დინამო (თბ)-ვიტ ჯორჯია 3:0 - პაპუნას შოუ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზედიზედ სამი ფრის შემდეგ თბილისის "დინამომ" ნავსი გატეხა და ჩემპიონატის ფინიშის სწორზე უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა.

მართალია, "დინამოს" გუშინდელი მეტოქე დღესდღეობით ის გუნდი აღარ არის, ჩვენს ყველაზე ტიტულიან კლუბს ტოლი-სწორად ეპაექროს, მაგრამ მასპინძელთა გუშინდელი მოგება მაინც დასაფასებელია. მით უფრო, რომ "დინამომ" ძალიან ხანგრძლივი სერია შეწყვიტა და სეზონის ყველა დაპირისპირება მოუგო "ვიტ ჯორჯიას".

ამას გარდა, არც ის იყო პატარა ამბავი, რომ კახა გოგიჩაიშვილის გუნდმა თითქმის ექვსთვიანი პაუზის მერე გაიმარჯვა დიდი ანგარიშით. შეგახსენებთ, რომ შარშან შემოდგომაზე, "დინამო"-"ცხინვალის" მატჩში მასპინძელთა მარჯვენა გარემარბმა გიორგი
პაპუნაშვილმა
"ჰეთ თრიქი" შეასრულა და დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ამ ნიჭიერ ახალგაზრდა შემტევს გუშინაც იგივე მოეხერხებინა. თუმცა, პაპუნაშვილი გუშინ "მხოლოდ"... "დუბლსა" და საგოლე პასს "დასჯერდა"!

გუშინდელ მატჩში პირველი გოლის გატანის შანსი ძირითადში დაბრუნებულ მანუელს ჰქონდა, მაგრამ ესპანელმა ცენტრფორვარდმა ოთარ კიტეიშვილის ჩინებული პასის მერე ბურთი მიზანს მცირე მანძილით ააცილა.

ამის მერე თამაში ოდნავ "დაწყნარდა" და მე-14 წუთი იყო, სტუმრებმა სახიფათო კონტრშეტევა რომ განახორციელეს, მაგრამ ელგუჯა ლობჯანიძემ მასპინძელთა ცენტრალურ მცველებს ვერ აჯობა.

სამაგიეროდ, "დინამომ" წამოიწყო სწრაფი შეტევა, გიორგი პაპუნაშვილის ჩინებული ფლანგური გარღვევით, ერთი-ორი ცრუ მოძრაობით, ეფექტური და, რაც მთავარია, ზუსტი დარტყმით რომ დამთავრდა!

ტაიმის ბოლოსკენ გიორგი პაპუნაშვილს დაახლოებით იმავე სიტუაციიდან "დუბლის" შესრულება შეეძლო, მაგრამ არ გამოუვიდა.

სამაგიეროდ, 19 წლის გარემარბმა საგოლე პასი მიითვალა: სწორედ მის კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს შეაგება თავი მოხდენილად მათე ცინცაძემ და რთული მდგომარეობიდან ეფექტური გოლი გაიტანა. არადა, ეს კუთხურიც ცინცაძის დამსახურება იყო: დინამოელთა საყრდენი ახლო მანძილიდან თავით ურტყამდა, მაგრამ "ვიტ ჯორჯიის" მეკარემ, ჯონი შეროზიამ მართლაც ურთულესი ბურთი მოიგერია.

"დინამოს" სხვა შემთხვევებშიც შეეძლო, პირველივე ტაიმში გადაეწყვიტა მატჩის ბედი: მარცხენა ფლანგიდან ლაშა შერგელაშვილის ფლანგური პასის მერე ოთარ კიტეიშვილი "ერთი შეხებით" ცდილობდა ბურთის კარში გადაგზავნას, ისე, როგორც საპირისპირო ფლანგიდან ოთარ კაკაბაძის ჩაწოდებას მოჰყვა მანუელის ასევე ერთი შეხებით დარტყმა.

ორჯერ აღმოჩნდა უაღრესად ხელსაყრელ პოზიციაზე ვახტანგ ჭანტურიშვილი, მაგრამ ორივე შემთხვევაში მისი თავური დარტყმა ჯონი შეროზიამ მოიგერია. რაც შეეხება მის დინამოელ კოლეგას, ასევე ძირითადში დაბრუნებულ ლიბორ ჰრდლიჩკას გუშინ საქმე, ფაქტობრივად, არც ჰქონია. თუმცა, ძნელი სათქმელია, თუ რამდენად შეძლებდა სლოვაკი მეკარე თავისი გუნდის გადარჩენას იმ ეპიზოდში, როცა "ვეტერინართა" მარცხენა მცველი ნიკა მაისურაძე შორი მანძილიდან მოჭრილი დარტყმით ბურთს შორეულ "ცხრიანს" უმიზნებდა.

მეორე ტაიმი ახალგაზრდულმა "ვიტ ჯორჯიამ" აქტიურად დაიწყო და ერთი-ორი სახიფათო შეტევაც განახორციელა. განსაკუთრებით კი, ის ეპიზოდი გვინდა აღვნიშნოთ, როცა ლუკა თათხაშვილის შესრულებული "სტანდარტულის" მერე ვანო კურდღელაშვილი სრულიად მარტოდმარტო აღმოჩნდა მეტოქის კართან, მაგრამ ბურთს ვერ მისწვდა.

მანამდე კიტეიშვილს მართებდა გოლის გატანა, თუმცა "დინამომ" მაინც შეძლო დიდი ანგარიშით გამარჯვება და გიორგი პაპუნაშვილმა ამჯერადაც ჩინებული ინდივიდუალური ოსტატობით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა!

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIV ტური
19.04. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-ვიტ ჯორჯია 3:0
გოლები: 1:0 პაპუნაშვილი(14), 2:0 ცინცაძე (41. პაპუნაშვილის პასით), 3:0 პაპუნაშვილი ( 70)
დინამო (4-1-4-1): ჰრდლიჩკა - კაკაბაძე (74. ტაბატაძე), რენე ფერეირა, თოთაძე, შერგელაშვილი - ცინცაძე - პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (64. ბუკორაცი), პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი - მანუელი (67. ს. ლობჟანიძე).
სათადარიგოები: გველესიანი, ჯანელიძე, ჩირგაძე, დაუშვილი
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
ვიტ ჯორჯია (4-2-3-1): შეროზია - თათხაშვილი, გეთიაშვილი, კალანდია, მაისურაძე _ დავლაშელიძე, გახარია - დემეტრაშვილი (73. კახაბრიშვილი), კურდღელაშვილი (82. ლებანიძე), საბაძე - ე. ლობჯანიძე (80. დადიანი).
სათადარიგოები: მერაბიშვილი, დანელია, ხვისტანი, ისერგიშვილი
მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი
გაფრთხილება: პაპუნაშვილი (73), კურდღელაშვილი (75)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

ბომბარდირები
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 10
ი. მოდებაძე (დილა) 10
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 8
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. კაპანაძე (სამტრედია) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 7
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

მომდევნო (XXV) ტური
24 აპრილი, პარასკევი
დილა-შუქურა
ტორპედო-ჩიხურა
ვიტ ჯორჯია-სიონი
ცხინვალი-დინამო (თბ)
კოლხეთი-მეტალურგი
ზუგდიდი-სამტრედია

25 აპრილი, შაბათი
დინამო (ბთ)-გურია
მერანი-ზესტაფონი

28 აპრილი, სამშაბათი
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია ამ ზაფხულს პაპუნაშვილს არ გაუშვებენ! პაპუნაშვილი, ლობჟანიძე, კიტეიშვილი ცინცაძე ამათზე კარგი გუნდის აწყობა შეიძება...
თბილისი
11:54 20-04-2015
0

სიახლეები პოპულარული