დილა-სამტრედია 1:0 - მყარი მეორე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტურის ცენტრალური მატჩი "თენგიზ ბურჯანაძეზე" ისევ უმაყურებლოდ გაიმართა. "დილამ" და "სამტრედიამ" საინტერესო პაექრობა გააჩაღეს და მართალია, თამაში უხვგოლიანი არ გამოდგა, მაგრამ სანახაობა, დაძაბულობა და ფეხბურთელთა შემართება ნამდვილად არ აკლდა.

მატჩის დებიუტი "დილას" გარკვეული ტერიტორიული უპირატესობით აღინიშნა. მასპინძლები ორი ფორვარდის - რომან ახალკაცისა და ირაკლი მოდებაძის მეშვეობით უტევდნენ. გორელების ნახევარდაცვა ნაკლებად იყო ფლანგზე გაშლილი და ამ პოზიციებზე დაცვიდან სწრაფი გარღვევებით მათი განაპირა მცველები - დავით ხურცილავა და ლაშა ჯაფარიძე აქტიურობდნენ.

ეფექტური იყო სტუმართა გუნდის შუა ხაზი, რომელიც გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. პირველი
მნიშვნელოვანი ხიფათი სწორედ ერთ-ერთი მათგანის, გრიგოლ დოლიძის უძლიერეს შორეულ დარტყმას მოჰყვა, რომელიც გიორგი სომხიშვილის დამსახურებით არ იქცა გოლად.

პირველ ტაიმში ხისტი, ლოკალური ორთაბრძოლები მალტელმა მსაჯმა მარკო ბორგმა ყვითელი ბარათებით აღკვეთა, რათა თამაში მეტისმეტ უხეშობაში არ გადაზრდილიყო. არბიტრი შეუვალი იყო 30-ე წუთზეც, როცა გორელები პენალტს ითხოვდნენ - ახალკაცის პასით მოდებაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და ბეგიაშვილთან ორთაბრძოლისას წაიქცა...

იქამდე სამტრედიელებმა კიდევ ერთხელ შექმნეს ხიფათი სომხიშვილის კართან, თუმცა რევაზ გეწაძის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული გოლკიპერმა გააუვნებელყო. მასპინძლები მოწინააღმდეგეს მჭიდროდ ეთამაშებოდნენ, ბურთის შეტევაში ამოსატანად მოდებაძე ხშირად ჩადიოდა უკან და პროდუქტიულიც იყო.

მეორე ტაიმში სტუმართა მწვრთნელმა ზაზა ზამთარაძემ გეწაძის ნაცვლად გიორგი გაბედავა შეუშვა მინდორზე. გამოსარჩევი იყო "დილას" დაცვის ცენტრში ქარქუზაშვილისა და ადამაძის ზუსტი თამაში, თანაც მათი მოქმედება გორელებს არამხოლოდ უკანა ხაზში გამოადგათ - ამ დუეტს შეტევაში ჩართვა და "მეორე სართულზე" ბრძოლაც შეუძლია...

მატჩის ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე გავიდა. ჭიაბერ ჭეჭელაშვილის მიერ მარცხენა ფლანგიდან კარის სიახლოვეს ჩაწოდებულ ბურთს ადამაძემ კარგად დაუხვედრა თავი და ისეთი დაარტყა, სტუმართა გოლკიპერს მოგერიების შანსი არ დაუტოვა - 1:0.

ამის საპასუხოდ "სამტრედიამ" შემტევი პოტენციალი გაზარდა. მატჩის ბოლო 15 წუთი სტუმრებმა გაძლიერებულ იერიშებში გაატარეს, რამდენჯერმე ხიფათიც შექმნეს, მაგრამ აშკარა საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა.

გამოსარჩევი იყო პაჭკორიას "მაკრატელა", რომელიც ხარიხას მცირედით გადასცდა და საშუალო დისტანციიდან გაბედავას დარტყმული, სომხიშვილმა რომ მოიგერია. სულ ბოლოს კი მიზანთან ახლოს ისევ გორელები იყვნენ. მსაჯის საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე გიორგი ერისთავმა მოედნის ცენტრში ჩაჭრა გადაცემა, მეურვეც ჩამოიცილა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ... დარტყმის ნაცვლად, მისი ჩამოცილებაც მოინდომა და მომენტი გაფლანგა.

თუ ამ მატჩამდე "დილა" მეორე ადგილზე მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით იყო, ახლა პოზიციები უფრო გაიმყარა და სეზონის ბოლოს ევროზონაში მოხვედრის შანსი ერთიორად გაზარდა.

"სამტრედიას" მწვრთნელები მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდნენ. "დილას" მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა მილოვან მატიასევიჩმა კი განაცხადა:

"სამტრედიაში თამაშობენ გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებსაც გოლის გატანა ყოველ წუთს შეუძლიათ. ამიტომ კმაყოფილები ვართ - ჩვენმა ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს, გოლიც გაიტანეს და კიდევ სამ-ოთხჯერ მაინც შეეძლოთ გატანა. მომდევნო მატჩი თასზე გვაქვს და გვინდა, იქაც მივაღწიოთ წარმატებას".

ბოლოს კი დავძენთ, რომ გორის მთავარ არენას სასჯელის ვადა გაუვიდა და მომდევნო მატჩზე ქომაგთა მასპინძლობა შეეძლება.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIII ტური
21.11. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". უმაყურებლოდ
დილა-სამტრედია 1:0
გოლი: 1:0 ადამაძე (63. ჭეჭელაშვილის პასით)
დილა (4-1-4-1): სომხიშვილი - ხურცილავა, ქარქუზაშვილი, ადამაძე, ჯაფარიძე - ფალავანდიშვილი - ახალკაცი (78. ერისთავი), წიქარიძე, ჭეჭელაშვილი (80. სადაღაშვილი), სეთურიძე - მოდებაძე (89. ბუზალაძე).
სათადარიგოები: ზარქუა, ბაჩიაშვილი, ერისთავი, ბერიძე
მთ. მწვრთნელის ასისტენტი: მილოვან მატიასევიჩი
სამტრედია (4-5-1): ბეგაშვილი - ბაკურაძე (74. ი. კერძევაძე), პაჭკორია, კაკუბავა, კვირკველია - გეწაძე (46. გაბედავა), დათუნაიშვილი (67. მელქაძე), ბეჭვაია, გორგიაშვილი, დოლიძე - რამოსი.
სათადარიგოები: მუჯირიშვილი, შალიკაშვილი, დ. კერძევაძე, გედენიძე
მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
გაფრთხილება: კაკუბავა (9), გორგიაშვილი (13), ახალკაცი (36), წიქარიძე (41), ბაკურაძე (52)
არბიტრი: მარკო ბორგი (მალტა)

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი) 10
ი. მოდებაძე (დილა) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
ნ. საბანაძე (დინამო თბ) 5
შ. ლომია (ზუგდიდი) 5

მომდევნო მატჩები:
დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩები
25 ნოემბერი, სამშაბათი

სიონი-ვიტ ჯორჯია (0:1)
სამტრედია-დინამო (ბთ) (1:4)

26 ნოემბერი, ოთხშაბათი
კოლხეთი (ფ)-დილა (0:0)
დინამო (თბ)-შუქურა (1:1)
საპოვნელა-სპარტაკი (0:3)
ტორპედო-მერანი (3:0)
მეტალურგი-ზუგდიდი (2:0)
ზესტაფონი-ჩიხურა (0:0)

უმაღლესი ლიგა. XIV ტური
30 ნოემბერი, კვირა
მეტალურგი-სპარტაკი
დილა-მერანი
სამტრედია-ჩიხურა
დინამო (თბ)-გურია
ზესტაფონი-დინამო (ბთ)
შუქურა-ტორპედო
კოლხეთი (ფ)-ვიტ ჯორჯია
სიონი-ზუგდიდი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული