ქართულმა ფეხბურთმა ექვსთვიანი სახადი მოიხადა!

AutoSharing Option
ამას წინათ, "ლელო" წერდა მეტად საინტერესო სიახლეზე, რომელიც ქართული საკლუბო ფეხბურთის ჩარხს მთლად წაღმა თუ ვერ დაატრიალებს, ბევრ რამეს უკეთესობისკენ მაინც შეცვლის - ამიერიდან, ქართული კლუბები ფეხბურთელებთან ოთხთვიან და ექვსთვიან კონტრაქტებს ვეღარ გააფორმებენ, კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება, სულ მცირე, ერთწლიანი უნდა იყოს!

ეს ფიფას ახალი რეგულაციაა და ცხადია, საქართველოსთვის, როგორც ფიფას წევრი ქვეყნისთვის, მისი შესრულება აუცილებელია...

კარგია, ძალიან კარგი - ჩვენს საკლუბო ფეხბურთს ბოლო წლებში ათასი უბედურება სჭირდა და ერთ-ერთი მთავარი ესეც იყო. საკონტრაქტო სიახლემ კი, ეჭვგარეშეა, სიტუაცია უკეთესობისკენ
უნდა შეცვალოს.

ექვსთვიანი და ოთხთვიანი კონტრაქტები ერთ-ერთი მთავარი მტერი იყო ჩვენი საკლუბო ფეხბურთის განვითარებისა. მეტიც - გავრისკავთ და ვიტყვით, რომ საქმისადმი ასეთი მიდგომა ქართულ ფეხბურთში ათასგვარი მანკიერების დამკვიდრებას უწყობდა ხელს.

ყველამ ვიცით, რა და როგორ იყო აქამდე ჩვენს საკლუბო ფეხბურთში: მიიღებდა კონკრეტული რაიონის კლუბი ფულს, იშოვიდა მწვრთნელს, ის მწვრთნელი თავის ხალხს ჩაიყვანდა იმ გუნდში და 6 თვე ხელი ხელს ბანდა, ორივე ერთად კი - პირს.

სათვალავიც კი აგვერია, რამდენი ასეთი "ექვსთვიანი" გუნდი ყოფილა საქართველოში. ამ გუნდების ერთადერთი საზრუნავი ეს იყო - როგორმე მიეღოთ ექვსი თვით მათთვის გამოყოფილი თანხა, დანარჩენი კი არ აინტერესებდათ - რა ინფრასტრუქტურა, რის სტადიონი, რომელი დროში გაწერილი გეგმა თუ პროგრესი?!

ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ ექვსთვიანი გუნდების არსებობა ქართულ ფეხბურთში ძირშივე სპობდა დღევანდელ ფეხბურთში წარმატების მისაღწევად აუცილებელ წინაპირობას - ხანგრძლივი დროით გუნდის მშენებლობის აუცილებლობას.

არადა, ამის გარეშე წარმატების მიღწევა ისევე რთულია, როგორც უწვერული ფეხბურთელებით ტიტულების მოგება. ფეხბურთელის დარად, გუნდს სჭირდება დრო, რათა დაღვინდეს, გამოცდილება შეიძინოს, შეთამაშდეს, ჩამოუყალიბდეს კონკრეტული სათამაშო სტილი, რომელიც მხოლოდ მისთვის იქნება დამახასიათებელი.

ამ თემას ეხება და აქვე უნდა ვთქვათ: სწორედ ამიტომაა დღეს უმუშევარი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი - გია გეგუჩაძე. გეგუჩაძე არასოდეს მივა ექვსთვიან გუნდში. ის ყველგან ხანგრძლივ პროექტს, დროში გაწერილ გეგმას ითხოვს.

გეგუჩაძე ხანგრძლივი დროის განმავლობაში აშენებდა "ზესტაფონს". მერე ის "ზესტაფონი" კინაღამ ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა და ცოტა რომ გამართლებოდა, საკუთარ ისტორიაში ერთ დიდ და ლამაზ თავს ჩაწერდა.

ერთი წელიც და ის გუნდი უკვე ზესერიოზული მიზნების გადასაჭრელად იქნებოდა მზად, მაგრამ ის ერთი წელი აღარ იყო და დიდი გეგმებიც ჩაიფუშა. ეს უკვე სულ სხვა თემაა. ჩვენ ამ კონკრეტულ სატკივარს მივხედოთ.

ფიფას ახალმა რეგულაციამ უნდა დაასრულოს საფეხბურთო "კარუსელის" გაუთავებელი ტრიალი. მართლაც, ერთი რაიონის ხელმძღვანელობის მიერ გამოყოფილი ფული რომ გამოილევა, "ბოშათა ბანაკი", თითქმის მთელი შემადგენლობით, მწვრთნელ-ფეხბურთელიანად, სხვა რაიონში მიდის და ახლა იქ იწყებს ტრიალს ახალი "კარუსელი".

ამის გამოცაა, რომ თვით საქართველოს ჩემპიონატის დიდი დამფასებლებიცა და მცოდნეებიც კი ხშირად ვერ ხვდებიან, როდის და როგორ აღმოჩნდა ესა თუ ის ფეხბურთელი ამა თუ იმ გუნდში, როდის და როგორ განხორციელდა ესა თუ ის ტრანსფერი...

ის კი არა, ხშირია ისეთი შემთვევაც კი, როცა კონკრეტული ფეხბურთელი კარგა ხნის განმავლობაში ვარჯიშობს ერთ გუნდში და მისი დარჩენა ამ კლუბში გადაწყვეტილი რომ გვგონია, უცებ... ოფიციალურ მატჩში სხვა გუნდის შემადგენლობაში ვხედავთ. ესეც კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი საფეხბურთო მეურნეობის მოუწყობლობისა.

"ექვსთვიანი" გუნდების მიერ ქართული ფეხბურთის მიმართ მიყენებული ზარალი ამით არ ამოიწურება. "ბოროტი ხმები" ამბობენ, რომ სწორედ ასეთ კლუბებში ჭარბობს ათასგვარი მანკიერება.

არც კი ვიცით, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ - დავიწყოთ თუნდაც ფულის გათეთრებით და დავამთავროთ იმით, რომ თუ გავრცელებულ ხმებს ვერწმუნებით, არიან საქართველოში მწვრთნელები, რომლებსაც ესა თუ ის გამოცდილი ფეხბურთელი გუნდში ერთი კონკრეტული მიზნით მიჰყავს...

თითქოს, რა სჯობს გამოცდილი მოთამაშის აყვანს, ისეთისას, ვის მაგალითზეც მომავალ თაობას გაზრდის მწვრთნელი, თუმცა ჩვენთან სხვა შემთხვევაა. განა, რა არის ისეთი, რასაც ქართულ ფეხბურთში ვერ მოიგონებენ?!

ამბობენ, რამდენიმე მწვრთნელს რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი გუნდში ერთი მიზეზით ჰყავს. მათ "კასირები", ანუ, ქართულად რომ დავწეროთ, მოლარეები ჰქვიათ. ყოველ ხელფასზე ისინი მთავარი მწვრთნელისთვის გარკვეულ თანხას კრებენ გუნდში. სამწუხაროდ, ამის თაობაზე მხოლოდ ქართული ფეხბურთის კულუარებში ძალიან ჩუმად, "მოგუდულად" ითქმება ხოლმე და ჩვენც იძულებულნი ვართ, ზოგადად ვწეროთ, თორემ კონკრეტული ფაქტი მზის სინათლეზე რომ იდოს, გახმაურებას ნამდვილად არ მოვერიდებოდით.

შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ფიფას ახალი რეგულაცია ქართულ ფეხბურთში ყველა ამ მანკიერ მხარეს საბოლოოდ ამოძირკვავს, მაგრამ შემცირებით კი შეამცირებს, სხვა თუ არაფერი, მწვრთნელიცა და კლუბის ხელმძღვანელიც დაფიქრდება იმაზე, რომ მას ეს ფული ექვსი თვე კი არა, ერთი სეზონი უნდა ეყოს.

ფეხბურთელისთვისაც ერთწლიანი კონტრაქტი სჯობია ექვსთვიანს. ექვსი თვე უცბად გადის. ჩახვალ შენთვის ახალ ქალაქსა თუ ახალ გუნდში, მიიხედ-მოიხედავ და... მორჩა - ხეირიანად თამაშსაც ვერ ასწრებ.

რა წარმატებაზეა ლაპარაკი, რომელი სათამაშო კლასის ამაღლებაზე, როცა ჯერ მისულიც კი არ ხარ ახალ გუნდში და უკვე იმაზე ფიქრობ, ექვს თვეში რა იქნება, ვინ გამოგიწვდის დახმარების ხელს, ვის უნდა შეეხიზნო?!

ჯერ ეს ვიკმაროთ. ჯერ ექვსი თვის მოგებაც საქმეა.

უფრო გლობალური გარდაქმნისთვის კი საჭიროა ის, რასაც ჩვენს მაგივრად ვერც ფიფა გააკეთებს და ვერც უეფა - ქართული ფეხბურთი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიწმინდოს მედროვეებისგან!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
და კალათბურთელებმა რაო რამინდაო რა ქნეს ეგეთი ამათმა რო მიბაძონ.7მილონი ლარი რო გამოუყვეს ამდენი და ცოტა მეტიც გამოუყვეს ფეხბურთს მარა რაა შედეგი არც არაფერი აი რაგბს თუ მიბაძავენ ეგენი ორივე შეიძლება რაღაცას გამორჩენ.
qutaiseli
00:42 29-03-2015
0
ერთი რაც ყველაზე მთავარია ფეხბურთელების ნაკრებიც თუ გაიმეორებს კალათბურთელების ერთიანობის მაგალითს.საქართველოში ფეხბურთს უჭირს და სახელმწიფო ჩარევის გარეშე სულ დაიკარგება. ზესტაფონი, რუსთავი, გაგრა, ვითჯორჯია, მარტვილი
puma
21:27 28-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული