"ზესტაფონის" გენ-დირექტორი მიხეილ ხუციშვილი: დაპირება არის, მაგრამ...

AutoSharing Option
ფოტოზე: "ზესტაფონმა" სეზონის განახლებისთვის ვარჯიში თბილისში დაიწყო

"ზესტაფონი" ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. როგორც იქნა, დასრულდა გაურკვევლობა, რომელმაც იმერული კლუბის გულშემატკივრები ძალიან დაღალა. 27 იანვარს "ზესტაფონმა" თბილისის ზღვასთან მდებარე საკუთარ ბაზაზე პირველად ივარჯიშა ახალი დამრიგებლის, გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით.

ცხადია, "ზესტაფონის" შემადგენლობაში ბევრი ახალი სახეა. 34 წლის მწვრთნელს მართლაც დიდი სამუშაოს შესრულება მოუწევს საიმისოდ, რომ გუნდმა დასახული მიზანი გადაჭრას და სულ მცირე, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში შეინარჩუნოს ადგილი.

27 იანვარს "ზესტაფონში" რამდენიმე ისეთმა ფეხბურთელმა ივარჯიშა, უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება რომ აქვს -
გიორგი ილურიძე, ოთარ ხიზანეიშვილი, ალექსი ბენაშვილი, დავით ლომაია, ივანე ხაბელაშვილი, არჩილ მესხი, მირიან რობაქიძე, დავით კუპატაძე, ძმები ხორგუაშვილები, გიორგი ჭედია, ლადო ზუხბაია, გურამ სამუშია, მალხაზ გაგოშიძე
...

მათ შეუერთდებიან ის ახალგაზრდა ზესტაფონელი ფეხბურთელები, რომლებმაც პირველი წრე ამ გუნდის დუბლშემადგენლობაში გაატარეს.

ცხადია, "ზესტაფონის" დაკომპლექტება ჯერ არ დასრულებულა, გუნდის შემადგენლობა კიდევ შეივსება. მანამდე კი მიქაძის სამწვრთნელო შტაბის შესახებ ვთქვათ. მისი ასისტენტები ლევან ბაჯელიძე და ბორის გონჩაროვი იქნებიან, "ზესტაფონის" მეკარეებს კი არჩილ ღურწკაია გაწვრთნის.

სხვათა შორის, მიქაძე და ბაჯელიძე ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ იმერული კლუბის დუბლებში.

Sportall.Geზესტაფონელთა წვრთნის დასრულების შემდეგ კლუბის გენერალურ დირექტორ მიხეილ ხუციშვილს გავესაუბრეთ.

- დავიწყეთ ვარჯიში ახალი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით. გუნდში ამ დროისთვის არიან როგორც გამოცდილი ფეხბურთელები, ისე აქამდე დუბლებში ნათამაშები ახალგაზრდები.

- გუნდის დაკომპლექტების პროცესი დასრულებულია?
- არავითარ შემთხვევაში! მოლაპარაკება მიდის რამდენიმე ფეხბურთელთან. მთავარია, ბოლომდე შესრულდეს ქალაქის ხელმძღვანელობის დანაპირები.

- რას გულისხმობთ?
- დაპირება არის, მაგრამ კლუბის ანგარიშზე თანხა ჯერ არ დამჯდარა. მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება.

- "ზესტაფონი" უცხოურ შეკრებაზე ვერ წავა?
- არა, ამას ვერ მოვახერხებთ, თბილისში გვექნება ვარჯიშები. ჩავატარებთ საკონტროლო შეხვედრებს. თბილისში იმიტომ, რომ აქ იოლია სპარინგ-პარტნიორების მოძებნა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული