"სამტრედიას" თურქულ შეკრებაზე ალექსანდრე იაშვილიც გაჰყვა

AutoSharing Option
28 იანვარს "სამტრედია" თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა. გუნდის მთავარი მწვრთნელის, ზაზა ზამთარაძის თქმით, ფეხბურთელები ადგილზე ჩასვლის დღესვე ავარჯიშა.

"თურქეთში სულ 23 ფეხბურთელი წავიყვანეთ. მათგან 20 - წინა ხაზის მოთამაშეა, სამიც - მეკარე. ბოლო სიახლე სწორედ მეკარეს უკავშირდება: ჩვენთან ერთად "ზესტაფონის" ყოფილი მეკარე კახა მეშველიანი ემზადება", - ამბობს ზამთარაძე.

საინტერესოა, რომ გუნდს თურქეთში საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ალექსანდრე იაშვილიც გაჰყვა:

"იაშვილმა ამის სურვილი თავად გამოხატა. ის ჩვენი მეგობარია, გვერდში გვიდგას და ამ ფორმითაც ცდილობს, თანადგომა გამოხატოს. ხშირად ჩვენთან ერთადაც ვარჯიშობს და ბიჭებისთვის
ესეც დიდი სტიმულია".

ზამთარაძის თქმით, თურქულ შეკრებაზე გუნდთან ერთად არ იქნება "ზესტაფონიდან" მოსული თედორე გრიგალაშვილი:

"ბოლნისის "სიონთან" საკონტროლო შეხვედრისას, თედორე გრიგალაშვილი დაშავდა. მას მუხლი ისე სტკივა, ცხადია, რომ მკურნალობა დასჭირდება და ამიტომ შეკრებაზე ვერ გამოგვყვა. ექიმები გამოიკვლევენ და მალე გვეცოდინება, რა ხარისხის ტრავმა აქვს. იმედია, დაზიანება სერიოზული არ იქნება და თედორე გრიგალაშვილი მოედანს მალე დაუბრუნდება".

"სამტრედიამ" სათურქეთო სპარინგების დიდი ნაწილი უკვე გაარკვია, ზოგსაც ადგილზე მოაგვარებენ. ზამთარაძე ამაზეც ლაპარაკობს:

"30 იანვარს პოლონური ექსტრაკლასას "პიასტს" შევხვდებით, 2 თებერვალს კორეის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ გუნდს დავუპირისპირდებით, 4 თებერვალს - ტირასპოლის "შერიფს", 7-ში კი - გროზნოს "ტერეკს".

გვსურს, კიდევ ერთი მატჩი გავმართოთ, სავარაუდოდ - 9 ან 10 თებერვალს. ვნახოთ, როგორ მოგვარდება ეს საკითხი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხომ არ დაუთვლია ვინმეს რამდენი გუნდი ჩადის თურქეთში მოსამზადებელ პერიოდში?–თურმე კორეადანაც კი ჩადიან!!! გავახილოთ თვალები და გამოვიწმინდოთ ყურები: ანაკლიიდან სარფამდე რამდენი საფეხბურთო მოსამზადებელი ბაზის აშენებაა შესაძლებელი რომელიც მოგებას მოიტანს ე.წ. "საფეხბურთო ტურიზმით"?! იქნებ ჩვენს ფეხბურთს და ეკონომიკურ მდგომარეობას შეეშველოს?! ვიფიქროთ ერთად!!!
ვაჟა
14:13 30-01-2015
0

სიახლეები პოპულარული