გურია-მეტალურგი 1:0 - ყოფნა-არყოფნის (პრო)ტესტი... 16 წლის შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამ მატჩს ჩაშლის საფრთხე ემუქრებოდა - ფინანსურად შეჭირვებული "მეტალურგი" ლანჩხუთში სათამაშოდ დილით და რამდენიმე ძირითადი მოთამაშის გარეშე გაემგზავრა.

ზუსტად 16 წლის წინათაც შეიძლებოდა ჩაშლილიყო ლანჩხუთისა და რუსთავის გუნდების დაპირისპირება, მაშინაც "ევგრაფი შევარდნაძეზე" გასამართი, ოღონდ - უფინანსობის გამო თამაშზე გასვლას უარობდნენ... მასპინძლები. ბოლო მომენტში მხოლოდ 8 მობურთალის მოგროვება მოახერხეს (მეცხრე - თამაშისას დაემატათ) და დაგვიანებით დაწყებული მატჩი 3:4 წააგეს.

საინტერესოა, რომ მასპინძელთა სამივე გოლი იმ
დავით მახარაძემ
გაიტანა, ამ ცოტა ხნის წინ "გურიას" რომ ავარჯიშებდა. მოქმედი მწვრთნელი თემურ ლორია კი მეკარეთა და ჭაბუკთა გუნდის მწვრთნელებთან, გია გოგუასა და მერაბ კუკულაძესთან ერთად, იმ 9 მობურთალს შორის გახლდათ, რომელიც რუსთაველთა დღევანდელი თავკაცის, ვარლამ კილასონიას თანაგუნდელებს თითქმის ტოლ-სწორად ეთამაშა...

...მატჩი, რომელშიც "გურიას" იოლ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ, მოულოდნელად დაიწყო: მარჯვენა ფლანგიდან მეკარესთან პირისპირ გაიყვანეს რევაზ ბარამიძე, ვინც წინ გამოსულ გურულთა კიპერს თავზე გადაუგდო ბურთი, რომელმაც შორეულ ძელს სანტიმეტრებში ჩაუარა.

მეორედ ლანჩხუთელი ქომაგი ისევ ბარამიძემ აანერვიულა, ისევ ერთი-ერთზე გავიდა მეკარესთან, ოღონდ მიხეილ გოგუაძემ კუთხე "დაუმახვილა" და ბურთი ახლო ძელთან ბადეს გარედან მოხვდა.

ამ ორ ეპიზოდს შორს იყო თორნიკე მოსიაშვილის ჩინებული თამაში ართმევისას და მცველის ჩამოტოვების შემდეგ "მოსემ" მეკარესაც არ დაუტოვა შანსი - 1:0.

ამის მერე გატანა კობა შალამბერიძეს, "გურიის" ისტორიაში მე-9 ლეგიონერ იური შეველსა (ამ ფორვარდს დებიუტი ჰქონდა) და სხვებსაც შეეძლოთ; აქეთ კი, წვიამიანი ამინდის გათვალისწინებით, "სტანდარტულის" იმედზე იყვნენ სტუმრები (ყველა შემთხვევაში, გოგუაძე უშეცდომო იყო), მაგრამ, როგორც გაირკვა, მოსიაშვილის გოლი ზედიზედ ორ საშინაო შეხვედრაში გურულთათვის 3 ქულის მომტანი აღმოჩნდა - "გურია" სახლში ისევ წაუგებელია.

P.S. მაშინდელმა პროტესტმა არ გაჭრა - ლანჩხუთის საფეხბურთო სამყარომ ტესტი ვერ ჩააბარა და რაიონი უმაღლესი ლიგის მიღმა დარჩა. იმედია, "მეტალურგი" იმ დღეში არ აღმოჩნდება, როგორშიც "გურია" 16 წლის წინათ. ამის ღირსი რომ არ არის ეს გუნდი, გუშინაც გამოჩნდა...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVIII ტური
05.03. ლანჩხუთი. "ევგ. შევარდნაძე". 500 მაყურებელი
გურია-მეტალურგი 1:0
გოლი: 1:0 მოსიაშვილი (18)
გურია (4-5-1): გოგუაძე - ჭეიშვილი, კილაძე, ცინცაძე, მჭედლიშვილი - ინგოროყვა, მოსიაშვილი, ღაღანიძე (89. გაბრიჩიძე), ზოზულია, შალამბერიძე (90. ბენაშვილი) - შეველი (76. მათიაშვილი).
სათადარიგოები: იმერლიშვილი, გოგიაშვილი, კუკულაძე, კონოვალოვი
მწვრთნელი: თეიმურაზ ლორია
მეტალურგი (4-5-1): ქარდავა - მიქაუტაძე, ნოზაძე, ნარიმანიძე, კ. ხიზანეიშვილი (46. გელაშვილი) - სარიშვილი, გ. კილასონია (57. ექვთიმიშვილი) - ბარამიძე, ბერუაშვილი, ციცქიშვილი - ბარაბაძე (61. გოცაძე).
სათადარიგოები: ბეგიაშვილი, ოქროპირიძე, ბიწკინაშვილი, გუჯაბიძე
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გაფრთხილება: ბერუაშვილი (70), ღაღანიძე (79), მათიაშვილი (89), ინგოროყვა (90)
არბიტრი: ბ. ნინუა

06.03. ზუგდიდი. "ბაიას ბაზა". 15:00
ზუგდიდი-კოლხეთი


9 მარტი, ორშაბათი
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები

მომდევნო (XIX) ტური
13 მარტი, პარასკევი
ცხინვალი-სამტრედია
მერანი-დინამო (ბთ)
ზესტაფონი-სიონი

14 მარტი, შაბათი
მეტალურგი-ჩიხურა
შუქურა-დინამო (თბ)
კოლხეთი-გურია
დილა-ზუგდიდი
ვიტ ჯორჯია-ტორპედო

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 6
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 6
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
კ. შალამბერიძე (გურია) 5
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 5
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული