ არაერთხელ ვყოფილვართ ასეთი ფაქტის მოწმენი - დატოვებს თუ არა კერძო ინვესტორი გუნდს, სტადიონიცა და ბაზაც ვერანდება.

ეპილოგის მაგიერ
იმედი დავიტოვოთ, რომ ზესტაფონში ფეხბურთი არ მოკვდება, რადგან ასე სჭირდება ქართულ ფეხბურთს. დღეს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე კლუბის დახმარების საკითხი დადგება.

დღეს შეგნებულად ავუარეთ გვერდი იმ უამრავ, გადაუმოწმებელ ვერსიას, რომელიც ვრცელდება "ზესტაფონის" გარშემო და იმაზეც არაფერს დავწერთ, რომელთა გამოც, ქალაქში მოარული ხმებით, ადგილობრივი ხელისუფლება თავს იკავებს კლუბის დახმარებისგან.

სამყაროში დროზე უკეთესი ლაკმუსი არავის მოუგონია. მოვიცადოთ ცოტა და დრო ყველაფერს გამოაჩენს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მადლობა ბატონო ილია
0
მადლობა გეორგევიჩ.
noShrevani
11:47 21-04-2015
0

სიახლეები პოპულარული