ლანჩხუთის "გურია": უკრაინელები, სპონსორები, აკადემია და ევროსაგზური!

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიას" ხელმძღვანელობაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ ჩვენი მკითხველი ინფორმირებულია - კლუბის აღმასრულებელი, სპორტული და ფინანსური დირექტორების თანამდებობები შესაბამისად ოთარ ჩხაიძემ, ედიშერ ჟორდანიამ და გოჩა იმნაიშვილმა დაიკავეს, რომლებიც მანამდეც დირექტორატის წევრები გახლდნენ.

"გურიას" ეყოლება პრეზიდენტიც - ამ პოსტს მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე დაიკავებს.

სხვათა შორის, "გურიას" პრეზიდენტის პოსტი ურუშაძის რამდენიმე წინამორბედსაც ჰქონდა შეთავსებული. მათგან ყველაზე წარმატებული მისივე ბიძის, ანზორ კილაძის "გურიასთან" თანამშრომლობა გახლდათ - ყოფილი გამგებელი და პარლამენტარი კლუბს იმ დროს ასპონსორებდა (მაშინ ბატონი ანზორი ჩაის ფაბრიკათა გაერთიანებას ხელმძღვანელობდა), როცა "გურიამ"
ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია (საუბარია 80-იან წლებსა და 90-იანების დასაწყისზე).

ახლა კი სწორედ ზაზა ურუშაძის დიდი მხარდაჭერის შედეგად გამოეყო კლუბს 1,17 მილიონი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

ამ დღეებში გამგებელს ვაჟიშვილი შეეძინა და პატარის მოსანახულებლად უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც ასევე საქმიანი შეხვედრები გამართა იქაური სპორტული სამყაროს წარმომადგენლებთან.

ლანჩხუთში დაბრუნებულ ურუშაძეს მისსავე კაბინეტში ვეწვიეთ და ვაჟიშვილის დაბადებისა და 50 წლის იუბილეს მილოცვის შემდეგ, უკრაინიდან ჩამოტანილი ახალი ამბების შესახებ ვკითხეთ და, როგორც შევიტყვეთ, გამგებელი წელსაც აპირებს ლანჩხუთში კიევის "დინამოს" ვეტერანების ჩამოყვანას, ისევე, როგორც ეს 2013 წელს გააკეთა. ასევე არ გამორიცხავს, რომ ერევნის "არარატიც" დაპატიჟოს.

"ამას "გურიის" რეკლამირებისთვის ვაკეთებ. ჩემი უკრაინელი მეგობრები მიფინანსებენ კიევის "დინამოს" ვეტერანების სტუმრობას. მინდა უფრო მრავალფეროვანი ღონისძიება გამოგვივიდეს და არავინ დაგვრჩეს ჩვენი ვეტერანებიდან უყურადღებოდ.

ალბათ, მხოლოდ ადგილობრივი ვეტერანებით არ შემოვიფარგლებით და მთლიანად, ქართველ ვეტერანთა ნაკრებს დავახვედრებთ უკრაინელ სტუმრებს, რომლებსაც ლანჩხუთის გარდა ოზურგეთსა და ჩოხატაურშიც ჩავიყვანთ. ასევე ვგეგმავთ, შემდგომში ჩვენი ვეტერანები ჩავიყვანოთ უკრაინაში.

შეიძლება კიეველებთან ერთად ერევნის "არარატიც" მოვიწვიოთ, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ეს საბოლოოდ არ გვაქვს გადაწყვეტილი", - გვითხრა ურუშაძემ.

ლანჩხუთის ახლა უკვე საფეხბურთო თავკაციც "გურიას" მიზნებზეც საუბრობს და არც უკრაინელი ფეხბურთელებით გაძლიერებას გამორიცხავს:

"ჩვენი გუნდის მიზანი მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა უნდა იყოს და ეს კლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უკვე ვთქვი. "გურიამ" უნდა იბრძოლოს ევროსაგზურისთვის და თუ ამას მივაღწევთ, მერე ნახავთ, რამდენ რამეს გავაკეთებთ!

გუნდის გასაძლიერებლად ორ უკრაინელ თავდამსხმელზე გვაქვს საუბარი, რომელთა ხელფასსაც, თუ მთლიანად არა, მინიმუმ სანახევროდ მაინც, ჩვენი უკრაინელი მეგობრები დააფინანსებენ".

ურუშაძის თქმით, უკრაინიდან კიევის "დინამოსთან" ერთად სამ ცნობილ ბიზნესმენს ელის და იმედოვნებს, რომ ისინი "გურიით" დაინტერესდებიან. ასევე, ლანჩხუთში საკლუბო მაღაზიისა და საფეხბურთო აკადემიის გახსნაც იგეგმება.

"უკვე სეზონის განახლებასთან ერთად ვგეგმავთ სტადიონზე კლუბის მაღაზიის გახსნას, სადაც "გურიის" ატრიბუტიკა გაიყიდება - მაისურები, დროშები... ამჟამად, ეს ყველაფერი საქართველოში დამზადდება, თუმცა სამომავლოდ ვგეგმავთ ერთ-ერთ ცნობილ, სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელ ფირმასთან მოლაპარაკებას.

ეს არაა შორეული პერსპექტივა და კლუბი რომ ამ ფირმამ შემოსოს, ამაშიც უკრაინელი მეგობრები გვეხმარებიან. ისევე, როგორც გვთავაზობენ ბავშვთა აკადემიაში სპეციალისტებით დახმარებას. არ დავმალავ და ჩვენი საფეხბურთო სკოლის აკადემიად გადაკეთებას ვგეგმავ. უკვე მქონდა საუბრები მთავრობის წარმომადგენლებთან, სპორტის მინისტრი დახმარებას დამპირდა, რომ სამომავლოდ საფეხბურთო სკოლის ბაზაზე მოვაწყოთ ინფრასტრუქტურა, რომ ბავშვებს, რომლებიც სოფლებიდან ან მიმდებარე რაიონებიდან იქნებიან, ღამით იქ დარჩენაც შეეძლოთ.

ვაპირებთ თბილისის "დინამოსთან" კონსულტაცებს - რა თქმა უნდა, ჩვენ იმ მასშტაბის აკადემიას ვერ გავაკეთებთ, თუმცა რა კონტინგენტზეც გავთვლით, აკადემიამ პირობები უნდა დააკმაყოფილოს", - ამით ამთავრებს გეგმებზე საუბარს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისა და, ახლა უკვე, "გურიის" პირველკაცი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს რისი ჩამდებია თეთრს არ უშვებს და ტენდერს 3 თეთრს აკონტროლებს....არა მართლა გჯერათთ? :დ სიბინძურის და გაუტანლობის ბუდეა....გრიგოლეთის ბაზა დაშალა,ტაბლო ჯართში ჩააბარა და ა.შ სამწუხაროდ...... :(
ნაცნობი სურათი ))
21:10 25-01-2015
0
მუქტა რეზო და დომენტი ზიან პედერაციაში დამგვუპელები პეხბურტის
vaxo
13:49 25-01-2015
0

სიახლეები პოპულარული