დინამო (ბთ)-ტორპედო 2:3 - შეწყვეტილი სერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქობულეთის "ჩელე არენაზე" ჩემპიონატის ლიდერმა ბათუმის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა. დაპირისპირებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ბათუმელებს, ცხადია, მოგებათა 6-მატჩიანი სერიის გაგრძელება სურდათ, ქუთაისელებს კი - ზედიზედ მეოთხე გამარჯვება.

სტუმართა მხარდასაჭერად ქობულეთში 100-მდე ქუთათური ქომაგი ჩავიდა. ბუნებრივია, ბათუმელებსაც საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი ჰყავდათ...

მასპინძლებმა მალევე გახსნეს ანგარიში - უკვე მე-8 წუთზე, მარცხენა ფლანგიდან ანზორ სუხიაშვილის ჩაწოდებულ ბურთს თავით შესწვდა დიმიტრი ტატანაშვილი და კარში გადაგზავნა - 1:0.

გაცილებით სანახაობრივი გამოდგა მეორე ტაიმი. გიორგი დარასელიამ მოედანზე დუბლებიდან დაწინაურებული ზაურ გოგუაძე შეუშვა, რომელიც თამაშში აქტიურად და
გამოცდილი მოთამაშესავით ჩაერთო.

მოგვიანებით, "ტორპედოს" შეტევები შოთა ბაბუნაშვილმა გააძლიერა. სტუმრებმა წონასწორობა სწორედ ამ უკანასკნელის გამოსვლიდან რამდენიმე წამში გაათანაბრეს. ზაზა ჭელიძემ დასარტყმელ პოზიციაზე შენიშნა დავით კირკიტაძე, რომლის დარტყმის შემდეგაც მეკარე მიხეილ ალავიძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. აქედან ირაკლი კლიმიაშვილის მიერ ჩაწოდებული ბურთი ჭელიძემ კარისკენ გაუშვა და, მართალია, ალავიძემ იმ მომენტში იყოჩაღა, მაგრამ მარცხენა ძელთან ჩასაფრებულმა გურამ ადამაძემ (რომელიც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო) თავურით აღადგინა წონასწორობა - 1:1.

დარჩენილ დროში "ტორპედო" გაცილებით მობილიზებული იყო, მეტოქეს სათამაშო სივრცე შეუზღუდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ამან შედეგი კიდევ ერთხელ გამოიღო. ჭელიძემ ძალისმიერი ორთაბრძოლა მოიგო და საჯარიმოს მარჯვენა კუთხესთან მოძებნა კირკიტაძე, რომელმაც მეკარეს დაბალ კუთხეში ოსტატურად დაურტყა - 1:2.

82-ე წუთზე სტუმრებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს - გოგუაძის ძლიერი დარტყმის შემდეგ მასპინძლები მეკარემ გადაარჩინა, თუმცა დამატებაზე ოთარ კვერნაძის წინააღმდეგ ვეღარაფერს გახდა (ქუთაისელთა ფორვარდის მე-9 გოლი მიმდინარე ჩემპიონატში) და ცხადი გახადა, რომ ეს დღე "ტორპედოსი" იყო - 1:3.

მხოლოდ საბოლოო ანგარიში დარჩა გასარკვევი: 90-ე წუთზე ბათუმელთა საყრდენმა ნახევარმცველმა თემურ შონიამ ძლიერი და ზუსტი დარტყმით "ტორპედოს" უპირატესობა მინიმუმამდე შეამცირა - 2:3.

მოკლედ, ბათუმის "დინამოს" იმედები გაუცრუვდა, გიორგი დარასელიას შეგირდებმა კი ზედიზედ მეოთხე მოგებით სატურნირო ცხრილში მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესეს.

"ტორპედო", რომელიც პირველი წრის შემდეგ გავარდნის რეალური საფრთხის წინაშე იდგა, ახლა მეოთხეადგილოსანს 7 ქულითღა ჩამორჩება.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXII ტური
03.04. ქობულეთი. "ჩელე არენა". 2 000 მაყურებელი
დინამო (ბთ)-ტორპედო 2:3
გოლები: 1:0 ტატანაშვილი (8. სუხიაშვილის პასით), 1:1 ადამაძე (68. კლიმიაშვილის პასით), 1:2 კირკიტაძე (75. ჭელიძის პასით), 1:3 კვერნაძე (82), 2:3 შონია (90)
დინამო (ბთ) (4-4-2): ალავიძე - ტეტუნაშვილი, ბ. მახარაძე ქორიძე, სუხიაშვილი - შონია, ვარშანიძე (77. მუჯირი), დიასამიძე (83. აბუსელიძე), ქავთარაძე (50. მაკარიანი) - ტატანაშვილი, ბერიაშვილი.
სათადარიგოები: მამინაშვილი, თევდორაძე, გოგიტიძე, მგელაძე
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
ტორპედო (4-2-3-1): შეყრილაძე - ადამაძე, ჭელიძე, მირცხულავა, ქიმაძე - მამასახლისი (68. ბაბუნაშვილი), კლიმიაშვილი - კირკიტაძე, ტუღუში (46. გოგუაძე), იოსელიანი - კვერნაძე (83. ქებაძე).
სათადარიგოები: შევჩენკო, ჩიკვილაძე, მახვილაძე, ზივზივაძე
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
გაფრთხილება: ქორიძე (57), კლიმიაშვილი (71), მახარაძე (90), მუჯირი (90)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 10
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 8
შ. ლომია (ზუგდიდი) 8
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
თ. კაპანაძე (სამტრედია) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 7
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 6
გ. ბერიაშვილი (დინამო (ბთ) 6
კ. შალამბერიძე (გურია) 6
ი. სიხარულიძე (ზესტაფონი) 6
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

7 აპრილი, სამშაბათი
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/2-ფინალი. პირველი მატჩები

XXIII ტური
11 აპრილი, შაბათი
დინამო (ბთ)-სამტრედია
დილა-სიონი
კოლხეთი-ზესტაფონი
ცხინვალი-გურია
მეტალურგი-შუქურა
ტორპედო-ზუგდიდი
ვიტ ჯორჯია-ჩიხურა
მერანი-დინამო (თბ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული