უმაღლესი ლიგის XII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ამ ტურის წინათქმაში ვივარაუდეთ, რომ სამდღიანი ტურის მერე სატურნირო ცხრილში საინტერესო გადაადგილებები იყო მოსალოდნელი და ასეც მოხდა! თავად განსაჯეთ: უმაღლესი ლიგის 16 გუნდიდან... 15-მა ადგილი შეიცვალა. ზოგი - ზემოთ ავიდა, ზოგი - დაეშვა.

ერთადერთი, თბილისის "დინამომ" შეინარჩუნა თავისი პოზიცია. თუმცა მასაც შეეძლო მდევრებთან უპირატესობის კიდევ უფრო გაზრდა, რომ არა მოულოდნელი საშინაო მარცხი ბათუმის "დინამოსთან".

XII ტურის ამ მართლაც გამორჩეულ ფაქტზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი ის გვინდა შეგახსენოთ, რომ სანაკრებო პაუზის გამო უმაღლეს ლიგაში შესვენებაა და ჩემპიონატიც 21 ნოემბერს განახლდება. თუმცა,
მანამდე პირველი სათასო მერვედფინალური მატჩებია, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მაინც სხვა რამ არის: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისაგან დაპირებული თანხა (200 000 ლარი) რამდენიმე გუნდმა უკვე მიიღო, ზოგან - დღე-დღეზე ელოდებიან და ჩვენს მწვრთნელ-ფეხბურთელებსაც ცოტა "ამოსუნთქვის" საშუალებაც მიეცემათ.

უკომპრომისო ტური
სეზონის დაწყებიდან აქამდე მხოლოდ ორჯერ (პირველ და მესამე ტურში) მოხდა, როცა არც ერთი მატჩი ფრედ არ დასრულებულა; ასე იყო ახლაც და იმედი დავიტოვოთ, რომ გამარჯვებისაკენ სწრაფვას ჩვენი გუნდები ყველა მატჩში გამოავლენენ.

დვალის განაცხადი
ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა კონკრეტული ფეხბურთელი ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.

აი, სამჯერ კი ეს საპატიო წოდება დღემდე არავის რგებია წილად და დიდი შანსია, სწორედ ამ სეზონში შეიცვალოს სიტუაცია: "ზესტაფონის" 29 წლის თავდამსხმელმა ჯაბა დვალმა (რომელიც ორჯერ უკვე იყო საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი) ზედიზედ მეორე მატჩში გამოიჩინა თავი და 9 გოლით ბომბარდირთა სიას დამაჯერებლად ლიდერობს.

მერანის აღმასვლა
...როცა ამა თუ იმ გუნდს ფავორიტთა შორის არავინ მოიაზრებს და ბევრად მოკრძალებულ ასპარეზობას უწინასწარმეტყველებენ, აი, სწორედ ამ გუნდის წარმატებული სერია ხდება ხოლმე ხშირად განსჯის საგანი. თანაც, ორი სამმატჩიანი წაუგებელი სერია, შესაძლოა, დროებით აღზევებად შეფასდეს, მაგრამ როცა გუნდი ექვსმატჩიან წაუგებელ სერიას "გამოაცხობს", ამ შემთხვევაში შემთხვევითობა უნდა გამოვრიცხოთ!

ხვდებით, ალბათ, რომ "მერანს" ვგულისხმობთ: მარტვილელთა გუნდმა ამ ბოლო ექვს შეხვედრაში 14 ქულა მოაგროვა და "ჩიხურასთან" ერთად მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს. ეგ კი არა, წინა სეზონის მიხედვით, პირველ ლიგაში დაქვეითებული (რეგლამენტის მიხედვით ასე უნდა მომხდარიყო) გუნდი დღესდღეობით მხოლოდ და მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება მეორე-მესამე ადგილზე მყოფ "დილასა" და "სამტრედიას"!

...გასულ ტურში "მერანმა" სეზონში პირველი საგარეო გამარჯვება მოიპოვა და ისე, როგორც წინა მატჩებში, ამჯერადაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. რაც მთავარია, ამ გუნდში ბევრი საინტერესო და პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელია (აკაკი შულაია, პაპუნა ფონიავა, ლაშა ჯღამაია), რომლებიც ერთიმეორეზე გამოცდილ თანაგუნდელებთან (ზურაბ მამალაძე, სერგო ორბელაძე, დავით ბოლქვაძე) ერთად "მერანის" ლიდერებად მიიჩნევიან.

მეოცე უცხოელი
ამ ტურამდე XXVI ჩემპიონატში ერთადერთი ლეგიონერი მწვრთნელი გვყავდა - "მერანის" უკრაინელი თავკაცი ვლადიმირ ლობასი. და აი, უცხოელ სპეციალისტთა რიცხვი კიდევ ერთით გაიზარდა: "შუქურას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო შეხვედრა (თანაც - წარმატებულად!) ჩაატარა ასევე უკრაინელმა კონსტანტინ ფროლოვმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, ფროლოვი მეოცე უცხოელი მწვრთნელია იოჰან ბოსკამპის, ვლადიმირ ზემლიანოის, ჯანი კარნევალეს, ჟოაო დე კამპუშის, ლუიშ ცაკარიასის, ივო შუშაკის, ალეკსანდრ შტელინის, რაინერ ცობელის, ანდრეი ჩერნიშოვის, ალექს გარსიას, ვლადიმირ კაშჩეის, ანატოლი პისკოვეცის, დუშან უჰრინის (უფროსის), დუშან უჰრინის (უმცროსის), ვალდას ივანაუსკასის, რომან პოკორას, ვლადიმირ ლობასის, ჟერარდ სარაგოსასა და რატკო დოსტანიჩის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ამ სიაში ყველაზე მეტი, შვიდი მწვრთნელი უკრაინიდანაა: ზემლიანოი, შტელინი, კაშჩეი, პისკოვეცი, პოკორა, ლობასი და ფროლოვი.

სიონმა მხოლოდ გორში უნდა ითამაშოს
ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა "სიონის" არასტაბილური და, რაც მთავარია, წარუმატებელი ასპარეზობა იყო: წინა სეზონის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს ამ ტურამდე ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა და ცხრილის ფსკერზეც აღმოჩნდა!

და აი, ნავსი გატყდა: ლადო ბურდულის გუნდმა ნანატრი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო მდგომარეობაც გაიუმჯობესა. ეს "საშინაო" მატჩი "სიონმა" გორში ჩაატარა, ისე, როგორც ამ ტურამდე მოგებული ბოლო შეხვედრა (21 სექტემბერს, "მეტალურგთან").

აქვე იმასაც დავძენთ, რომ ბოლო ტურში გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი "სიონის" ვეტერანმა ცენტრალურმა მცველმა, 35 წლის გივი კვარაცხელიამ გაიტანა, რომელმაც ამ ჩემპიონატში უკვე მესამედ გამოიჩინა თავი.

სხვადასხვა ფაქტი
უხელფასობით გატანჯულმა "მეტალურგმა" ჩემპიონატში პირველი საშინაო მატჩი წააგო და ასევე პირველად მოხდა, როცა რუსთაველთა გუნდი ზედიზერ ორჯერ დამარცხდა; ექვსი მატჩია, ვერ იმარჯვებს "ვიტ ჯორჯია" და ეს ახალგაზრდული გუნდიც ნელ-ნელა "ქვემოთ" ეშვება.

ასევე 6 შეხვედრაა ვერ იგებს "ტორპედო", ხოლო "ჩიხურა" კვლავაც რჩება ყველაზე "სახლის გუნდად": საჩხერელებს საკუთარ მოედანზე ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვთ.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ "დილასა" და "სამტრედიას" აღმასვლაც: უჩა სოსიაშვილის გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, ხოლო ზაზა ზამთარაძემ "სამტრედიის" თავკაცის რანგში პირველად გაიმარჯვა.

მეგოლეები და ყოჩაღი მეკარე
ამ ტურში რამდენიმე ფეხბურთელმა თავიანთ ახალ კლუბში პირველი გოლები გაიტანეს: 34 წლის დავით ბოლქვაძემ ("მერანი"), 29 წლის გიორგი სეთურიძემ ("დილა"), 24 წლის ლევან კაკუბავამ ("სამტრედია").

გასული ტურის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გოლი "მეტალურგის" 25 წლის უნივერსალმა ნახევარმცველმა (ამ რგოლში ყველა პოზიციაზე რომ შეუძლია ერთნაირი წარმატებით თამაში) გიორგი ქავთარაძემ გაიტანა.

აი, "შუქურას" მეკარემ, 26 წლის თეიმურაზ კაკალაძემ "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩში პენალტი მოიგერია და უდიდესი წვლილი შეიტანა თავისი გუნდის მონატრებულ გამარჯვებაში.

გასულ ტურში კიდევ ერთი დებიუტის მომსწრენი გავხდით: 22 წლის დიმიტრი პაჭკორიამ (ბათუმის "დინამო") საქართველოს ჩემპიონატში პირველი მატჩი ჩაატარა.

ბათუმელთა ახალი ისტორია
ამ ტურის წინათქმაშიც აღვნიშნეთ, რომ ეროვნული ჩემპიონატების საწყის წლებში თბილისისა და ბათუმის "დინამოს" დაპირისპირებები უშეღავათოდ მიმდინარეობდა. თუმცა, მერე და მერე, თბილისელები საკმაოდ იოლად ამარცხებდნენ ერთ დროს უხერხულ მეტოქედ შერაცხილ ბათუმის "დინამოს" და ურთიერშეხვედრებშიც სოლიდური უპირატესობა "მოუგროვდათ".

და აი, გასულ ტურში მართლაც განსაკუთრებული მოვლენა მოხდა: 23 წლის გელა გოგიტიძის ერთადერთი გოლის წყალობით ბათუმის "დინამომ" სტუმრად შეძლო თბილისის "დინამოს" დამარცხება!

აღსანიშნავია, რომ ბათუმელებმა ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის დამარცხება... 10-წლიანი პაუზის მერე მოახერხეს, სტუმრად კი, საერთოდაც, პირველად აჯობეს!

ისე, ალბათ, სიმბოლურიც არის, რომ ბათუმელთა ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გუნდის დღევანდელი თავკაცი შოთა ჭეიშვილია, რომლის ხელმძღვანელობითაც ბათუმის "დინამოს" და თბილისის "დინამოს" შორის საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ პირველ შეხვედრაშიც გამარჯვება ბათუმელებს დარჩათ. ეს ყველაფერი კი 1990 წლის გაზაფხულზე მოხდა...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური
დინამო (თბ)-დინამო (ბთ) 0:1 - როცა გამარჯვებულს მოგება უკვირს [VIDEO]
ზესტაფონი-სპარტაკი 3:0 - მარგველებმა საშინაო მოგებაც გაიხსენეს [VIDEO]
სიონი-ტორპედო 1:0 - სად მოიგებდნენ, თუ არა გორში?! [VIDEO]
კოლხეთი-დილა 0:1 - შინ არ წავაგებდითო [VIDEO]
შუქურა-ვიტ ჯორჯია 2:0 - სასჯელი შანსების განიავებისთვის
სამტრედია-გურია 3:1 - ნანატრი გამარჯვება ლამაზი ფეხბურთით
მეტალურგი-მერანი 1:2 - ვინ შეაჩერებს "მერანს"?
ჩიხურა-ზუგდიდი 1:0 - მყიფე გამარჯვება

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული