უმაღლესი ლიგა. XX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ტური ისე არ გავა, ცხრილში საინტერესო გადაადგილებები რომ არ მოხდეს (განსაკუთრებით - ზედა ნაწილში) და ასე იყო ახლაც; მართალია, ლიდერი უცვლელი დარჩა, მაგრამ სამაგიეროდ, სხვა გუნდებმა გაცვალეს ადგილები.

იმის მიუხედავად, რომ ჩემპიონატის დამთავრებამდე 10 ტურია დარჩენილი, მაინც გავბედავთ და ვიტყვით: საპრიზო ადგილებისთვის (შესაბამისად, ევროტურნირების საგზურებისათვის) ექვსი გუნდი იბრძოლებს. თბილისის "დინამო", ბათუმის "დინამო", "დილა", "სამტრედია", "ცხინვალი", "ჩიხურა" - აი, ის "შესანიშნავი ექვსეული", რომელთაგანაც ოთხს ამ ზაფხულს ევროტურნირებზე ვიხილავთ.

რაც შეეხება ცხრილის ქვედა ნაწილს, აქ დიდი ცვლილებები არ მომხდარა: "ვიტ ჯორჯია" და
"სიონი" კვლავაც გასავარდნ ზონაში რჩებიან, არცთუ "კომფორტული" სატურნირო მდგომარეობა აქვს "კოლხეთს", კვლავაც გრძელდება "მერანის" წარუმატებელი სერია და მარტვილელთა გუნდიც უკვე ძალიან ქვემოთ დაეშვა.

აი, "ტორპედოს" ნანატრ საშინაო გამარჯვებას კი ის მოჰყვა, რომ ამ გუნდმა თავისთვის აშკარად შეუფერებელი სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გამოასწორა.

თუმცა, ცხრილში "საინტერესო" გადაადგილებების გარდა, გასულ ტურში გამორჩეული თუ დასამახსოვრებელი სხვაც ბევრი რამ მოხდა...

სუპერშედეგიანობა და დაუნდობელი მასპინძლები
როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე წრის სტარტზე ჩვენი ფეხბურთელები დიდი შედეგიანობით არ გამოირჩეოდნენ, თუმცა გასულ ტურში ამ მხრივ არავინ დაემდურება: რვა მატჩში გატანილი 23 გოლი, ვფიქრობთ, ურიგო შედეგი ნამდვილად არ უნდა იყოს.

ეგ კი არა, სეზონის დაწყებიდან, საერთოდაც, მეორე მაჩვენებელია და ამაზე მეტი გოლი მხოლოდ ერთხელ, IV ტურში გავიდა (30), რაც დღემდე სარეკორდო შედეგია.

ამას გარდა, გასული ტური იმითაც იყო "განსაკუთრებული", რომ მასპინძლების აშკარა უპირატესობა გამოიკვეთა: 24 შესაძლებლობიდან 19 ქულა სეზონის დაწყებიდან ჯერჯერობით საუკეთესო შედეგია.

შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში გამართული 8 მატჩიდან მასპინძლებმა 6 მოიგეს, 1 ფრედ დაამთავრეს და 1 წააგეს.

ხუთოსანი ბათუმელები
ბათუმის "დინამო" კვლავ აგრძელებს მართლაც ზღაპრულ სერიას: შოთა ჭეიშვილის დამოძღვრილმა გუნდმა მეორე წრეში ჩატარებული ხუთივე მატჩი მოიგო და სრულიად დამსახურებულად იმყოფება მეორე ადგილზე.

როგორც მთლიანად გუნდი, ასევე შესაშური სტაბილურობით გამოირჩევიან ბათუმის "დინამოს" ცალკეული ფეხბურთელებიც: 28 წლის ფორვარდმა გიორგი ბერიაშვილმა მეორე წრეში უკვე მეოთხე გოლი გაიტანა, ხოლო ზამთრის პაუზის დროს დამატებულმა ერთადერთმა ახალწვეულმა, 26 წლის უნივერსალმა ნახევარმცველმა გიორგი ქავთარაძემ, წინა ტურის მსგავსად, ახლაც ლომის წილი შეიტანა ბათუმელთა ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაში!

როდის?..
"მეტალურგის" პრობლემების შეხსენებით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ყველასგან მიტოვებული ეს გუნდი ნებისმიერ მეტოქესთან მოედანზე ისეთი განწყობით გამოდის, თითქოს, "დალხენილი ცხოვრება" ჰქონდეს.

თუმცა ყველანაირად მოუმზადებელმა გუნდმა რა შედეგს უნდა მიაღწიოს და ამიტომაც არის, რომ მეორე წრეში ჩატარებული ხუთი მატჩიდან "მეტალურგმა" მხოლოდ 1 ქულა აიღო. ეგ კიდევ არაფერი: ზამთრის პაუზის მერე რუსთაველთა გუნდმა, სათასო შეხვედრების ჩათვლით, უკვე 7 მატჩი გამართა და ჯერ გოლი არ გაუტანია! არადა, ჩემპიონატის ბოლო სამ შეხვედრაში (თბილისის "დინამოსთან", "ჩიხურასთან", "გურიასთან") "მეტალურგს" ამის შანსი რამდენჯერმე ჰქონდა, მაგრამ...

არის სამი დუბლი!
წინა ტურში სეზონის დაწყებიდან შესრულებული მეორე ჰეთ-თრიკი (ნიკა კვეკვესკირი) ვიხილეთ, ახლა კი ერთდროულად სამმა ფორვარდმა შეძლო "დუბლის" შესრულება: 24 წლის გიორგი ჩირგაძემ ("დინამო", თბ), 22 წლის თორნიკე კაპანაძემ ("სამტრედია") და 23 წლის ლაშა კუჭუხიძემ ("ჩიხურა).

სამივე მათგანისათვის ეს სეზონში პირველი დუბლია, ოღონდ, კაპანაძისგან და კუჭუხიძისგან განსხვავებით, ჩირგაძემ წინა სეზონშიც მოახერხა ერთ მატჩში 2 გოლის გატანა.

თუმცა მაშინ ჩირგაძე "მეტალურგის" ღირსებას იცავდა და ალბათ, ამიტომაც იყო, ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლები რომ არც უზეიმია...

ყოჩაღი ლეგიონერები
გასული ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდა, სადაც "შუქურამ" გასავარდნ ზონაში მყოფი "სიონი" 3:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო გელა სანაიას გუნდის ზედიზედ მეორე საგარეო გამარჯვება.

ალბათ, არც ის ფაქტია უმნიშვნელო, რომ სამივე გოლი ქობულეთელთა ლეგიონერებმა გაიტანეს - 31 წლის უკრაინელმა საყრდენმა ნახევარმცველმა ადრიან პუკანიჩმა უკვე მეორედ გამოიჩინა თავი საქართველოს ჩემპიონატში, ხოლო ბრაზილიელებმა - 22 წლის მარცხენა გარემარბმა ლუიზინიო დორნილესმა და 20 წლის ფორვარდმა პაულუ ვიკტორ ნუნიესმა საქართველოს ჩემპიონატში პირველი გოლები გაიტანეს.

სადებიუტო მატჩები და სხვა ფაქტები
XX ტურში სამ ახალგაზრდა ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი უმაღლეს ლიგაში: გიორგი თევზაძეს ("სამტრედია"), იონა კალაჯიშვილს ("ვიტ ჯორჯია") და ზაურ გოგუაძეს ("ტორპედო"). სამივე 18 წლის გახლავთ და ამათგან ყველაზე "ცნობადი სახე" საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი, "საბურთალოს" საფეხბურთო სკოლის აღზრდილი გიორგი თევზაძეა.

გამოსარჩევ ფაქტად უნდა მივიჩნიოთ ირაკლი კლიმიაშვილის გოლიც: "ტორპედოს" 26 წლის ახალწვეულმა საქართველოს ჩემპიონატში ორწლიანი პაუზის მერე გამოიჩინა თავი.

ასევე გვინდა აღვნიშნოთ "ჩიხურას" ახალწვეულის, მიხეილ სარდალიშვილის გამორჩეული მატჩიც: 22 წლის გარემარბი შეცვლაზე შევიდა და დროის მოკლე მონაკვეთში საგოლე პასიც გააკეთა და გოლიც გაიტანა.

უიღბლონი
ფოთის "კოლხეთის" 20 წლის მცველმა გია ჩადუნელმა "ჩიხურასთან" მატჩში "ავტოგოლი" გაიფორმა;

კიდევ ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელსაც არ გაუმართლა: შეცვლაზე შემოსული "ტორპედოს" ახალწვეული, 21 წლის ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ძალიან ახლოს იყო, რომ უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი გაეტანა, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა.

გოცირიძის დაბრუნება!
თბილისის "ამერის" აღზრდილ ბექა გოცირიძეს 16 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი უმაღლეს ლიგაში და ვიდრე უკრაინაში გაემგზავრებოდა, "ზესტაფონის" ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელადაც მიიჩნეოდა.

სამწუხაროდ, მერე მოვლენები ისე განვითარდა, რომ საქართველოს ყველა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები ბექა გოცირიძე უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა და მისი საფეხბურთო კარიერაც ბევრმა დასრულებულად მიიჩნია.

თუმცა გოცირიძე არ ნებდებოდა, რამდენჯერმე სცადა ფეხბურთში დაბრუნება და აი, თითქმის 7-წლიანი პაუზის მერე ბექა კვლავაც უმაღლეს ლიგაშია და ამიერიდან მარტვილის "მერანის" ღირსებას დაიცავს.

ცნობისთვის - ბექა გოცირიძეს 27 წელი წინა თვეში შეუსრულდა.

უმაღლესი ლიგა. XX ტური
დინამო (თბ)-მეტალურგი 2:0 - მშვიდად, აუღელვებლად... [VIDEO]
გურია-დილა 0:0 - "დილამაც" ვერ დაუღამა [VIDEO]
ტორპედო-ცხინვალი 2:0 - გოლი პირდაპირ კუთხურიდან! [VIDEO]
ზუგდიდი-მერანი 3:0 - ათწუთიანი ცივი შხაპი [VIDEO]
სამტრედია-ზესტაფონი 3:0 - დამაჯერებელი და უსაშველო [VIDEO]
დინამო (ბთ)-ვიტ ჯორჯია 2:1 - პირველად, მეორეზე...
ჩიხურა-კოლხეთი 5:1 - ყურადღება! სათამაშო დრო 90 წუთია!
სიონი-შუქურა 1:3 - ბრაზილიურ-უკრაინული კარნავალი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ ბიჭებს არაფერს ვერჩი,თუმცა უკეთესი შემადგენლობის გაკეთებაც იყო შესაძლებელი.
მარიამი
13:04 20-03-2015
0
19 წლამდელთა ნაკრების წევრის, თევზაძის გარდა, კიდევ შედგა საკმაოდ კარგი დებიუტი, თუ თქვენ არ იცით იკითხეთ მაინც, როგორ თამაშობენ ეს ბიჭები.
გელა
12:38 20-03-2015
0

სიახლეები პოპულარული