პრობლემებში ჩაძირული "ივერია" - ხაშურელი ქომაგი ყურადღებას ითხოვს

AutoSharing Option
ინტერნეტსივრცეში ბოლო ხანს ხშირად ნახავთ ხაშურის გრიგოლ ჯომართიძის სახელობის სტადიონის ფოტოებს, სადაც მოედანი მთლიანად წყლითაა დაფარული.

მართალია, ამ სტადიონზე დღესდღეობით ნამდვილად არ დგას წყალი და ფოტოებიც 2011 წელს რაიონში მომხდარი წყალდიდობის შემდეგაა გადაღებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს არენა ამჟამად უკეთეს მდგომარეობაშია...

Sportall.Ge

ფეხბურთის ადგილობრივი ქომაგებიც სწორედ ბოლო ხანს გააქტიურდნენ გვარიანად და "ივერიის" სტადიონის კეთილმოწყობისთვის ინტერნეტაქცია წამოიწყეს. "ლელო" ხშირად აშუქებს ინფრასტრუქტურულ პრობლემებს და ხაშურის სტადიონზე შექმნილი ვითარებაც არ გამოგვრჩენია მხედველობიდან.

სათამაშო მინდორი არც ადრე ყოფილა მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობაში, მაგრამ ახლა
გაცილებით უარესი ვითარებაა. ტრიბუნებზე დიდი ხანია სკამები აღარ დგას (ხის ძველებურ სკამებზეა ლაპარაკი, თორემ ინდივიდუალური დასაჯდომები არც არასოდეს ყოფილა). დანგრეულია ადმინისტრაციის ოთახები, ლოჟა, გასახდელები და ასე შემდეგ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სხვადასხვა წელს არაერთხელ მივმართეთ და დავინტერესდით იმით, თუ როდის იქნებოდა შესაძლებელი სტადიონის რემონტი.

Sportall.Ge

ყველა ხელისუფლის პოზიცია ყოველჟამს ერთი იყო - ვწუხვართ არსებული მდგომარეობის გამო, მაგრამ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს სარემონტო სახსრები არ აქვსო...

დღესაც იგივე სიტუაციაა - ხაშურელებს მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების იმედი აქვთ. 4-5 წლის წინათ ლაპარაკი იყო ცხინვალის "სპარტაკის" მესვეურთა მხრიდან სტადიონით დაინტერესების თაობაზე. ისინი ფიქრობდნენ, გამოენახათ სახსრები სარემონტოდ და "სპარტაკს" საშინაო მატჩები სწორედ ხაშურში ჩაეტარებინა, მაგრამ...

ხაშურის სტადიონზე ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი "ივერია" საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატიდან თამაშობდა. საშინაო მატჩებში "ივერიას" ქომაგი არ აკლდა. მართალია, ეს გუნდი უმაღლესი ლიგის მუდმივი ბინადარი არ ყოფილა, მაგრამ ქვედა ლიგებში მაინც ბევრისთვის ანგარიშგასაწევი ძალა იყო.

"ივერიას" ისეთი დროებაც ედგა, საერთოდ გუნდიც რომ აღარ არსებობდა. მერე, ისევ და ისევ ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის წარმომადგენელთა დიდი ძალისხმევით, მუნიციპალიტეტმა გამონახა სახსრები კლუბის აღსადგენად და მეორე ლიგაში საასპარეზოდ, თუმცა... მესამე წელიწადია, "ივერიას" გაპარტახებულ მშობლიურ არენაზე საშინაო მატჩების თამაშის უფლება არ აქვს და ამიტომ სტუმრებს ბორჯომის სტადიონზე მასპინძლობს.

Sportall.Ge

"ივერია" ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის აღზრდილებითაა დაკომპლექტებული. უკანასკნელი სამი საფეხბურთო სეზონი ამ გუნდმა II ლიგის ლიდერებს შორის გაატარა და ცოტა დააკლდა I ლიგაში აღზევებამდე.

ხაშურელებს იმედი აქვთ, რომ ქვეყანაში სპორტის მესვეურთა ყურადღებას მიიქცევენ და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ერთობლივი ძალებით პრობლემის გადაჭრას შეძლებს.

ხაშურში ფეხბურთის გულშემატკივრებისგან შევიტყვეთ, რომ ისინი არა მხოლოდ ინტერნეტსივრცის საშუალებით აპირებენ აქტიურობას, არამედ სხვა ტიპის აქციების გამართვასაც გეგმავენ საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული