კლუბების დაფინანსებისა და ლიცენზირების პრობლემა: ...მაგრამ გამოსავალი ხომ არსებობს?

AutoSharing Option
"ლელოს" 13 იანვრის ნომერშიც ვწერდით - მუნიციპალურ კლუბებს ხშირ შემთხვევაში ექვსთვიან ან ერთწლიან ბიუჯეტს უმტკიცებენ, საკლუბო ლიცენზირება კი თვრამეტთვიან ფინანსურ გარანტიას ითხოვს (იხილეთ სტატია).

უეფას საკლუბო ლიცენზირების კრიტერიუმის არდაკმაყოფილება იმას ნიშნავს, რომ კლუბი ლიცენზირებას ვერ გაივლის და მერე ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა უნდა გადაწყვიტოს, დაუშვას თუ არა ასეთი კლუბი უმაღლეს ლიგაში.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაციის იურისტ კესო ჩხიკვაძეს შევეხმიანეთ. მან განგვიმარტა, რომ საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი იურიდიულად არის ნორმატიული აქტი, ფინანსურ გარანტიად კი ვერც საკრებულოს თავმჯდომარის წერილი ჩაითვლება და ვერც
- გამგებლის.

ფედერაციის იურისტს ისიც ვკითხეთ, იურიდიულად შესაძლებელია თუ არა, რომ საკრებულომ საფეხბურთო კლუბს დაუმტკიცოს პროგრამა და ამ პროგრამის მიხედვით მოხდეს ბიუჯეტის გამოყოფა კლუბისთვის, თუნდაც ეტაპობრივად და ასეთი პროგრამა ჩაითვლება თუ არა ფინანსურ გარანტად?

პასუხად მივიღეთ, რომ საკრებულოს მიერ ასეთი პროგრამის დამტკიცება იურიდიულად სავსებით შესაძლებელია; ფინანსურ გარანტად ასეთი პროგრამის წარდგენაც იურიდიულად დასაშვებია, ისევე, როგორც სპონსორული ხელშეკრულების წარმოდგენა.

ერთი სიტყვით, გამოსავალი არსებობს - საკრებულომ კლუბის განვითარების პროგრამა უნდა დაამტკიცოს, რითიც კლუბს შედარებით გრძელვადიანი პროექტების განხორციელების საშუალება ექნება და საკლუბო ლიცენზირებასაც უპრობლემოდ გაივლის. საკითხავი ისღა რჩება - რატომ არ აძლევს ხელს საკრებულოს პროგრამის დამტკიცება და ამის მიხედვით კლუბის დაფინანსება?

ახლახან გორის "დილას" დაუმტკიცეს ის ბიუჯეტი, რითიც გუნდმა მიმდინარე სეზონის მეორე ეტაპზე უნდა იარსებოს, მაგრამ როგორ წარადგენს "დილა" 18-თვიან ფინანსურ გარანტიას ფეხბურთის ფედერაციაში?

ჯერ კიდევ მაშინ, როცა ფეხბურთის ფედერაციას სხვა ხელმძღვანელობა ჰყავდა, ეგრეთ წოდებულ, საბიუჯეტო კლუბებს გამგებლის წერილი მიჰქონდათ, ვითომდა, ფინანსურ გარანტად. ფედერაცია ლოიალურად ეკიდებოდა ამ ყველაფერს, თუმცა ამით დათვურ სამსახურს უწევდა კლუბებს. ასეთი პრაქტიკის გაგრძელება კარგს ნამდვილად არაფერს მოუტანს ჩვენს საკლუბო ფეხბურთს.

საკლუბო ლიცენზირება, ფაქტობრივად, აიძულებს მუნიციპალიტეტებს, რომ კლუბს პროგრამა დაუმტკიცონ. ცხადია, პროგრამა 6-თვიანი ვერ იქნება, ნონსენსი, უბრალოდ, ვერ მოხდება და თუ კლუბს მინიმუმ 18-თვიან პროგრამას დაუფინანსებენ, ეს ყველასათვის ხელსაყრელი იქნება.

ვნახოთ, იქნებ ზოგიერთმა მუნიციპალიტეტმა ეფექტურად, პროგრამის მიხედვით იზრუნოს რეგიონში ფეხბურთის განვითარებისთვის. იურიდიულად ირკვევა, რომ ამის განხორციელება სავსებით შესაძლებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დათო, რატომ არ აკეთებს ჟურნალისთა ასოციაცია ფეხბურთზე თავის აზზრს, მარტო თქვენი და მსოფლიოს სპორტის გვერდებზე ვკითხულობთ ქართული ფეხბურთის ავკარგიანობას, ბატონ გია გორგოძეს თხოვეთ მეტი აქტივობა და თქვენი და თქვენი კოლეგების მეტი დამსახურებაა საჭირო.
puma
18:24 14-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული