ბლოკადა უწყლოდ და უშუქოდ - კოშმარი, რომელიც რუსთავის "მეტალურგში" ხდება

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგის კლუბებიდან ბევრი წუწუნებს მწირი ბიუჯეტის გამო, მაგრამ მათ კიდევ რა უჭირთ, ცოტა ფული მაინც აქვთ. ის კი, რაც რუსთავის "მეტალურგში" ხდება, ყველა ზღვარს სცდება. გუნდმა პირველი წრე უბიუჯეტოდ ითამაშა, ახლა კი დაშლის პირასაა მისული.

ამითაც იყო გამოწვეული, ზამთარში გუნდი ლიდერებმა რომ დატოვეს - ირაკლი სიხარულიძე, გიორგი ვასაძე, ვაკო ხაბელაშვილი, გიორგი ქავთარაძე, ვარლამ კილასონია, კახა კაკაშვილი, ირაკლი ხუჭუა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ალავერდაშვილი, დაჩი ცნობილაძე, გივი კიკნაძე, მამუკა ტორონჯაძე... ეს ბიჭები სხვადასხვა გუნდში გადანაწილდნენ.

თებერვლის დასაწყისში, ქვემო ქართლის რეგიონულ ტელევიზიაში,
გადაცემა "სტუდია 4"-ში სტუმრად მყოფმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ "მეტალურგის" პრობლემებზეც ისაუბრა.

"ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ. სამი დღის წინ ვიყავი რუსთავში და შევხვდი გუბერნატორსა და მერიის წარმომადგენლებს. არის გარკვეული პრობლემები, თუმცა მინდა, დავარწმუნო გულშემატკივარი, რომ რუსთავში გუნდი იყო, არის და იქნება, რადგან ეს არის ტრადიციული საფეხბურთო ქალაქი.

ახლა ვცდილობთ, ვითარება მეტალურგიულ ქარხანასთან გავარკვიოთ. არავინ იფიქროს, რომ "მეტალურგს" ყურადღებას არ ვაქცევთ. ფედერაციასთან ერთად, კლუბის ბედით დაინტერესებულები არიან გუბერნატორი და ქალაქის მერიც.

ყველაფერი დააახლოებით ერთ კვირაში გადაწყდება", - თქვა მაშინ სიჭინავამ.

მაგრამ გავიდა ერთი თვე და საკითხი კვლავ მოუგვარებელია. რუსთავის "მეტალურგი" ყოველ ახალ შეხვედრას შიშით ელის, რადგან ქალაქში ფეხბურთის შესანარჩუნებლად არაფერი კეთდება. მეტიც, სტადიონზე გათიშულია ელექტროენერგია და წყალიც არ მიეწოდება.

მოკლედ, "ფოლადი" ლამის ისეთივე ბლოკადაშია, როგორშიც იყო ლენინგრადი - მეორე მსოფლიო ომის დროს.

რუსთავის "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელის, ვარლამ კილასონიას თქმით, ხელფასებზე აღარც დარდობენ. ლანჩხუთში, "გურიასთან" ჩემპიონატის მორიგი ტურის სათამაშოდ გამგზავრებაც საეჭვო გახდა, ხოლო გუნდის გადარჩენაზე დაწყებულ ლაპარაკს არანაირი რეალური შედეგი არ მოჰყოლია. ამის გამო გულშემატკივრები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს.

"ფეხბურთელებმა ბევრი ვითმინეთ და გუნდი აქამდე მოვიყვანეთ, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. რაც ფეხბურთს სჭირდება, რუსთავში არაფერი კეთდება.

დღეს თამაშზე ვერ გაუშვეს ჭაბუკთა ლიგის გუნდი, წინა ტურზე კი - დუბლები. ალბათ, მომავალ ტურში უკვე ჩვენ გვეტყვიან, რომ სახსრები არ არის და ჩემპიონატსაც გამოვეთიშებით.

ელემენტარულად, სავარჯიშო ბურთებიც დეფიციტია, სულ 5 ცალი გვაქვს - აბა, ეს გუნდს რაში ეყოფა? ერთ თვეზე მეტია, ვარჯიშის შემდეგ ვერ ვიბანთ, რადგან სტადიონს წყლის და შუქის მიწოდება შეუწყვიტეს. ფედერაციის მიერ მოცემული ფულიც გათავდა და მესამე თვეა, ხელფასები არ აგვიღია.

მდგომარეობის გამოსწორების იმედი უკვე აღარც არის, რადგან არ ვიცით, რეალურად ვინაა გუნდზე პასუხისმგებელი და არც ქალაქის ხელმძღვანელობას სურს "მეტალურგი".

ალბათ, კიდევ ერთი დიდი ქალაქი დარჩება უფეხბურთოდ. მერე კი წლები დაგვჭირდება, რუსთავში გუნდი რომ აღვადგინოთ", - ამბობს გუნდის კაპიტანი გია ბედიაშვილი.

მთავარი მწვრთნელის ასისტენტ ზურაბ არჩვაძის თქმით კი, "მეტალურგს" არსებობის ისტორიაში ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას:

"გუნდში 90-იან წლებში ვთამაშობდი, როცა ქვეყანაში საყოველთაო გაჭირვება იყო და "მეტალურგი" გასვლით შეხვედრებზე წასვლას წვალებ-წვალებით ახერხებდა. თუმცა, ამაზე უარესი მაშინაც არ ყოფილა.

ადრე ფეხბურთი ხალხს სტკიოდა და გვეხმარებოდნენ, ახლა კი არაფერს აკეთებენ. ან რა პირობებსა და ხელფასებზეა ლაპარაკი, როცა სტადიონზე წყალი არ გვაქვს. ლანჩხუთში თამაშზე წასვლაც საეჭვო გაგვიხდა. არც ვიცი, ჩემპიონატს ჩავამთავრებთ თუ არა.

ისიც ვერ გავიგეთ, კლუბი ვისია. მაგრამ, უპირველესად, ეს მაინტერესებს - როცა რუსთავში ფეხბურთი იღუპება, ქალაქის ხელმძღვანელები სად არიან?! გვაინტერესებს, აქვს თუ არა კლუბს 8-მილიონიანი დავალიანება?

რუსთავი საფეხბურთო ქალაქია და "მეტალურგს" მოვლა-პატრონობა სჭირდება. ხელების დაბანა და განზე დგომა მიუღებელია. მეორეცაა: კლუბი რომ კერძო კომპანიას გადასცეს, "მეტალურგის" დაფინანსების გარანტია არსებობდა და ეს პუნქტი აღარ მოქმედებს?

ბავშვები ელემენტარულ პირობებს, 500-600 ლარს ითხოვდნენ, მაგრამ რომელ პირობებზეა ლაპარაკი, როცა ვარჯიშის შემდეგ ბავშვები წყალს ვერ სვამენ და ვერ ბანაობენ. ასეთი მიდგომით, რუსთავში ფეხბურთს მხოლოდ "ფლეისთეიშენზე" თუ ვითამაშებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ყველაფერი ზვიად სიჭინავას ბრალია თუ ნამდვილი პატრიოტი ხარ დაწერე განცხადება და წადი მაინც ვერაფერს აკეთებ,მთავრობა არ გენდობა აგერ უკვე რეგიონებსაც აგარ ეხმარებიან იმიტო რო ელოდებიან როდის წახვალ შენ და არველადზეები,.მაინც ვერ მოიგებსრეზო არველადზე არჩევნებს100% დარწმუნებული ვარ კობი მოიგებს და ქართული ფეხბურთი ცოტას მაინც ამოისუნთქავს მთავრობაც მობრუნდება მერე და ფულს ჩადებს პატიოსან ხალხში.ბათუმი ქობულეთში უნდა თანაშობდეს?რატომ უნდა გვჯობდეს აზერბაიჯანი ფეხბურთში როცა ერთი წესრი მორნალური ლეგიონერი არ ყავთ. ხალხო ავდგეთ ფეხზე და გავყაროთ ესენი ფედერაციიდან მაინც დათვლიოია მათი დგეები.
mindia123
12:25 04-03-2015
0

სიახლეები პოპულარული