გია ჭიაბრიშვილი: ქართველები კატენაჩოს ვერ ვითამაშებთ

AutoSharing Option
35 წლის გია ჭიაბრიშვილის "საბურთალო" ფურორს ახდენს: 17-19 წლის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი პირველი ლიგის A ჯგუფში 72 ქულით პირველ ადგილზეა.

ბოლო ტურში "საბურთალომ" კონკურენტი "ლოკომოტივი" საგურამოში 16 წლის ბექა ნიკოლაშვილის გოლით დაამარცხა (1:0) და უახლოეს მდევარ ზუგდიდის "ლაზიკას" 15 ქულით უსწრებს. შემდეგ ტურში, 19 აპრილს, თბილისელებმა საკუთარ სტადიონზე "სასკოს" თუ მოუგეს, 7 ტურით ადრე (?!) უმაღლეს ლიგაში გადასვლას გაინაღდებენ...

ამ და სხვა თემებზე "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელს ინტერვიუ ვთხოვეთ...

- უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად გუნდები გამოცდილ ფეხბურთელებს იმატებენ. თქვენ სხვა გზით წახვედით...

- "საბურთალოს" აქვს თავისი გეზი და მისგან გადახვევას არ ვაპირებთ. უმაღლეს ლიგაში გადასვლის იდეაფიქსიც არ გვქონია, ეს დრომ მოიტანა. ფეხბურთელები ჭაბუკთა ლიგისთვის გადაზრდილები იყვნენ და პირველ ლიგაში შარშანდელ სეზონში გვაინტერესებდა, რა შეგვეძლო. მშვენიერი გამოცდილება მივიღეთ და ადგილი შევინარჩუნეთ. ახლა გამოჩნდა, რომ ჩვენი ფეხბურთელები პირველი ლიგისთვისაც გადაზრდილები არიან და ბავშვებს უმაღლეს ლიგაში თამაში სჭირდებათ.

- უმაღლესლიგელები საკონტროლო შეხვედრებში დაამარცხეთ, "ცხინვალს" თასზე მოუგეთ. მაგრამ ოფიციალურ თამაშებში სხვა დატვირთვაა. თქვენი აზრით, "საბურთალოს" დღევანდელი დონე უმაღლეს ლიგაში საკმარისი იქნება?
- უმაღლესში თამაში რთული იქნება. მაგრამ პირველივე წელს ადგილი უნდა შევინარჩუნოთ და ბიჭებმა გამოცდილება მიიღონ. მერე კი, დარწმუნებული ვარ, აღარ გაუჭირდებათ. გამოცდილების დამატებას არ ვაპირებთ. ახლაც სულ 2-3 მოწვეული გვყავს.

უმაღლეს ლიგაში თავისი აღზრდილებით არც ერთი გუნდი არ გადასულა და ვფიქრობ, ეს საამაყო პრეცედენტი იქნება. მიმაჩნია, ამ გუნდს წარმატების მიღწევის შანსი არა მხოლოდ საქართველოში აქვს. ევროპალიგაზე გასვლაც შესაძლებელია, მაგრამ ჩვენი მიზანი არა შემთხვევით მოხვედრა, არამედ, ამის კანონზომიერებად ქცევაა.

მჯერა, ამ გზას გავივლით, რადგან კარგ ფეხბურთელებს ვზრდით და სწორი გზით მივდივართ, რაც შედეგებმაც გამოაჩინა. მაგრამ წინასწარ ლაპარაკი არ მსურს - ამას თამაშები გამოაჩენს. ეგაა, საერთოდ პროგრესს ჩემპიონატის დონე აფერხებს. თუ ფეხბურთს სახელმწიფოსგან მეტი დაფინანსება ექნება, ხოლო ფედერაციის მხრიდან - სწორი ნაბიჯები, ესეც მოგვარებადი მგონია.

- "საბურთალო" ბურთს უაზროდ არ აგორებს, სულ წინ და ტემპში მოძრაობს. ამის მისაღწევად დიდი დრო დაგჭირდათ?
- ეს მოთამაშეთა დამსახურებაა. მათ აქვთ კლასი, ერთმანეთში შეთამაშებულები არიან და ყველაფერი კარგად ამიტომ გამოსდით. ჩვენი ყველაზე დიდი იარაღი ესაა და ტემპიც აქედან მოდის. დონე მეტოქის სიძლიერიდან, ჩემპიონატის საერთო დონიდან და დაძაბული თამაშებით გამომდინარე იზრდება.

ამას მარტო ერთი გუნდი ვერ მოახერხებს. ამ პრობლემას მაშინაც ვხედავდი, "ზესტაფონშიც" გეგუჩაძესთან რომ ვმუშაობდი და დამოუკიდებლადაც. შენ რომ ტემპში თამაშობ, მაგრამ 10 წუთში 3:0-ს იგებ, მერე მისი შენარჩუნება შეუძლებელია. მაგრამ ჩვენი უმაღლესი ლიგის გუნდი უცხოეთის ნორმალურ ლიგაში ჩასვი და ერთ წელიწადში ევროპული გუნდი გეყოლება.

- "ბეროესთან" თამაშის ვიდეომიმოხილვაში ისმოდა თქვენი სიტყვები - "კიდევ გაგვიტანონ, მაგრამ ფეხბურთი ვაჩვენოთ"! ეტყობა, ეს თქვენი საფეხბურთო ფილოსოფიაა...
- რა თქმა უნდა. იმის შიშით, რომ შემტევი ფეხბურთით წააგებ, საერთოდ არაფერი გამოგივა და კარგად დავინახეთ, ამან რა დღეშიც ჩაგვაგდო. ანტიფეხბურთით ვერც ფეხბურთელი გაიზრდება და მიზანსაც ვერ მიაღწევს. ეს ჩვენს ბუნებაშიც არ ზის. მეტოქეს ინდივიდუალიზმით უნდა ვაჯობოთ, მოვატყუოთ და შევუტიოთ. ასე თავიდან წააგებ, მაგრამ მერე მოიგებ და ფეხბურთელებსაც გაზრდი. აბა, ქართველები კატენაჩოს ვერ ვითამაშებთ.

- ეროვნული ნაკრები ამ პრინციპით თამაშობდა...
- თუ ისევ ამ გზას გავუყვებით, ფეხბურთისკენ ვერასოდეს შემოვტრიალდებით. თუ ვხედავთ, რომ დღევანდელი შემადგენლობით არაფერი გამოდის, ნელ-ნელა ახალგაზრდები მოვიწვიოთ და შანსი მივცეთ. მაგრამ უნდა იყოს გეგმა, ორი ან ოთხწლიანი ციკლი, გუნდი ავაწყოთ, შევათამაშოთ და შედეგი აუცილებლად გამოჩდება. მგონია და მჯერა, რომ ცხადაძე ამ გზით წავა.

სხვათა შორის, არც ის მესმოდა, ეროვნული, ახალგაზრდული და ასაკობრივი ნაკრებები განსხვავებული სტილით რომ თამაშობდნენ. ყველამ უნდა იცოდეს, რას ვთამაშობთ. ახალგაზრდულიდან ეროვნულში გადასულ ფეხბურთელს სულ სხვა სტილზე გადართვა უწევდა. იქ კი მოთამაშის თეორიულად მომზადების დრო არაა.

- ბევრი მწვრთნელი ჩივის, რომ უცნაურად ჩაკეტილი და არამეგობრული თაობა მოდის...
- მე კი პირიქით მგონია: ეს თაობა არის ნიჭიერი, გონებაგახსნილი, ბავშვებს სხარტი აზროვნება და სიახლის ადვილად ათვისების უნარი აქვთ.

პერსპექტივას ნაკრებშიც ვხედავ. ყენია, ყაზაიშვილი, ჭანტურია, ოქრიაშვილი, ანანიძე, მჭედლიძე, დვალი... ესენი ახალგაზრდა, კარგი ინდივიდუალისტები არიან და სამომავლოდ ძლიერი ნაკრების ჩამოყალიბება შეუძლიათ. პოზიციების გაძლიერების პერსპექტივასაც ვხედავ. ჩემი აზრით, აბურჯანიას დრო სჭირდება და თუ პროგრესი გააგრძელა, ძალიან კარგ საყრდენად ჩამოყალიბდება. მარჯვენა მცველად კი, გამორჩეულად, თემურ ღონღაძე და რამდენიმე ახალგაზრდა მომწონს.

ნეგატივიც უამრავია, მაგრამ დვალი აიღეთ, გერმანიასთან მოედანზე ისე შევიდა, არც იმჩნევდა, მსოფლიოს ჩემპიონის წინააღმდეგ რომ თამაშობდა. ეს ხომ პოზიტივია და ყურადღება ამაზე უნდა გადავიტანოთ.

მჯერა, ცხადაძე ამ გზით ივლის და მას წარმატებებს ვუსურვებ.

საერთოდ, მიმაჩნია, რომ ქართული ფეხბურთიც ვაზივითაა - რაც უნდა ჩეხო, მაინც ვერ მოსპობ და როგორც კი მოუვლი, შეწამლავ და წყალს დაუსხამ, ეგრევე ნაყოფს გამოიღებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
თუ ბიჭები შეინარჩუნეს აქვთ რაღაც შანსი მაგრამ როგორ უნდა გააჩერო კარგი ბიჭები აქ ეგ არ ვიცი.წავლენ და ჩაიკარგებიან სადღაც გროშების სანაცვლოდ.
chero
10:50 21-04-2015
0
მართალი ხარ გია
zaza
23:21 20-04-2015
0

სიახლეები პოპულარული