ბოლო წლების საუკეთესო ქართველი მეკარე - გიორგი ლორიას 150-ე!

AutoSharing Option
შაბათს, 26 ოქტომბერს ჩვენი ჩემპიონატის გამორჩეული მატჩი გველოდება: გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი თბილისის "დინამო" უახლოეს მდევარს და საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდება.

რიგით 56-ე "ქართული კლასიკო" სხვა რამითაც უნდა იყოს გამორჩეული: ბოლო წლების საუკეთესო ქართველი მეკარე გიორგი ლორია თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონატში საიუბილეო, 150-ე შეხვედრას ჩაატარებს!

...მეხუთე სეზონია, გიორგი ლორია თბილისის "დინამოს" შეუცვლელი მეკარე და საერთოდ, ერთ-ერთი ლიდერია; არც ის დაგვავიწყდეს, რომ, როგორც ორი დღის წინათ "ლელო" წერდა, საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები სწორედ
გიორგი ლორია და მისი თანაგუნდელი, გიორგი მერებაშვილი არიან - ორივეს სატრანსფერო ღირებულება მილიონ ევროს შეადგენს!

გიორგი ლორია დღესდღეობით 27 წლის გახლავთ, ეს კი მეკარისათვის მართლაც იდეალური ასაკია და იმაშიც ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ჩინებული ფიზიკური მონაცემების მქონე მეკარეს წინ არაერთი გამორჩეული სეზონი ელოდება საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე.

Sportall.Geჰო, ნაკრებზე ხომ არაფერი გვითქვამს: ჩვენს უპირველეს გუნდში დებიუტი კი 2008 წელს ჰქონდა, თუმცა ძირითადი მეკარის "სტატუსი" 2010 წლიდან ერგო, როცა საქართველოს ნაკრები თემურ ქეცბაიამ ჩაიბარა.

...თითქმის ორი მეტრის სიმაღლის პერსპექტიული მეკარე დიდხანს ელოდა თავის შანსს: ხუთი სეზონის განმავლობაში "დინამო 2"-ში თამაშობდა და რაც შეეხება ძირითად გუნდს, იქ ეპიზოდურად უწევდა ასპარეზობა.

ირაკლი ზოიძე, ზურაბ მამალაძე, ზვიად სტურუა, კუნეგატო, სოსო გრიშიკაშვილი და ბოლოს, დიდიე ოვონო - 2004-დან 2009 წლამდე სწორედ ესენი მიიჩნეოდნენ თბილისის "დინამოს" ძირითად მეკარეებად და ამ პერიოდში ლორიას ეპიზოდურად თუ უწევდა ხოლმე მოედანზე გამოჩენა.

სხვათა შორის, ლორიას შესაშურ ფიზიკურ მონაცემებს საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებიც "ვერ ამჩნევდნენ" - საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებში, თუ არ ვცდებით, არც ერთხელ უთამაშია!

ეგ კი არა, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ორადორი მატჩი აქვს ჩატარებული: 2006 წლის გაზაფხულზე რალფ მინგე ენდო ალბანელი ახალგაზრდების წინააღმდეგ და ერთი წლის შემდეგ პეტარ შეგრტმა ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩში ძირითადში დააყენა.

ეს არის და ეს, თუმცა ახალგაზრდა მეკარე შანსს მოთმინებით ელოდა "დინამო 2"-ში დაუღალავი ვარჯიშით...

სხვათა შორის, 2005-06 წლებში კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამო 2" ერთობ საინტერესო გუნდი იყო და გიორგი ლორიას გარდა, ბევრი ისეთი ფეხბურთელიც თამაშობდა, შემდგომში "დინამოსა" თუ სხვა კლუბებში რომ დაიმკვიდრა ადგილი: გურამ კაშია, მათე ვაწაძე, სანდრო კობახიძე, გიორგი მერებაშვილი, ლადო დვალიშვილი, შოთა გრიგალაშვილი, უჩა ლობჟანიძე, ბაჩანა ცხადაძე, გიორგი ნავალოვსკი, ირაკლი ჩირიკაშვილი, დავით თარგამაძე, გულვერდ თომაშვილი და სხვები.

2006 წლის ზაფხულში კი კახა კაჭარავა თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და იმ დროისათვის 20 წლის გიორგი ლორიაც მთავარი გუნდის ძირითად მეკარედ დააწინაურა, თუმცა მერე "დინამოში" სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა და კაჭარავას ნაცვლად მოსულმა დუშან უჰრინმა (უფროსმა) ძირითად მეკარედ გამოცდილი სოსო გრიშიკაშვილი დააყენა.

სიტუაცია არც მომდევნო ორ სეზონში შეცვლილა. მით უფრო, რომ "დინამოში" დიდიე ოვონო ჩაირიცხა და უფროსი-უჰრინიც და მისი შემცვლელი, გერმანელი სპეციალისტი რაინერ ცობელიც უპირატესობას გაბონის ნაკრების მეკარეს ანიჭებდნენ.

თუმცა 2008-09 წლების სეზონის მიწურული ლორიას კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა: "დინამოს" მთავარ მწვრთნელად მობრუნებულმა კახა კაჭარავამ ჩემპიონატის დასკვნით ორ მატჩშიც ლორიას ანდო ძირითადში ადგილი და, რაც მთავარია, რუსთავის "ოლიმპთან" ფინალურ მატჩშიც! ჰოდა, ლორიამაც ეს ნდობა სრულიად გაამართლა და თავისი პირველი ტიტულის მოგების შემდეგ (2009 წლის 30 მაისი) უკვე ოთხწელიწად-ნახევარია, "დინამოს" შეუცვლელი ფეხბურთელია!

...2008 წლის 27 მაისს გიორგი ლორიამ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში: ნაკრების დროებითმა თავკაცმა პეტარ შეგრტმა ესტონელების წინააღმდეგ ანდო კარში ადგილი. ამას ოთხ დღეში პორტუგალიის წინააღმდეგ კვლავაც ძირითადში თამაში მოჰყვა, მალე კი ჩვენს ნაკრებს ახალი მწვრთნელი დაუნიშნეს - ექტორ კუპერი და ცნობილმა არგენტინელმა სპეციალისტმაც არჩევანი სწორედ ლორიაზე შეაჩერა.

კუპერის ხელმძღვანელობით, ლორიამ ამხანაგური მატჩი ჩაატარა უელსთან, შემდეგ კი ოთხდღიან ინტერვალში, ჩვენმა ნაკრებმა ორი ოფიციალური შეხვედრა რომ წააგო ირლანდიასა (1:2) და იტალიასთან (0:2), ბევრის აზრით, ამის უმთავრესი მიზეზი... ლორიას შეცდომები იყო. არადა, ლორიას იმ დროისათვის კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა (2008 წლის ზაფხულში, ევროტურნირებზე "დინამოს" კარს დიდიე ოვონო იცავდა) და ნაკრების ოფიციალურ მატჩებში, შესაძლოა, ამიტომაც აკლდა დამაჯერებლობა.

თუმცა ლორიამ 2008-09 წლების სეზონის ბოლოს ჯერ "დინამოში" შეძლო ძირითადი მეკარის "სტატუსის" დაბრუნება, ხოლო 2010 წლის ზაფხულიდან საქართველოს ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი. უფრო ზუსტად, არანაკლებ ნიჭიერ კოლეგასთან, ნუკრი რევიშვილთან ჯანსაღი კონკურენციის პირობებში საქართველოს ნაკრებს "მეკარის პრობლემა" გადაუჭრა!

ლორიას რამდენიმე გამორჩეული სანაკრებო მატჩი ჩაუტარებია: სტუმრად სლოვენიასთან რომ მოვიგეთ თუ ასევე სტუმრად ხორვატიასთან (დამარცხების მიუხედავად)...

ყველა დაგვეთანხმება, რომ ლორიას ბენეფისი შარშან, 11 სექტემბერს შედგა, როცა თბილისში პლანეტის უძლიერეს გუნდს, ესპანეთის ნაკრებს ვუმასპინძლეთ. 73-ე წუთამდე (ვიდრე ტრავმას მიიღებდა) ლორიას თამაშს მხოლოდ და მხოლოდ შთამბეჭდავი ეთქმოდა და გადაჭედილი "დინამო არენის" ტრიბუნებიც მის გვარს სკანდირებდნენ!

ჰო, იმ საღამოს ლორიამ ყველა "ასაღები თუ აუღებელი" ბურთი მოიგერია, მაგრამ ტრავმის გამო თავის კარიერაში უმნიშვნელოვანესი მატჩის ჩატარება არ დასცალდა...

ესპანელებთან შეხვედრამ ლორიას ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, უფრო ზუსტად, მისი პოპულარობის "ინდექსი" მართლაც "არანორმალურად" გაიზარდა: არასპორტულ გამოცემებში ხშირი ინტერვიუები, სატელევიზიო გასართობ თოქ-შოუებში მონაწილეობა, კინოში როლის შესრულება და ასე შემდეგ.

ბევრის აზრით, სწორედ ასეთი "ზედმეტი ყურადღების" ქვეშ ყოფნის გამოც იყო, რომ ტრავმამოშუშებული ლორიას თამაშში ძველებური დამაჯერებლობა აღარ ჩანდა; თუმცა გიორგი ლორიამ ყველა სკეპტიკოსს საკუთარი თამაშით გასცა პასუხი და ამის ნათელ მაგალითად წლეულს, 27 აპრილს გამართული საჩემპიონო მატჩიც გამოდგება: გორში, "დილასთან" შეხვედრაში გიორგი ლორიამ ნათან ჟუნიორსა და ირაკლი მოდებაძეს ისეთი ბურთები აუღო, მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი კლასის მეკარეებს რომ ხელეწიფებათ.

საერთოდაც, ლორიამ ჩინებულად ჩაატარა წინა სეზონის დასკვნითი ნაწილი - გადამწყვეტ, მეორე ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ორი გოლი გაუშვა და ლომის წილი შეიტანა "დინამოს" ჩემპიონობასა თუ თასის აღებაში! თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ლორია იმ დროისათვის "დინამოს" კაპიტანიც გახლდათ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
whoscored.com: საუკეთესონი გიორგი ლორია და ფრანკ რიბერი იყვნენ
რა შეემთხვა გიორგი ლორიას კიევში? თემურ ქეცბაია გადარეულია... [VIDEO]
საფრანგეთში გიორგი ლორიას ფან-კლუბი ყოფილა?!
გიორგი ლორია: ეს იყო ნამდვილი კატასტროფა!
გიორგი ლორია: "ცხოვრებაში პირველად ვიტირე..."
გიორგი ლორია: სპორტული თავხედობა მოთამაშეს ჰაერივით სჭირდება
გიორგი ლორია: ძალიან დამწყდა გული, თამაშის გაგრძელება რომ ვეღარ შევძელი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნუ აბოლებთ ხალხს რევიშვილი სჯობს ამდენი ბურთი არ გაუშვია ერთ მატჩში ისე კი ორივეს სერგო კოტრიკაძე და ანზორ კავაზაშვილი ათიათასჯერ სჯობდენ,არ ჰყავს საქართველოს ამჟამად საიმედო,ეროვნულად საამაყო კიფერი უვარგისი ფედერაციის მყოლე ქვეყანას.,
Shoshkichi-
18:56 25-10-2013
0

სიახლეები პოპულარული