"ზესტაფონი" მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და ფეხბურთელებისგან დაცლილია

AutoSharing Option
უახლოეს ორ-სამ დღეში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საბოლოოდ უნდა თქვას, სურს თუ არა ქალაქში საფეხბურთო ინფრასტრუქტურისა და, ზოგადად, ფეხბურთის გადარჩენა.

მოკლედ შეგახსენებთ საქმის არსს: რამდენიმე დღის წინათ "ზესტაფონი" ოფიციალურად დატოვა კლუბის პრეზიდენტმა ილია კოკაიამ.

ამ დროისთვის გუნდი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და ფეხბურთელებისგან დაცლილია...

როგორც შევიტყვეთ, მუნიციპალიტეტის გამგეობა ამ საკითხზე საკუთარ პოზიციას უახლოეს რამდენიმე დღეში დააფიქსირებს. ამ დროისთვის საკითხის შესწავლა მიმდინარეობს. სწორედ მაშინ შევეცდებით, შემოგთავაზოთ ინტერვიუ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელ ტარიელ თუთარაშვილთან.

ამ დროისთვის კი ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე სახარბიელო არაფერი ხდება. მეტიც -
შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გავერანების არასახარბიელო პროცესი უკვე დაიწყო.

უკვე რამდენიმე დღეა, სტადიონიდან აღარ გააქვთ ნაგავი, აღარ იწმინდება სკამები, ქალაქის მთავარ სპორტულ არენას შეუწყდა ინტერნეტის მიწოდება. ერთადერთი, სტადიონს ისევ იცავენ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, დასაცავი აღარაფერი იქნება - უფეხბურთოდ დარჩენილ არენას ხალხი აღარ მიაწყდება.

დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა. აქ არაერთხელ გამართულა ევროტურნირებისა და ასაკობრივ ნაკრებთა მატჩები. ახლა, როცა ქვეყანას, ინფრასტრუქტურული კუთხით, რბილად რომ ვთქვათ, ისედაც არ ულხინს, სირაქლემის პოზაში ყოფნა დანაშაული გვგონია.

რა თქმა უნდა, ილია კოკაია არ იყო უშეცდომო, თუმცა ფაქტია - მთელი 10 წლის განმავლობაში ეს კაცი მარტო ზრუნავდა რაიონში ფეხბურთის განვითარებისთვის. ახლა დროა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმაც გამოიღონ ხელი.

საქართველოს ძალიან ბევრ ქალაქში (ბათუმი, ბოლნისი, ქუთაისი, ფოთი, ლანჩხუთი, ქობულეთი...) ფეხბურთის არსებობას სახელმწიფო სტრუქტურები უზრუნველყოფენ. ზესტაფონელ გულშემატკივარს იმედი აქვს, რომ ამ ურთულეს პერიოდში ადგილობრივი ხელისუფლება სტატისტის როლში არ დარჩება.

როგორც გავიგეთ, ახლო მომავალში ქალაქის საკრებულოს სხდომა გაიმართება. "ზესტაფონის" გულშემატკივრები ამ სხდომაზე მისვლას გეგმავენ...

გარკვეული თანხა, რომელიც აქამდე წარმოებული გაანგარიშებით, ზესტაფონში არსებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შენახვას უნდა მოხმარებოდა, არ არის საკმარისი. ეს თანხა (300 ათასი ლარი) უკვე ზის ქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში, თუმცა ეს ზღვაში წვეთია.

კლუბის ნორმალური არსებობისთვის (ფეხბურთელების დამატება, შეკრება, ხელფას-პრემიები და სხვა აუცილებელი ხარჯები) სოლიდური რაოდენობის დამატებითი სახსრები იქნება მოსაძიებელი.

ზესტაფონელთა სადღეისო მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ შექმნილ სიტუაციაში კლუბმა, პრაქტიკულად, თავიდან უნდა აწარმოოს სატრანსფერო კამპანია. ამ მომენტისთვის, გუნდს ერთი ფეხბურთელიც აღარ ჰყავს. ეს კი არა, გათავისუფლების ფურცლები დუბლშემადგენლობის ფეხბურთელებსაც კი დაურიგდათ.

მეორეც - თუ "ზესტაფონი" სეზონის განახლებას სრულიად ახალგაზრდა, გამოუცდელი კადრებით შეხვდება, დიდი ალბათობით, უმაღლესი ლიგიდან გავარდება. შეგახსენებთ, რომ პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ მარგველთა სატურნირო მდგომარეობა ისედაც არასახარბიელოა - გუნდი მე-9 ადგილზეა და გასავარდნ ზონას არცთუ დიდი მანძილითაა მოშორებული.

აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ფეროშენადნობთა ქარხანას, რომელიც წლების განმავლობაში ასულდგმულებდა ფეხბურთს ამ ქალაქში, არანაირი წვლილი აღარ შეაქვს სპორტის ამ სახეობის განვითარებაში.

მოკლედ, უახლოეს დღეებში ბევრი რამ უნდა გაირკვეს. ჩვენც მივყვებით მოვლენათა განვითარებას და თითოეული სიახლის შესახებ ოპერატიულად გაცნობებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
სანამ თბილისიდან ქუთაისამდე სარზე არ ჩამოვაცვამ ამ ვაი-ბიზნესმენებს,რომელთაც ედიკას დროს ქრთამებით მიითვისეს მილიონობით სახელმწიფოს,ხალხის ქონება,მანამდე ჭკუაზე არ მოეგებიან!
დავით აღმაშენებელი
15:21 23-12-2014
0
მე შპს "აირმაქსის" დირექტორი ბესიკი წაქაძე ვაცხადებ რომ ლელოს ეს პუბლიკაცია არი დეზინფორმაცია ,შპს "აირმაქსი" 1 წელზე მეტია აწვდის ზესტაფონის არენა ინტერნეტს უსასყიდლოთ და ასე გააგრძელებს სანამ ზესტაფონის გუნდი ითამაშებს ფეხბურთს ნებისმიერ ლიგაში,თუ ეს არენა დაჭირდება!
dato
14:51 23-12-2014
0

სიახლეები პოპულარული