ირაკლი კლიმიაშვილი კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" საკადრო ცვლილებების პერიოდი დაიწყო. ცნობილია, რომ კლუბთან კონტრაქტი ყველა ფეხბურთელს დაუმთავრდა და მალე გაირკვევა, ვისი დატოვება სურს გუნდის ახალ მწვრთნელ გიორგი დარასელიას.

მთავარი ისაა, რომ ერთწლიანი გაურკვევლობის შემდეგ "ტორპედოს" დაფინანსებას ჰპირდებიან.

იმედია, ეს რეალური დაპირებაა. ასეთ შემთხვევაში კი, ქუთაისურ კლუბს ფეხბურთელების მიწვევა არ გაუჭირდება.

ქუთაისელთა ახალმა თავკაცმა პირველი ახალწვეულების ვინაობა უკვე გაგვიმხილა: "ტორპედოს" ფორმას თბილისის "დინამოდან" დაბრუნებული თავდამსხმელი ნიკა საბანაძე და ბელორუსული "გომელიდან" წამოსული ცენტრალური მცველი ზაზა ჭელიძე მოირგებენ. მათ გარდა, როგორც ვწერდით, ლაპარაკია თბილისელთა კიდევ ერთი თავდამსხმელის,
ბუდუ ზივზივაძის
დამატებაზეც.

დარასელია ისრაელის პირველი ლიგის კლუბ ტიბერიასის "ირონის" ფორვარდ დავით კირკიტაძესაც ელაპარაკა.

"გიორგი დარასელია "ზუგდიდში" ჩემი მწვრთნელი იყო. აღმოჩნდა, რომ ისრაელში სანამ მიმიწვევდნენ, ჩემზე აზრი მას ჰკითხეს. ცხადია, ქუთაისის "ტორპედოში" დარასელიას მიწვევა ძალიან გამიხარდა. ეს ჩემი მშობლიური ქალაქია და "ტორპედოში" თამაში ყოველთვის მსურდა.

მაგრამ გუნდს ახლოს არ გამაკარეს. "ირონში" კარგად კი ვარ და სათამაშო პრაქტიკაც არ მაკლია, მაგრამ მთავარი მწვრთნელი შეიცვალა და არ ვიცი, ახალი რას იზამს. კომპენსაციის გარეშე თუ გამომიშვებენ, სიამოვნებით წამოვალ. პრეზიდენტს ახალ წლამდე შევხვდები და ყველაფერს გავარკვევ", - გვითხრა კირკიტაძემ.

შევიტყვეთ, რომ "ტორპედოს" ვეტერანებიდან გუნდში მხოლოდ ორი მათგანი რჩება - გამოცდილი მცველი მიხეილ მახვილაძე (რომელზეც "ლელო" გუშინდელ ნომერში იტყობინებოდა) და ცენტრალური ნახევარმცველი შოთა ბაბუნაშვილი.

კლუბში სურვილი აქვთ, რომ კონტრაქტი ნახევარმცველ თემურ მარკოზაშვილსა და თავდამსხმელ ბექა ტუღუშსაც გაუგრძელონ, მაგრამ ჯერ მათი საკითხი გადასაწყვეტია.

დაბოლოს, მთავარზე - დავადგინეთ, რომ ქუთაისში კარიერას ირაკლი კლიმიაშვილი გააგრძელებს.

ინფორმაცია კლუბშიც დაგვიდასტურეს. კლიმიაშვილი "ტორპედოში" სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის შემტევმა ნახევარმცველმა კარიერა "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო. იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ეროვნულის გუნდის ფორმაც მოირგო. ირიცხებოდა მახაჭყალის "ანჟიში", საიდანაც ტაშკენტის "ფახთაქორში" გაანათხოვრეს, ბოლოს კი რიგის "სკონტოში" თამაშობდა და ლატვიის უმაღლესი ლიგის წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული