2015 წელს გორის მერია "დილას" 2 მილიონ ლარზე მეტს დაახარჯავს

AutoSharing Option
ქალაქ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა "ლელოსთან" ამასწინანდელ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადდებოდა "დილას" ხელშეწყობის 3-წლიანი პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაბამისი პერიოდის განმავლობაში კლუბი მიიღებდა პროგრამულად გაწერილ მატერიალურ მხარდაჭერას.

და აი, ამ დღეებში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საფეხბურთო კლუბ "დილას" ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის 3-წლიან პროგრამაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

პროგრამის მიხედვით, გორის მერიას განსაზღვრული აქვს 2015 წლის 1-ლი იანვრიდან 2018 წლის 1-ელ იანვრამდე საფეხბურთო კლუბ "დილასთვის" საჭირო ხარჯთაღრიცხვა. დოკუმენტში ნაჩვენებია შესაბამის პერიოდში კლუბის შტატიან და უშტატო თანამშრომელთათვის გამოყოფილი ხელფასები, აგრეთვე - კვების, მივლინების, ოფისის, ავეჯის,
ტრანსპორტის მოვლა-შენახვისთვის საჭირო ხარჯების ოდენობა და სხვა.

დოკუმენტის მიხედვით ვიგებთ, რომ წლეულს, 1-ლი იანვრიდან 31 მაისამდე, ანუ მიმდინარე საფეხბურთო სეზონის ბოლომდე კლუბი 1 227 515 ლარს მიიღებს. ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში და უშუალოდ მომავალი ჩემპიონატის პირველი წრის მიმდინარეობისას, ანუ 1-ლი ივნისიდან 31 დეკემბრამდე - 984 831 ლარს.

შესაბამისად, 2015 წელს ფეხბურთის განვითარების ხელშესაწყობად გორის მერია 2 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.

ცხადია, ამ პროგრამის ამოქმედება მისასალმებელი ფაქტია და მეტყველებს იმაზე, რომ გორის მერია რეალურად ზრუნავს საფეხბურთო კლუბის მხარდასაჭერად.

"დილას" ხელმძღვანელობას გასულ წლებში არაერთხელ განუცხადებია, რომ ფინანსური გარანტიის მხოლოდ ნახევარ წელიწადზე გათვლილი გეგმა კლუბის ადმინისტრაციასა და ფეხბურთელებს მშვიდად მუშაობის საშუალებას არ აძლევდა. ჩანს, გორულ კლუბს დღესდღეობით უკვე ამ თვალსაზრისით შეუძლია მშვიდად იყოს და გაორმაგებული ენერგიით იბრძოლოს ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისთვის.

საყურადღებოა ისიც, რომ გორი - 2017 წელს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საქართველოში გასამართავი ფინალური ეტაპის მასპინძელ ოთხ ქალაქს შორისაა. ამ ჩემპიონატის ღირსეულად მასპინძლობისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარება იგეგმება, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავი იქნება სტადიონის ჩრდილოეთ ტრიბუნის აგება, ღამის განათებისა და ახალი ტაბლოს დამონტაჟება.

ეს სამუშაოები, სავარაუდოდ, უკვე ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს.

თუ გორის მერიის 3-წლიანი პროგრამა შეუფერხებლად იმუშავებს, საფეხბურთო კლუბი სწორად და პრაგმატულად გახარჯავს მის ხელთ არსებულ თანხას და სტადიონის კეთილმოწყობის პროცესიც წარმატებით განხორციელდება; გორს მიეცემა სერიოზული შანსი, უახლოეს წლებში ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ სერიოზულ კერად იქცეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩემპიონატის წარმატებით დამთავრებას ვუსურვებ გორელებს, თასის რევანში ჩემპიონატზე აგეღოთ. რაიონმა, რომელმაც ამდენი გაიღო ფეხბურთისთვის ღირსია დიდი ფეხბურთით მოტანილი სიხარულისა.
gizog
17:10 09-04-2015
0
როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი ძალიან გახარებული ამ ამბით. რამდენად მისაბაძია ეს უკვე კლუბმა უნდა დაამტკიცოს. ამ დახმარებით გუნდმა უნდა შექმნას მომავალში სხვა ძირითადი შემოსავლების წყაროები, ძირითადად ეს უნდა იყოს ევრო თამაშებზე სერიოზული გამოსვლა ეს აუცილებლად გამოიწვევს მაყურებლის მოყვანას სტადიონზე. (მე მახსოვს ძველი დრო დააწყვილე დააკენტეო და გუნდს 3, 4, 5 ბურთი გაჰქონდა თამაშზე და მაყურებელიც უამრავი მიდიოდა)გუნდი უნდა აეწყოს საკუთარ სემოსავლებზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისსავე ნაჩვენებ შედეგზე. სხვაგვარად ამას მხოლოდ გაზარმაცება მოაქვს.
gizog
17:05 09-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული